Wednesday, March 8, 2017

სიტყვები (ციკლიდან „სახურავზე ცხოვრების თავისებურებანი")



მარტის თბილი საღამო  მონატრებული გარემოთი დავაგვირგვინე. ერთი ბოთლი ჰერენჰოფერით ხელში გადავჯექი სახურავზე და ღამის სილურჯეში ჩაძირულ ხის კენწეროებს, სინათლეებაკაშკაშებულ კორპუსებსა და ტრასაზე მოციმციმე მანქანების უწყვეტ ჯაჭვს დავუწყე ცქერა. აქ ყველაფერი თითეული მიკროსამყაროა, რომელიც ღამის დუმილში თავის პატარა, განსაკუთრებულ ისტორიას მიყვება. ყველას თავისი ცხოვრება, დრო და ვადა აქვს. ზოგი მრავალჯერადია, ზოგიც ერთჯერადი. ამ კორპუსებს მიღმა, თითოეულ ბინაში რამდენიმე მიკროსამყარო ცხოვრობს, რომელთაც საკუთარი და ერთმანეთზე გადაჯაჭვული ისტორიები გააჩნიათ.

   ამ ხეებსაც თავისი ისტორია აქვთ, ოდესღაც ისინი დარგეს, იზრდებოდნენ, რამდენიმე თაობას მოესწრნენ და უამრავი რამ უნახავთ. აი, მეც ვზივარ 60-იანებში აშენებული `ხრუშჩოვკის” სახურავზე, იმ ბინის ფანჯარაში, რომელშიც ჯერ არავის უცხოვრია, რადგანაც ამ სახლის თავზე სულ რაღაც ერთი წლის წინ დაშენდა.  ახლა კი, მასში სამი თაობა ვცხოვრობთ და ეს კედლები ჩვენი ისტორიებით იჟღინთება. იჟღინთება ეს ჰაერიც, რადგანაც ჩვენ მას ვსუნთქავთ და უამრავ აზრსა და ფრაზას ვუშვებთ მასში.
 
    ზოგჯერ მგონია, რომ არათუ ნათქვამი, არამედ უთქმელი არცერთი აზრიც კი არ იკარგება, ჰაერში გამოიტყორცნება, სხვა მოლივლივე აზრებში ირევა და დამოუკიდებელ სიცოცხლეს აგრძელებს. იქნებ, ამიტომაც ებადებათ ხოლმე უცხო ადამიანებს ერთნაირი აზრები, რადგანაც ისინი ოდესღაც უკვე მოუვიდა ვიღაცას თავში და არ დაკარგულა, სანამ სხვამაც არ გაიფიქრა, ან - გაახმოვანა. ისიც მგონია, რომ მარტო აზრები კი არა, სიზმრებიც არსად იკარგება. ისინიც ჰაერში რჩება და ასე სიტყვებით,სიზმრებითა და ოცნებებით სავსე ჰაერი ასაზრდოებს მილიონობით უცნობ, თუ ნაცნობ ადამიანებს და მათ ისტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს.
 
   სიტყვები... ყველაზე იდუმალი და რთული წარმოშობის მიკროსამყაროებია. მათ სტრუქტურასა, თუ სახვადასხვა ენაზე ეტიმოლოგიურ წარმოშობასაც რომ თავი დავანებოთ, როგორ და რა შეგრძნებების საფუძველზეც იბადებიან, როგორ ფორმირდებიან და გამოითქმიან, მთელი მისტერიაა. ანდა, როგორი დამოკიდებულები ვართ მათზე! განსაკუთრებით მეცოდებიან (დიახ, მეცოდებიან) ის ადამიანები, რომელთაც ნარკოტიკული დამოკიდებულება გააჩნიათ მათ მიმართ და ესინი არიან მწერლები და პოეტები.

   დიახ - ადამიანები, რომელთაც შეიძლება სიტყვათა მონებიც გვეწოდოს და მბრძანებლებიც, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მონები გამოვდივართ, რადგანაც მათ გარეშე უბრალოდ ვიტანჯებით.
 
   სიტყვები თავისით მოდიან, გვთხოვენ, მათზე ვიფიქროთ და თუ არ დავემორჩილებით, შიგნიდან გვღრღნიან, გვჭამენ და გვაწამებენ. თუ მათგან ვერ გავთავისუფლდებით, თუ არ შევასრულებთ მათ ნებას- ვიგრძნოთ ისინი და გამოვხატოთ, შეიძლება უბრალოდ ერთ დღეს თვითმკვლელობამდე მიგვიყვანონ.
 
   და მიუყვანიათ კიდეც, განსაკუთრებით, ისეთი დიდი მწერლები, რომელთაც მეფეებად ვთვლით- აკუტაგავა, ჰემინგუეი, სილვია პლათი, ჯეკ ლონდონი...ისინი ყველანი სიტყვის ნარკომანები იყვნენ. მათ უბრალოდ ვერ გაუძლეს. ზოგმა - უთქმელ სიტყვებს, ზოგმა კი - მათ ვერგამოხატვას. ისინი სიტყვებისადმი ყველაზე მგრძნობიარენი და უძლურნი, ან ზედმეტად ძლიერნი აღმოჩნდნენ.

   მე არ ვიცი, თვითმკვლელობა სისუსტეა, თუ არნახული გაბედულება, მაგრამ ვიცი, რომ სიტყვებს შეუძლიათ  იმად გაქციონ, რაც არასოდეს ყოფილხარ, ან ყოველთვის იყავი და არ იცოდი.

   სიტყვები... მათზე დამოკიდებულება ალბათ ყველას აქვს, მაგრამ წამლისებური დამოკიდებულება მხოლოდ არანორმალურებს უჩნდებათ. მწერლები და პოეტები არანორმალური ადმაიანები არიან. ნორმალური არ გაცვლის ცხოვრებისეულ სიხარულებს და კეთილდღეობას სიტყვებით მიღებულ კმაყოფილებასა და იმ წვაზე, რასაც ხშირად ოჯახური ბედნიერებაც ეწირება. ამას დოსტოევსკიზე უკეთ ვერ ვიტყვი-` ნორმალური ადამიანის უკიდურესი ბოღმამორევით მშურს, მაგრამ მის ადგილას ყოფნა არ მინდა.”

რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც განიცადა სიტყვებით მიღებული კმაყოფილება, მასზე უარს ვეღარ ამბობს. ზოგჯერ ერთი ფრაზით, ერთი სიტყვით ისე შორს აღმოჩნდება ავტორი,  ვერასოდეს რომ ვერ წარმოედგინა და სწორედ ეს რაღაცნაირი, გამოუთქმელი შეგრძნებაა უხეშად რომ ვთქვა ის `კაიფი”, რაც კალამს ხელიდან ვეღარ გაგდებინებს. ალბათ აბდაუბდასავით ჟღერს, მაგრამ მწერლობაც სწორედ ასეთი არალოგიკური ასიმეტრიაა, თითქოს არსაიდან მოსული სიტყვებია, რომლებიც შენ არ გიძებნია. მათ თვითონ გამოიკვლიეს შენამდე გზა, თვითონ გიპოვნეს და გათქმევინეს ის, რაც შენ თვითონაც საგონებელში გაგდებს.

   "მწერლები სასოწარკვეთილი ადამიანები არიან. როდესაც მათ გაუჩნდებათ იმედი, ისინი წყვეტენ წერას”-შეუძლებელია ჩარლზ ბუკოვსკის ამ სიტყვებს გვერდი აუარო. მე პირადად თითქმის არ მახსოვს ის შემთხვევა, როცა დიდ სიხარულს ჩემში შთაგონება გამოეწვია...არა, ვიტყუები. სიხარულს შეუძლია სიტყვების მატერიალიზირება, თუ მას მოლოდინიც ახლავს. ანუ – იმედი. ამიტომაც ბუკოვსკის სიტყვების ფორმირებას ასე მოვახდენდი – როცა მათ გაუმართლდებათ იმედი, ისინი წყვეტენ წერას.

   ასე, რომ თითქოს ყველა მწერალი წყეულია, რომ იცხოვროს უკუღმართი ცხოვრებით – უბედურებით იყოს ნაყოფიერი და ბედნიერებით-ცარიელი. ამიტომაც შურს მას ჩვეულებრივი ადამიანის ბედის, მაგრამ მის ადგილას ყოფნა მაინც არ უნდა, რადგანაც გულის სიღრმეში მან ყველაზე უკეთ იცის, რომ ასეთი ვერასოდეს გახდება.

03/03/17

Thursday, January 26, 2017

დამასტე


(მოთხრობა შესულია კრებულში "ინსომნია2015")

ცხელი, ცხელი ზაფხულის გავარვარებული ღამე იყო, როცა პირველად ვუღალატე ჩემს ჩვევას და დილის მაგიერ, შუაღამით, მაშინ, როცა ირგვლივ ყველა სულიერი სიზმრის ბურუსში იყო გახვეული, სამყაროს საცქერლად სახლიდან გავედი.

იმ დღეს ჭრიჭინობელებმაც კი უღალატეს საკუთარ ჩვევას და დილიდანვე ამღერდნენ.


კარის ზღურბლის გადაბიჯებისთანავე მოვიხსენი თვალებზე აკრული მამიდასეული ხილაბანდი, რომელსაც სამი დღის მანძილზე ვატარებდი. პირველი, რაც შევიგრძენი, სრული სიჩუმე იყო. ისეთი სიჩუმე, პირველი თოვლის მოსვლისას რომ იცის. ისეთი სიჩუმე, როგორიც მხოლოდ მთამ იცის. ისეთი სიჩუმე, როგორიც მხოლოდ ადამიანის ფეხდაუდგმელმა, საკრალურმა ბილიკებმა და სალოცავებმა იციან.

არც ღობის მიღმა მოთქრიალე მდინარის ხმა, არც ჭრიჭინობელების სიმღერა, არსაიდან არავითარი ჩქამი არ ისმოდა. სამყარო განაბული და დამუნჯებული იყო, რომ ბოლომდე მოეცა ჩემთვის ამ წუთების შეგრძნება.

და ყველაფერი ცისფერი იყო … სიბნელეში ჩაძირული ხეებიც, ცაც, ჰაერიც კი.

“სამყაროს აღსასრულიც დამდგარა-თქო“-, გავიფიქრე და გული დამწყდა, რომ ამას მოვესწარი.

. . .


- მორჩი! მეტი აღარ შემიძლია, ეს რა ქაჯობის ხასიათზე ხარ!
- ჩაცეცხლე, ჩაცეცხლე … და ენა დაიმოკლე. გრძელი გზა გვაქვს წინ და საწვავი გჭირდება"-, პირში ძალით მასხამს მამიდა ცეცხლივით არაყს და მეორე ხელით მხრებზე თბილ ქურთუკს იცმევს.
- რა გრძელი გზა... ერთი საათია რაც ჩამოვედი. თქვენთან სტუმრებს ასე მალე აპანღურებენ კარში?

ცალი წარბი ამიწია, ზუსტად ისეთი ღიმილით, როგორიც მხოლოდ მან იცოდა. ერთდროულად “როგორ მომენატრე მამაძაღლო“-სა და “ყოფას გიტირებ”-საც რომ ნიშნავდა. ამდენი წლის შემდეგ მამიდასთან მშობლიურ სოფელში ჩასულმა ვერც კი გავიგე ასე უცებ როგორ ჩამაყარა ხახაში ცხელ-ცხელი, სახელდახელოდ მოდურებული ხაჭოერბო, ჩამასხა ღმერთმა უწყის რამდენი ჭიქა არაყი და ახლა ასე საშვილიშვილოდ გამოპრუტუნებულს სად და რატომ მიმათრევდა.

- მამიდა, ღამეა, - კიდევ ერთხელ ვცადე წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ქეჩოში წამავლო თავისი გაჩხიკული, თეთრი, ძვლებამოჩრილი ხელი და კარისაკენ მიბიძგა. წავბარბაცდი და ბეტონის კედელს მივეხუტე. საგნები ერთმანეთში იზილებოდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ერთ საგანზე ვცადე მხედველობის ფოკუსირება და სარკმლის რაფაზე საკმაოდ დიდხანს ვუცქირე ვარსკვლავისებრი ობობისა და ტარაკნის ორთაბრძოლას. არ ვიცი, რომელი მათგანის გამარჯვებით დამთავრდა, რადგან ისევ მწვდა კისერთან საყელოში წვრილი თითები და პირდაპირ ტერასაზე ამომაყოფინა თავი. სუფთა ჰაერის ნაცვლად მაშინვე თამბაქოს კვამლმა დამიწვა სუნთქვა.
- ჩქარა, ჩქარა, მთვარის ამოსვლამდე უნდა მოვასწროთ!-, ყურთან წამისისინა ისეთი მტკიცე ხმით, რომელსაც ბავშვობიდან ვიცოდი, რომ არ უნდა შევწინააღმდეგებოდი. ჰოდა, მეც უკანასკნელი ძალა დავატანე მუხლებს და მთვარეულივით ჩავუყევი კიბეებს. მალე ფეხქვეშ ღორღი შევიგრძენი და მივხვდი, რომ უკვე ეზოს გავცდით და ნაკვეთებისკენ, შარაგზაზე მივაბიჯებდით.
- სად მივდივართ, იმას მაინც არ მეტყვი ქალო-, ამოვილუღლუღე. პასუხად მარტო ჭრიჭინების ზუზუნი და უკან დარჩენილი რომელიღაც სახლის ეზოდან ძაღლის ყეფა მოისმა. თვალები ფართოდ რომ გავახილე წინ მხოლოდ მამიდას შავი სილუეტი და მის ხელში ანთებული ციცინათელა დავინახე. დროდადრო ციცინათელას წოვდა, რომ უფრო აგიზგიზებულიყო და კარგად გაენათებინა ჩვენთვის გზა. მაჯაზე კვლავ მის ჩონჩხისებურ თითებს შევიგრძნობდი.

მგონი მთელი ღამე ვიარეთ.

როცა მთვარე და მისი სილუეტი ერთმანეთს გაუსწორდნენ, მხოლოდ მაშინ შევჩერდით.

სულს ძლივს ვითქვამდი, გულის ბაგაბუგს ყელში ვგრძნობდი ამოფრქვეულ არყის გემოსთან ერთად. გულიც მერეოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ბალახზე ჩამოჯდომა ვცადე, უკანასკნელმა საღმა აზრმა მითხრა, რომ სიგრილე ცოტა გონს მომიყვანდა, მაგრამ უცებ გველნაკბენივით უკან დავიხიე და თავიც ვეღარ შევიმაგრე. წვივებით დავეცი მიწაზე და თვალი ვეღარ მოვწყვიტე მამიდას ჩრდილს, რომელიც ჩემგან მოშორებით, გორის თავზე შემდგარიყო და მთლიანად ღრუბლებში გახვეულიყო. მის ზურგსუკან ცა ჭექდა, ჩემს თავზე კი სილურჯეში ჩაჭედილი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ. მამიდას ციცინათელები…
-დედაშენს შევპირდი, რომ არ დაგიგვიანებდი… ახვარი ბავშვი ხარ, პირობა გამატეხინე, ამდენ ხანს არ ამოხვედი!-, გადმომძახა სასხვათაშორისოდ, ჩემკენ მოისროლა ჩამქრალი ციცინათელა და გრძელი საჩვენებელი თითით მანიშნა მასთან მივსულიყავი.

დამბურძგლა, მაგრამ ურჩობა არც მიფიქრია. ძლივს ავფორთხდი, მუხლიც როგორც იქნა გავმართე. ახლოს რომ მივედი, სიბნელეში გავარჩიე მისი თვალები, ციცინათელებზე უფო მანათობელი, ცისფერ შუქიანი თვალები, რომლებიც არ ვიცი მთვრალს მომეჩვენა თუ არა, მაგრამ აშკარა სიბრალულით მიცქერდნენ.

თავშალი მოიძრო და მიწაზე გამიფინა, მერე პატარა ბავშვივით დამსვა, თავისი ქურთუკი გაიძრო, მომახურა და უცერემონიოდ დაეშვა გორიდან.

- აქ მტოვებ ქალო, სულ გააფრინე?-, ენა დამება აღშფოთებისგან, მაგრამ თვალების ბრიალით მანიშნა "მანდ დარჩიო" და მეც გამოვუტყდი თავს, რომ პროტესტის კი არა, განძრევის თავიც აღარ მქონდა. გულგახეთქილი ვუცქერდი, როგორ უჩინარდებოდა სიბნელეში მისი გამხდარი სილუეტი და უკვე შორიდან მისწვდა ჩემს სმენას მისი მტკიცე ხმა:
"დედაშენს შევპირდი!"

მოწყვეტით ჩავემხე ბალახებში და მკვდარივით ჩამეძინა. ჩემგან რამდენიმე ნაბიჯზე კოკისპირულად წვიმდა.

. . .

დედა არ მახსოვდა. არ ვიცი როგორ და რატომ გარდაიცვალა, მამას მასზე არასოდეს უსაუბრია. მისი სახელის ხსენება თითქოს აკრძალული იყო, ტაბუ ედო. სიმართლე ვთქვა, მუდმივ მივლინებებში ჩაკარგულ მამას ისე იშვიათად ვხედავდი, მშობლის აღქმასაც ვერ ვასწრებდი. ბავშვობა მამიდასთან გავატარე, სოფელში.არავის ვგონებივართ დედა-შვილი, მე ნახშირივით შავი, შავთვალა ვიყავი, ი ს კი დედაჩემივით თეთრი და ცისთვალა. ხასიათითაც არაფერი გვიგავდა ერთმანეთს და მაინც, ამქვეყნად ყველაზე უკეთ მას ესმოდა ჩემი. ყოველთვის ესმოდა ჩემი. ბავშვობაში ზოგჯერ მეგონა რომ ჩემი აზრების კითხვაც კი შეეძლო და როცა რაღაც დანაშაულს ჩავიდენდი, ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა. ის მაინც ხვდებოდა

როგორი მახსოვს მამიდა... არანორმალური, ე.წ “მამალი ქალი” იყო. ასეთს სხვას არავის შევხვედრივრ. სოფლელებს უყვარდათ, მაგრამ ერიდებოდნენ და ეშინოდათ მისი. ზედმეტად პირდაპირი, უკმეხი და თავისი სიტყვის უკიდურესად გამტანი იყო. ზუსტად იცოდა, ვისთვის რა უნდა ეთქვა, რომ გაეჩუმებინა. ოჯახი არ შეუქმნია. ზოგჯერ მგონია რომ არც უფიქრია ამაზე. ის და დედაჩემი საუკეთესო მეგობრები იყვენენ, ერთად ატრიალებდნენ თეფშებს, ერთად იხედებოდნენ ყავის ნალექში და ათასგვარ მკითხავებთან თუ მჩხიბავებთან დადიოდნენ. დედა საშინლად ცნობისმოყვარე ყოფილა, უნდოდა წინასწარ სცოდნოდა თავისი მომავალი, ეყოლებოდა თუ არა ბიჭი. ამბობდნენ, რომ მამიდაჩემი ჩემს მშობლებს მას შემდეგ დაემდურა, რაც გაიგო, რომ დედამ რამდენიმე აბორტი გაიკეთა, ისე არ უნდოდათ მათ გოგოს გაჩენა. ბედმა მაინც ისე ისურვა, რომ არა და არ ეყოლათ ბიჭი და ასე გამაჩინა ბოლოს ისევ გოგო-მე, ჩემს მშობიარობას კი თან გადაჰყვა.

მამიდამ მაშინვე ყველაფერი მიატოვა და სოფელში გადასახლდა. ჩემი აღზრდაც მან ითავა და როცა სკოლის ასაკი მომივიდა და მამაჩემმა ჩემი თბილისში წაყვანა გადაწყვიტა, სწორედ მაშინ მოსვლიათ საბოლოო კონფლიქტი. ისეთი საშინელი კონფლიქტი, რის შედეგადაც მამიდას საერთოდ შეუწყვეტია მასთან კონტაქტი.

არ უნდოდა მამიდას ჩემი გაშვება.

აღარც მე ჩამოვსულვარ წლების განმავლობაში.

იმ ღამეს კი, ჯგუფელებთან ერთად ექსკურსიიდან დაბრუნებისას გზად ჩემს სოფელზე გავიარეთ. ნაცნობი ადგილების დანახვისას უცებ შემომიღიტინა სულში ბავშვობამ, უცებვე გავაჩერებინე ავტობუსი და მამიდასაც მოჩვენებასავით გამოვეცხადე.

კინაღამ ჭკუიდან შეიშალა სიხარულით...

უცნაური სიხარული და სიყვარული იცოდა...

უცნაურადაც გამოხატავდა...

და ასევე უცნაურად აღმოვჩნდით იმ ღამით სოფლის განაპირა გორაკზე.

არ გამკვირვებია... მხოლოდ ახსნას ველოდი.

. . .

იმ ღამით ციცინათელები მესიზმრა. მერე მახსოვს, სიზმარში ავდექი და ბოლომდე ავუყევი აღმართს. იქ სიპებისგან გაკეთებული ნიში დამხვდა.

. . .

პირველი, რაც გამოღვიძებულმა შევიგრძენი, ტუჩებზე შერჩენილი სველი ბალახის გემო იყო. რა გასაკვირია, მთელი ღამე პირქვეჩამხობილი ვეგდე.

იდაყვებზე წამოვიწიე თუ არა, დამაცემინა.

- ფუ რა ასფალტის ბავშვი ხარ -, მომესმა ზურგსუკან.

მივბრუნდი გაბრაზებული და მის გულგრილ მზერას წავაწყდი. სახეზე ეწერა, რომ ჩემი საშველი არაფერი იყო.

- აღარ არის დრო ამიხსნა? -, ახლადამოწვერილ მზეს შევხედე და სველი ქურთუკი გავიძრე.
- მე დედაშენს შევპირდი -, იყო უცვლელი პასუხი და მეტი აღაც მიკითხავს, პირდაპირ წამოვჯექი და გორის აღმართს ავუყევი.

კისრისტეხით გამომეკიდა და შეშლილი სახით გამაჩერა.

თვალებში ჩავხედე და შევანიშნე ჩემს უკან არსებული ნიშის ანარეკლი.

მაშინვე ყველფერს მივხვდი.

მამიდაც მიხვდა, რომ მივხვდი და ისევ ცისფერი სიბრალულით დამიწყო ცქერა.

მამიდა ბავშვობაში ხშირად მიყვებოდა ერთ ზღაპარს, თუ ლეგენდას ჩვენს სოფელზე, სოფლის სალოცავზე და სალოცავთან დაკავშირებულ საიდუმლო ტრადიციაზე.

ჩვენს ქალებს ფარული ჩვეულება ჰქონიათ. ყოველი გოგონა, რომელიც 15წლის გახდებოდა, ღამიტ, სოფლის ბოლოში, გორაკზე მდებარე სალოცავთან აჰყავდათ და ღამით სულ მარტოს ტოვებდნენ. ამბობდნენ, რომ იმ გორაკის მეორე ბოლოს, კლდეებში პარალელური სამყარო არსებობდა,თუ გოგონა დაიცავდა პირობას, რომ ნიშს იქით არ გადავიდოდა, მას სალოცავი ფარულ ნიჭს გაუხსნიდა, ან თავის ბედს აჩვენებდა. სალოცავი აგებული იყო ცა - ღრუბელთ გამრიგე ღვთაების "დამასტეს" სახელზე და იქ ქალს ფეხის დადგმა ეკრძალებოდა. სოფლის დედაკაცები მკაცრად ინახავდნენ ამ საიდუმლო ტრადიციას კაცებიგან დაფარულად. იყო შემთხვევებიც,როცა ცნობისმოყვარე გოგონებს სალოცავი გადაულახავთ მაგრამ ზოგი მათგანი გაგიჟებულა, ზოგიც გარდაცვლილა, ზოგიც კი უკვალოდ დაკარგულა. ერთი მათგანი კი ერთი დღე-რამე არ გამოჩენილა, შემდეგ კი დაბრუნებულა სულ მთლად გაჭარარავებული და დამუნჯებული. არავინ იცოდა, რა იხილა მან კლდეებში. სიცოცხლის ბოლომდე სიტყვა არ უთქვამს და ბოლოს ვერაფრით რომ ვერ დაუტევია ნანახი, თავი მოუკლავს.

ეს არცთუ ისე მხიარული ისტორია ზღაპარივით ჩამრჩენოდა გონებაში. არ ვიცი მამიდა რატომ მიყვებოდა მას ყოველი დაძინების წინ, რატომ სურდა მე ის კარგად დამემახსოვრებინა.

ნიშის დანახვისთანავე ყველაფერს მივხვდი.

დამასტეზე ვიყავით.

ის ქალი კი დედაჩემი იყო.

მე იმასაც მივხვდი დედაჩემმა კლდეებს იქით რა... კი არა,და... ვინ ნახა?.. რამდენი ნახა?.. როგორები ნახა?.. და რატომ ვერ დაიტია?

მამიდა დიდხანს იჯდა ბალახზე სიგარეტით, დიდხანს მიცქერდა ცისფერი სიბრალულით და ბოლოს თავი გააქნია.

"დაგიგვიანდა მოსვლა. მთელი ღამე გეძინა".

მე თავი დავუქნიე და ჩუმად წამოვდექი. ბილიკიც უხმოდ ჩავათავეთ და უხმოდვე მივედით სახლამდეც. ბარგიც ისე შევკარი, არაფერი მითქვამს და მხოლოდ მაშინ, როცა ორღობეებს შევუყევი, მისი შეკივლება გავიგონე. იმ წამსვე მივხვდი, რომ მამიდასაც ჰქონდა დამასტეზე ღამე გათენებული, მოთმინების გამოცდაც წარმატებით ჩაებარებინა და სასურველი ნიჭიც მიეღო.

მამიდა მართლა კითხულობდა აზრებს.

არც მე მძინებია იმ ღამით.

და რა წამსაც ორღობეებშის ეს გავაანალიზე, მამიდამაც უკვე იცოდა

. . .

ახლა კი ვცხოვრობ ჩემი უჩვეულო ნიჭით და აღარ ვიცი რა სჯობდა-ცნობისმოყვარეობამოთოკილი საკუთარ ჯილდოს დავესაჯე, თუ დედაჩემივით სიგიჟის სასჯელს გავეთავისუფლებინე. ალბათ მეც მისი სასჯელი ვარ, ალბათ დამასტეზე თავისი ხელით მოკლულ ჩემს დებთან ერთად ჩემი მომავალიც ნახა. პირველად ამაზე მაშინ დავფიქრდი, როცა მივლინებიდან დაბრუნებულ მამას შევამჩნიე ცისფერი ნათება და ის სამ დღეში მოკვდა. შემდეგ ამას მოჰყვა მეზობლის ბიჭის ცისფერი ნათება და მანაც სამ დღეში ავარიით დაასრულა სიცოცხლე. ასე გაგრძელდა ჩემს კლასელებზე, ნათესავებზე, უბრალო ნაცნობებზე და უცნობ ადამიანებზეც კი, ვისაც სიკვდილი ელოდა. მე წინასწარ ვხედავდი, ვინ უნდა წასულიყო, ვხედავდი და ვიტანჯებოდი.

მაშინ კი, ცხელი, ცხელი ზაფხულის გავარვარებული ღამეს, როცა პირველად ვუღალატე ჩემს ჩვევას და დილის მაგიერ, შუაღამით, მაშინ,როცა ირგვლივ ყველა სულიერი სიზმრის ბურუსში იყო გახვეული, სამყაროს საცქერლად სახლიდან გავედი.

იმ დღეს, როცა ჭრიჭინობელებმაც კი უღალატეს ჩვევას და დილიდანვე ამღერდნენ, კარის ზღურბლის გადაბიჯებისთანავე მოვიხსენი თვალებზე აკრული მამიდასეული ხილაბანდი, რომელსაც სამი დღის მანძილზე ვატარებდი და პირველი, რაც შევიგრძენი, სრული სიჩუმე იყო. ისეთი სიჩუმე,პირველი თოვლის მოსვლისას რომ იცის. ისეთი სიჩუმე, როგორიც მხოლოდ მთამ იცის. ისეთი სიჩუმე,როგორიც მხოლოდ ადამიანთა ფეხდაუდგმელმა, საკრალურმა ბილიკებმა და სალოცავებმა იციან.

და ყველაფერი ცისფერი იყო… სიბნელეში ჩაძირული ხეებიც, ცაც, ჰაერიც კი.

"სამყაროს აღსსასრულიც დამდგარა-თქო", - გავიფიქრე და გული დამწყდა, რომ ამასაც მოვესწარი. თუ სამ დღეში ქვეყნიერების აღსასრული უნდა მოვიდეს, ყველაფერს ის სჯობს, წავიდე და მამიდა ვნახო, - დავასკვენი და იმ დღესვე ჩავაკითხე სოფელში.

მამიდა დიდხანს,ძალიან დიდხნს იდგა უხმოდ და გაოცებული მიყურებდა თვალებში. პირველად ვნახე ის დამუნჯებული…

. . .

სოფელში დიდხანს დადიოდა ჭორად, მამიდამ მიცვალებულ ძმიშვილს სახეზე სუდარა არ გადახადა, მაგრამ ჭირისუფლებმა მაინც შეამჩნიეს, შავტუხა გოგოს, შავი თვალებით რომ დაიბადა, კუბოში მწოლიარეს როგორი არამიწიერი, ცისფერი თვალები ჰქონდაო...

/ნინო ჭინჭარაული/

Tuesday, May 24, 2016

ბობ დილანი-"ქრონიკები"

  ბობ დილანი ისევ თბილისშია. პირველად როდისღა იყო?... 1985 წელს, რასაც ადასტურებს მისი ფოტო, რომელიც მწერალთა სახლის ზღურბლზეა გადაღებული, ამჯერად კი, იმავე შენობაში, მისი ავტობიოგრაფიული რომანის-“ქრონიკები”ს პრეზენტაცია შედგა, რომლის ქართულ ენაზე წაკითხვის საშუალებაც ქართველ მკითხველს გამომცემლობა "არტანუჯმა" და მთარგმნელმა თაკო ჭილაძემ მისცეს.
2014 წელი, 7თებერვალი, 19:00 სთ, სავსე დარბაზი...  საღამო გახსნა მომღერალმა შოთა ადამაშვილმა, ბობ დილანის სიმღერით rolling stone . მთელი საღამოს განმავლობაში მან მუსიკოსის 5 სიმღერა შეასრულა და მათ შორის-ნაკლებად ცნობილი “oh sister”.(შემიძლია ვთქვა, რომ დარბაზმა განსაკუთრებით ამ სიმღერებით ისიამოვნა    და საღამოსაც მინი-კონცერტის სახე მიეცა)
შოთა ადამაშვილი
ზვიად კვარაცხელია
   


   






   “ქრონიკები” მოკლედ წარადგინა წიგნის რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ. მისი თქმით, ესაა “არტანუჯის” მიერ გამოცემული ლეგენდარული მუსიკოსების ნაწარმოებების სერიიდან მესამე წიგნი.(წინა ორი გახლდათ ჯონ ლენონის “როგორც მეწერება” და ჯიმ მორისონის ლექსები). ბობ დილანი კი შეირჩა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკვე ლეგენდაა, არამედ იმიტომ,რომ მწერალია. ეს კარგად ჩანს ამ წიგნში, რომელიც არის ავტობიოგრაფიული რომანის კლასიკური ნიმუში, სადაც ავტორის პიროვნებასთან ერთად წარმოჩენილია ყველა ის მუსიკოსი, მწერალი თუ სხვა საინტერესო პიროვნება, ვინც იმ პერიოდში მოღვაწეობდა და ბობ დილანი ახერხებს ორიგინალური კუთხით დახატოს მთელი ეპოქა.



თაკო ჭილაძე
   

   ისაუბრა მთარგმნელმა თაკო ჭილაძემაც, რომელსაც ბავშვობაში, სწორედ იმავე შენობაში ჰქონდა ბედნიერება საკუთარი თვალით ენახა წიგნის ავტორი. დარბაზში გახმაურდა აზრიც, რომ რაღაც სიმბოლური კავშირია ამ ისტორიიდან-დღევანდელობამდე. როგორც ცნობილია, მაშინ, როცა ბობ დილანი წარადგინეს ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, საქართველოდან ოთარ ჭილაძეც იყო წარდგენილი და ამჯერად, ისე მოხდა, რომ სწორედ მისმა ქალიშვილმა თარგმნა ამ მუსიკოსის წიგნი.
ბიძინა მაყაშვილი

   პრეზენტაციის დასასრულს ისაუბრა ხელოვნების კრიტიკოსმა, ბიძინა მაყაშვილმაც. Mან აღნიშნა, რომ ეს წიგნი არაა როკ-ვარსკვლავის ტიპიური წიგნი, არამედ-ინტელექტუალის ნაშრომია, რომელშიც საინტერესოდაა აღწერილი იმ პერიოდის ნიუ-იორკი, როგორც კულტურის ცენტრი.

   
და აქ ვარ მეც ;)
p.s. მე პირადად, ისეთი სიამოვნება მივიღე ამ პატარა საღამოთი, რომ არ შემეძლო ხელიდან გამეშვა საშუალება და ამ ყველაფრის მცირე ნაწილი ჩემი ბლოგის მკითხველამდე არ მიმეტანა. წიგნის კითხვა სულ ახლახან დავიწყე, თუმცა, ავტორის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის ალბათ არ ვიქნები თავხედი, რომ მივცე ჩემს თავს უფლება, ეს პატარა მიმოხილვა წინასწარ,წაკითხვამდევე დავასრულო ბრიტანული გამოცემის, “Sunday times”-ის ნათქვამით: -“თუ წიგნის დასასრულს მადლიერი არ აქვითინდები, ჩათვალე, რომ ეპოქამ გვერდით ჩაგიარა”

/ნინო ჭინჭარაული/

Sunday, January 17, 2016

მომღერალი ჩრდილი, კედრის კაკლები და სიზმარმჭერი

 
   თუ ზუსტად მახსოვს, ჰერტა მიულერი თავის ერთერთ მოთხრობაში ამბობს, რომ კითხვაზე, თუ რატომ წერს სულ მეფეზე, პასუხობს–იმიტომ,რომ ის ბავშვობიდანვე მის გონებაში იყო ჩაბუდებული და სანამ მასზე არ დაწერდა, სხვა არაფერზე შეეძლო წერა.  მხოლოდ ამის წაკითხვის შემდეგ დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ ჩემს ნაწერებში თითქმის ყველგან ვსაუბრობ მამაზე, რადგან ჩემს ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს მასზე მეტად არაფერი აწუხებს და ვერც შეაწუხებს, სანამ მისი თემა არ მოკვდება ჩემში.
  
     ყველაზე ბრიყვული კითხვა, რომელიც შეიძლება ბავშვს დაუსვან, ჩემთვის ასე ჟღერს: -“დედა უფრო გიყვარს, თუ მამა?” და ამიტომაც ძალიან, ძალიან პატარა ასაკში მას არ ვპასუხობდი. ამასთანავე, ენის წვერზე სულ მითრთოდა სიტყვა “მამა” და დედის განაწყენებას ვერიდებოდი. მიზეზი მარტივი იყო. დედა სულ გვერდით მყავდა, მზრდიდა, მასწავლიდა, მიკრძალავდა, რეჟიმის დაცვას და ლოცვების მოსმენას მაიძულებდა...მამას კი იშვიათად ვხედავდი და თანაც, მისი სახლში მოსვლა “ქინდერ-სიურპრიზთან” ან სხვა რაიმე სასუსნავთან ასოცირდებოდა. თუმცა ეს მხოლოდ სამუშაო დღეებში,  შაბათ-კვირა კი ყურთასმენის წამღები როკის საათები იყო. მამა თავის უზარმაზარ დინამიკებს რთავდა და “ბაბინებზე” ჩაწერილ კონცერტებს ბოლო ხმაზე აღრიალებდა. ვერ ვიტყვი, რომ 3-4წლის ბავშვს მათი მოსმენა მაღიზიანებდა. ინტერესით ვუცქერდი თუ როგორ ებრძოდა ინგვი მალმსტენი გიტარით სამთავიან გველეშაპს ალბომის გარეკანზე და ის ჩემთვის ისეთივე ზღაპრის გმირი იყო, როგორც ცხრათავიან დევთან მებრძოლი ხუთკუნჭულა, ოღონდ უფრო დახვეწილი და თანამედროვე. 
   
    დიფ ფარფლი, პინკ ფლოიდი, ლედ ზეპელინი, და სხვა მათი “ძმანი” ჩემი ადრეული ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. ერთი შეხედვით შემეძლო პლაკატებზე მათი ცნობა და კითხვაზე-“რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?” დაბეჯითებით ვპასუხობდი “პომაკარტი ბიძიას ცოლი!”..
  ამასთანავე, რაღაცნაირ მოკრძალებასაც ვგრძნობდი მათ წინაშე, როცა ვხედავდი, როგორი მოწიწებით რთავდა მამაჩემი თავის ფირფიტებს(რომელსაც სხვას არავის აკარებდა), როგორ წამოწვებოდა და ტრანსში გადასული, თვალდახუჭული, დაძაბული სახით უსმენდა “kashmir”-ს ან baby i"m gonna leave you”-ს. ამ დროს არაფრისდიდებით არ შეიძლებოდა მისთვის სიტყვის თქმა, ან სხვა ფორმით ხელის შეშლა, რაც კარგად ვიცოდი და ამიტომ ამ ყველაფერს ვუცქერდი, როგორც რაღაც საკრალურს, რომლის უპატივცემულობაც დიდი ცოდვა, თუ დანაშაული იყო. 
    
   ზუსტად იგივენაირი დამოკიდებულება ჰქონდა დედას თავისი ხატების მიმართ. მიმიყვანდა კედელთან, რომელზეც ისინი ჰქონდა გაკრული, მაჩვენებდა ღვთისმშობლის გამოსახულებას, მიკითხავდა საღმრთო ისტორიას და ოხრავდა “ადამს და ევას რომ არ შეეცოდათ, რა ბედნიერად ვიცხოვრებდით ადამიანები სამოთხეშიო”. მერე თავისი წარმოსახვით სამოთხისა და ჯოჯოხეთის აღწერას მოჰყვებოდა და მე ვიჯექი დარცხვენილი და შეშინებული, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ უკანასკნელში მოხვედრა მელოდა. იმიტომ, რომ არ შემეძლო არც საათობით ლოცვების მოსმენა და არც ისეთი დამჯერი ვიყავი, როგორიც ჩემი დეიდაშვილი, რომლის კარგი საქციელებიც ყოველთვის მაგალითად მოჰყავდათ ჩემთვის. და-ძმა არ მყავდა, რომ მათზე ზრუნვით პასუხისმგებლობის გრძნობა ჩაენერგა ვინმეს ჩემთვის, ან პირიქით-მათგან რაიმე მესწავლა. თუმცა ხშირად ვნატრობდი დედმამიშვილს, განსაკუთრებით უფროს ძმას, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ჩემნაირ ქაჯს კომპანიონად ბიჭი უფრო შეეფერებოდა. ისე მსურდა უფროსი ძმა მყოლოდა, რომ რამდენჯერმე მესიზმრა კიდეც. მისი სახე არცერთხელ არ დამმახსოვრებია, მაგრამ მახსოვს რომ სიზმარში საოცარ სურნელს, ფიჭვის სურნელს ვგრძნობდი. ძალიან მიყვარდა ეს სიზმარი და ხშირად ვიხსენებდი, რეალობაში კი მარტო ვრჩებოდი, გაორებული ღმერთის წარმოდგენასა და როკ-მუსიკას შორის. ზოგჯერ მეგონა რომ ხატები იყო დედაჩემი, ფირფიტები - მამაჩემი და მე - ამ ორ განსხვავებულ კუნძულს შორის გაჩხერილი გაურკვევლობა, რომელსაც ორივესთვის უნდა ეცა პატივი.  
    
    წლების შემდეგ, ე.წ გარდატეხის ასაკში უკვე შეგნებულად ვსწავლობ მძიმე მუსიკის სიყვარულს და მამაჩემის სიძულვილს, რომელიც რაღაც ეტაპზე ერთმანეთის სინონიმები ხდება. მანამ კი, როცა სკოლაში ვიწყებ სიარულს, მამაჩემი ჩემთვის სირცხვილი და შიშია. ვსწავლობ, როგორ გავიგონო და დავინახო მხოლოდ ის, რაც საჭიროა, როგორ წამოვიდე სკოლიდან კლასელებთან ერთად შემოვლითი გზით და როგორ მოვახერხო ყველა საშუალებით, რომ სახლამდე მისული მთვრალ მამას არ გადავეყარო. ვსწავლობ, როგორ გავიპარო “საჭირო ოთახის” მიზეზით კლასიდან მანამ, სანამ მასწავლებელი ჩემს სახელ-გვარს ამოიკითხავს და შემეკითხება მშობლები სად მუშაობენ. კლასის კარებიდან შორს ვდგები, რომ არ გავიგონო დამცინავი წამოძახილი “დედა-დიასახლისი, მამა-ლოთი” და თუმცა ალბათ არცერთხელ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, ჯიუტად მჯერა, რომ მასწავლებელს სწორედ ასეთი ფორმით შევყავარ სიაში. გავდივარ დერეფანში და თავს ვუმეორებ, რომ ეს ჩემი სკოლის გამოცდათაგან ყველაზე რთულია და ისე უნდა ჩავაბარო, რომ დამცირებული ვერავინ მნახოს. ისედაც ძალიან მცირე ვარ, ცარიელი სიამაყე(თუმცა კითხვაზე-რას ვამაყობ, ვერ ვპასუხობ) და კბილებით დავათრევ კლასიდან-კლასში. 
  
     დროდადრო, სახლში მოწყობილი მორიგი “კონცერტები”ს შემსწრეს რაღაც იმედი მეძლევა და დედას ჩუმ-ჩუმად ვეხვეწები- “გათავისუფლდი”. უკვე დიდი ვარ, მთელი 10 წლის და 3წელია, ნაბიჭვარიც აღარ მქვია. 7წლისა მშობლების მეორედ ჯვრისწერასაც ვესწრებოდი და თვალწინ ისე მედგა მათი პირველი ჯვრისწერა, თითქოს მისი მომსწრეც ვიყავი. 
 
   ...24 წლის დედაჩემი ბედნიერი დგას სვეტიცხოვლის საკურთხეველთან თავისი საყვარელი ადამინის გვერდით და სულ რამდენიმე წამში მისი ოფიციალური მეუღლე გახდება. უცებ ნეფეს საქორწინო კელაპტარი ხელიდან უვარდება და ქვის იატაკზე გორდება.
  მამაო ინსტიქტურად იხრება ასაღებად და უცებ საქმროს ახედავს:
  _ მონათლული ხარ?
_ კი, კი, კი...-, პასუხობს მამა ჩვეული, შეკრული კოპებით. 
Aმის შემდეგ ძალიან დიდხანს ცდილობენ სანთლის ანთებას.
   
    ჰოდა ამ 10 წლის ასაკში ვეხვეწები დედას გათავისუფლდეს, მაგრამ არ ვუმხელ იმას, რომ ეს ყველაზე მეტად მე მჭირდება. მე მინდა გათავისუფლება იმ აზრისგან, რომ ოჯახის ცნება შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს ერთმანეთის სიყვარულს და თან იმის აღიარებაც მეშინია, რომ სკოლის საგნებზე კარგად თუ რამეს ვსწავლობ, ეს სიძულვილია. 
   “ამ ოჯახს ვერ დავანგრევ, ამ ცოდვას ვერ დავიდებ”-, ხელებს შლის მოსამართლე და ხან ატირებულ დედას უყურებს, ხან დაჩოქილ მამას. 
    
    მე დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ  მისმა გადაწყვეტილებამ უცნაური, ურთიერთგამომრიცხავი შედეგი მოიტანა. სათითაოდ, ნაწილ-ნაწილ დაგვანგრია მეც, დედაც, მამაც, მაგრამ ჰოი საოცრებავ და... ოჯახი შეგვინარჩუნა. 
    
    ის მოსამართლე მაშინ ალბათ სიზმარშიც ვერ ნახავდა ჩვენს მომავალს, ისევე როგორც მე ვერ ვუპასუხებდი კითხვას, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მომღერალ ჩრდილს, კედრის კაკლებსა და სიზმარმჭერს. სამაგიეროდ ახლა თავისუფლად შემიძლია მათი ერთმანეთთან დაკავშირება და უკვე ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ისინი ცალ-ცალკე არსებობდნენ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახლა ის მოსამართლეც შეძლებს ჩვენი ამბების წარმოდგენას. რეალობაში ყველაფერი ასე ალბათ არ ეჯაჭვება ერთმანეთს, მაგრამ ქვეცნობიერში... სულ სხვა საქმეა და მას ზოგჯერ ისე შეუძლია შეიჭრას რეალურ ცხოვრებაში, რომ ცნობიერმა ვერც კი გაიგოს. როგორ? დავიწყოთ სიზმარმჭერით...
  
     ჩვენს ქალაქს თავისი ხასიათი და წესები აქვს. უცებ აიტაცებს, შეიყვარებს, ამოიჩემებს რაღაცას, ძალიან პოპულარულს გახდის და მალევე მობეზრებულს სანაგვეზე დაუნანებლად მოისვრის. ასე მეორდება წლიდან-წლამდე. ამით ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მეჩვენება, რომ ეს ამოჩემება მეც ფეხდაფეხ დამდევს და ზოგჯერ, როცა მგონია, რომ ვიპოვე ის, რაც სხვებისგან გამომარჩევს, ცოტა ხანში აღმოვაჩენ, მას უკვე მთელი ქალაქი ატარებს. სკოლის პერიოდით რომ დავიწყო, წვეტიანი ფეხსაცმელებიდან-მწვანისა და ყვითლის კომბინაციამდე, შავი ტანსაცმლის სიძულვილიდან - ჰიპური ცნობიერების სიყვარულით ნელ-ნელა მივედი სიზმარმჭერამდე, რომელსაც მალე ალბათ მისი წინამორბედების ბედი ეწევა. ეს უბრალო, მაგრამ საინტერესო, ინდილებისგან ატაცებული ე.წ. dreamcatcher-ი, რომელიც განმარტების მიხედვით ობობის ქსელს გამოხატავს, ჩვენს სიზმრებს იჭერს, ცუდებს ქსლის შუაში დატანებული ჭუჭრუტანიდან ფილტრავს, კარგებს კი ბუმბულებით მსუბუქად უგზავნის მძინარეს. შედეგად კი მხოლოდ კარგი სიზმრები გვამახსოვრდება. 
   
    მშვენიერი ლეგენდაა, მაგრამ კიდევ უფრო მშვენიერი იქნებოდა, სიმართლე რომ იყოს. იქნებ ასეცაა, მაგრამ ჩემი ბავშვობისდოინდელი არნახული რწმენა ზღაპრების, დევებისა და სხვა ზებუნებრივის არსებობის, წლებთან ერთად უკიდურეს ურწმუნოებასა და ნიჰილიზმში გადაიზარდა. ჩვეულებრივ, ეს არაფრით გამორჩეული ამბავია ზრდასრულთათვის, მაგრამ არა იმისთვის, ვინც ბავშვობაში ჩარჩა, ან უკეთ-ვერ იმყოფინა, ვერ შეირგო ბოლომდე ბავშვობა. ბავშვისთვის იმის გაგებაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, რომ თოვლის ბაბუა ხელოვნურ წვერსა და გაქუცულ შარვალ-ხალათში გამოწყობილი მისი მთვრალი მეზობლის ბიჭია, ფერიები არ არსებობენ, დრაკონები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ და საერთოდ მთელი ზღაპრული სამყარო იმისთვისაა მოგონილი, რომ ცხოვრების დამქანცველ გზაზე, დამძიმებულ ადამიანს საგზალივით გაყვეს ბავშვობისდროინდელი ლამაზი ფანტაზიები და სიმსუბუქე. ჰოდა, რა უნდა ექნა ბავშვს, ვისაც დროზე ადრე ხვდა წილად “გასხივოსნებულიყო” ცხოვრების არსში და მისი სიკვდილზე მეტად ეშინოდა? უნდა შეექმნა საკუთარი, ყველასგან დაფარული სამყარო და წარმოედგინა, რომ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს-სიზმარია, ცუდი სიზმარი, რომელიც ადრე თუ გვიან, მაინც დამთავრდება. მეც ეს გამოსავალი ვიპოვე და მისგან კარგა ხანს ვეღარ გავთავისუფლდი. 
   
    სიზმრები... ჩემი სიზმრები რეალობაზე რეალურები იყვნენ. მათი მართვა და საჭირო დროს გამოღვიძება ყოველთვის შემეძლო, რასაც ვერ ვიტყოდი ცხოვრებაზე. ბევრჯერ მინატრია სახლის კორპუსთან მისულს, კიბეზე მძინარე გალეშილი მამაჩემის დანახვისას გამღვიძებოდა, მაგრამ ყოველთვის პირიქით ხდებოდა-ის იღვიძებდა და ამღვრეული თვალებით მაბრუნებდა ცუდ სიზმარში. სწორედ მაშინ გავიცანი პირველად ჩრდილი, საშინელი, მომღერალი აჩრდილი, რომელიც ჩემი შემდგომი წლების აუტანელი თანამგზავრი გახდა. 
   
     უშუქობის წლებში, როცა მამა დათვრებოდა, ზოგჯერ მშვენივრად მართობდა. კედელზე ხელებით სხვადასხვა ცხოველების ჩრდილებს- მგლებს, აქლემებს, ირმებს აკეთებდა და მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო კუს ჩრდილი, რომლსაც ყოველთვის საოპერო არია ფუნიკული-ფუნიკულა-ს ამღერებდა. მე ვიცინოდი და ისე ვგიჟდებოდი ამ კუზე, როგორც კი შუქი ჩაქრებოდა მამას თხოვნით მივადგებოდი და გვიანობდამდე ვმხიარულობდით. დღეს კი კარგად ვაცნობიერებ, რატომ ვერ ვუსმენ ოპერას და ყოველი მთვრალი ადამიანი რატომ ასოცირდებოდა ჩემთვის ჩრდილებთან. 
  
   აი, როკს რაც შეეხება, მას უკვე 13-14 წლის ასაკში საკუთარი სურვილით დავუბრუნდი, როცა შევამჩნიე, რომ ჩემი შიში და დაბნეულობა, რომელიც აგრესიად გარდაისახა, მისი მოსმენისას ქრებოდა. მძიმე მუსიკა ბოლომდე იწოვდა ჩემში ჩაბუდებულ ბრაზს, თვითმკვლელობის გიჟურ აზრებს და მტოვებდა ძალაგამოცლილს, ცარიელი, უფერო თვალებითა და გონების ქაოტური სიჩუმით.  ამ გატაცებას მალე  სხვა ჩვევების შეძენაც მოჰყვა. დავუმეგობრდი სასმელს, სიგარეტს და მის “ბიძაშვილებს”, გული ავიყარე სწავლაზე და  პირველი მერხიდან ბოლოზე გადავინაცვლე, რასაც სამეგობრო წრის შეცვლაც მალე მოჰყვა. აქაც ყველაფერი ერთმანეთზე იყო გადაბმული. გული ცხრაკლიტულად მქონდა ქცეული, რომელიშიც მხოლოდ აგრესიის და შურისძიების გველეშაპები მყავდა გამომწყვდეული და ახლა უკვე არამარტო ინგვის, არამედ სხვა მუსიკოსების ელექტრონული გიტარებითაც ვებრძოდი მათ. მაშინ უბრალოდ ვერც ვხვდებოდი, რომ იმას კი არ ვაკეთებდი, რაც მე მსურდა, არამედ მას-რასაც ჩემგან არ მოელოდნენ და ეწყინებოდათ.
  
     სულ უფრო და უფრო მიჭირდა ძილი. ღამენათევი დილით 6საათზე ვიღვიძებდი, ვიცვამდი და სასწრაფოდ გავრბოდი სახლიდან. ოპერის მომღერალი აჩრდილი ახლა ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ აღარასოდეს მითამაშია კედელზე ჩრდილებით, ყოველთვის, როცა სული სიბნელით მეხუთებოდა და გული მეკუმშებოდა, ჩემს მეხსიერებაში მაშინვე წამოხტებოდა მომღერალი კუ და ისეთი ენერგიით იწყებდა არიას, მაშინვე ბოთლის ძებნას ვიწყებდი, რომ მისი ხმა ჩამეხშო.  თამბაქოს კვამლში ვეხვეოდი, თითქოს ჩემი გონების თვალი აღარ დაინახავდა მის გროტესკულ ფიგურას. წლების განმავლობაში დამყვებოდა ეს ჩრდილი, მე კი თავს მაინც აუტანლად მარტოდ ვგრძნობდი და ამის მიზეზს ვერ ვიგებდი. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სხვისი ცხოვრების თამაში ვისწავლე.
   
    თამაშის წესები ძალიან ადვილი იყო. რადგან სიზმარში გადაბარგება ვერ შევძელი, ასეთ ხერხს მივმართე. სახლიდან გასული, თავს სხვადასხვა ადამიანად წარმოვიდგენდი და მის შესაფერისადაც ვიქცეოდი. “ უცნაური ბავშვის” იარლიყი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან ამშვენებდა ჩემს შუბლს და ახლა უკვე მეც მთელი მონდომებით ვცდილობდი მის გამართლებას. თუ ბავშვობაში თმას ორად ვიწნავდი, სახეზე ჭორფლებს ვიხატავდი და ვამტკიცებდი, რომ “გავალების” ტაბულა არ მჭირდებოდა, ახლა შუბლზე თმას ვიპარსავდი, საათობით ვუყურებდი პინკ-ის კლიპს, რომელშიც ის სარკეში საკუთარ თავს ეჯღანება და სააბაზოანოს სარკესთან მისული გარკვევით ვხედავდი, რომ ჩემი ორეულიც იმავეს იმეორებდა. თუ აქამდე საკუთარი საქციელები, რომლის გამოც დაცინვის ობიექტი ვხდებოდი, ნაკლად მიმაჩნდა და მის გამოსწორებას, ანუ ისეთად ქცევას ვცდილობდი, როგორიც ყველა იყო, ახლა “ჩათრევას ჩაყოლა” ვამჯობინე და არ ვიცი, ვის ჯინაზე, მაგრამ თავისუფლება მივეცი ყველა ჩემს დაულაგებელ აზრსა და სურვილს, რაც თავში პირველად მომდიოდა. 
  
     ყველას დასანახად ვკოცნიდი ხეებს, ადამიანებს ვესაუბრებოდი მათთვის შეუფერებელი სიტყვებით (მაგ-უფროსებს “შენობით”, ტოლებს-“შეჩემობით”) და ვიმოსებოდი ისე არანორმალურად (მაისური-შარვლის ნაცვლად, ქვედაბოლო-მაისურად), როგორის ჩაცმასაც მაშინ უბანში ვერცერთი გოგო ვერ გაბედავდა. ის ადამიანები, რომლებიც დამცინოდნენ, ჩემს მეგობრებად ვაქციე და ამით ვცდილობდი მათდამი შიშის დაძლევას. ვცდილობდი ყველას მივეღე ასეთი “უცნაური”. ასე დავკარგე პირველი ბავშვობის მეგობრები და თუმცა უკვე ე.წ “მეგობრები”ს მთელი ბრბო მყავდა, მათ შორის ყველაზე ერთგული მაინც კედლის ჩრდილი იყო, რომელსაც არც ჩემი გარდასახვა ადარდებდა და შეუბრალებლად, გაუჩერებლად მღეროდა ჩემში. 
  
     ამ რამდენიმეწლიანი აგონიის შემდეგ, ერთ დღესაც თავგადაპარსული აგრესორიდან-ენამწარე, ზღვასავით ცვალებადი და ბოშასავით თავისუფალი არსების როლი მოვირგე, რომელმაც როგორც იქნა გააცნობიერა საკუთარი აგზნებული ბუნებისა და მოუსვენრობის მიზეზი. და თუმცა ნამდვილ “ნარჩიტასთან” გარეგნობის გარდა საერთო ბევრი რამ მქონდა, იმის მაგიერ რომ ჩავეყლაპე და საბოლოოდ გავექრე, ნელ-ნელა გაოცებით შევნიშნე, რომ თვითონ დაიწყო ქრობა და როგორც ნაწვიმარზე გაფანტული ღრუბლებიდან ნელ-ნელა შემოიპარება მზე, ისე შემომეფანტა გარშემო ყველა როლი და პერსონაჟი, მათ ნაცვლად კი მომღერალი ჩრდილის გვერდით სულ სხვა პიროვნება გამოიკვეთა.
მე... ნამდვილი მე...
   ჩრდილს მაშინვე შეშფოთება დაეტყო, რადგანაც მის კონკურენტს არ ჰქონდა არაფერზე დამოკიდებულება და საარსებოდ არ სჭირდებოდა არც ბოთლი, არც სიგარეტი და არც ავტორიტეტული, დამცინავი ადამიანები. ის ყველა აქამდე არსებულ პერსონაჟზე ძლიერი იყო,რადგანაც საკუთარ თავს აღარაფერს აიძულებდა და აღარც არაფერს მალავდა. ჩრდილმა სასოწარკვეთით შენიშნა, რომ “მე”-ს მისი სიმღერაც სულ ფეხებზე ეკიდა და ხმას აუწია. დიდხანს, ძალიან დიდხანს გააფთრებული მღეროდა, ხმის ჩახლეჩამდე მღეროდა, რომ “მე” შეეშინებინა და გაეგდო, მაგრამ შედეგად მიიღოს ის, რომ ერთ დღეს თვითონ გაქრა. 
   
    იმ დღეს შევიყვარე და საბოლოოდ შევისისხლხორცე საკუთარი თავი და ორივემ სიხარულით აღმოვაჩინეთ, რომ ყველაფერი, რასაც უცნაურობად გვითვლიდნენ, სულაც არ იყო უცნაურობა. ის ჩვენი ინდივიდუალობა იყო, საჩუქარი იყო, რომელზეც ბევრი ადამიანი უარს ამბობს შიშის გამო, რადგან საზოგადოება ყველას რიყავს, ვინც ფლეშმობში ჩართული მონაწილესავით საერთო დადგენილ მოძრაობებს არ იმეორებს. ნამდვილ “მე”ს ასეთი საზოგადოება უკვე აღარ სჭირდებოდა და მეც პირველად მაშინ მივხვდი, რატომ დაეძებს ფუტკარი მხოლოდ ყვავილებს და ბუზი მხოლოდ სიბინძურეს.
  
     გათავისუფლებულმა “მე”-მ, მომღერალი ჩრდილის გაქრობასთან ერთად ნელ-ნელა შეიგრძნო ინტერესი და ეჭვი იმისა, რომ ის ბანალური ტრაგედია, რამაც მისი ბავშვობის თანმდევად გახადა საზიზღარი მომღერალი ჩრდილი, არ შეიძლებოდა უმიზეზო ყოფილიყო. შეუძლებელი იქნებოდა ადამიანს ამხელა ცოდვა, თუ ტვირთი უმიზეზოდ მოეგდო ზურგზე და ის მოსიყვარულე მამა, რომელიც სადღაც მახსოვრობაში თავის პატარა გოგონას მუშტაიდის ბაღში საქანელებზე აქანავებდა, უმიზეზოდ ქცეულიყო არსებად, რომელსაც ოჯახისთვის გადადებული ბოლო თეთრების დახარჯვა სასმელში შეეძლო. როგორც კი მისდამი ზიზღი ინტერესმა შეცვალა, ნამდვილი “მე” დარწმუნდა, რომ საკაცობრიობო სიბრძნე მართლაც დიუმასეულ ორ სიტყვაშია- “ელოდე” და “იმედი გქონდეს”, თუმცა ქრისტეს სახარებისეული სიტყვებით უფრო გარკვეულად გამოითქმის:
  “ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ” 
   ახლა, როცა ხელში მიჭირავს საოცრად დამათრობელი სურნელის მქონე კედრის კაკლები, რომელთაც მოტკბო გემო აქვთ, თვალწინ როგორც კინოფირზე, ისე დარბიან ფრაზები:
   “ишу своего отца... жив ли он?  помнит ли он меня?”…
     
     “Получается, что мы с тобою брат и сестра, немного непривычно осознавать, что почти в 30 лет у тебя может появиться брат или сестра…”
     
     “Вот даже не знаю, что тебе рассказать :)) всю жизнь так парой смс не расскажешь”…
   
 ვაკნატუნებ კედრის კაკლებს, ვყნოსავ დამათრობელ გირჩს და ვიხსენებ, ამ არარეალური ამბის გაგებისას როგორ ამოტივტივდა ჩემი ქვეცნობიერიდან ბავშვობისდოინდელი სიზმარი ჩემს ძმაზე. მაშინვე უზარმაზარი სიყვარულის ისეთი ამოფრქვევა ვიგრძენი, თითქოს სხეულიდან სული ამომივიდა. თითქოს წლების განმავლობაში მქონდა ეს გრძნობა სადღაც შენახული და გათავისუფლებას ელოდა. ნანატრი უფროსი ძმა, რომელიც გუშინ არ არსებობდა, დღეს არსაიდან დაიბადა და თანაც უკვე გაზრდილი, მეოთხედსაუკუნეგამოვლილი. ათასობით კილომეტრითა და 3წლით დაშორებული, ციმბირიდან საქართველოში ეძებდა მამას და მიპოვა მე. და, რომელსაც ის ბავშვობის სიზმარში ჰყავდა ნანახი. 
   
    ორი დედისერთა უცებ ვიქეცით “მამის-ორა”დ, ანუ ერთი მამის შვილებად. იმ უცნაურმა(და ჩემთვის გაუგებარმა) სიყვარულმა, რომლითაც მას თავისი მიმტოვებელი, უძღები მამის ნახვა სურდა, იმის მაგიერ, რომ ჩემთვის მისი თავი უფრო შეეძულებინა, პირიქით - ნელ-ნელა შემაცოდა და სხვა თვალით დამანახა გალოთებული, დაუძლურებული, საკუთარ არჩევანში დაკარგული მამა, რომელმაც ერთი შვილი მიატოვა, რომ მეორე გაეზარდა. 
   
     ჯერ შოკი მოვიდა, მერე სიბრალული, ბოლოს კი სიბრალულნარევი ადრეული, ბავშვობისდროინდელი სიყვარულის ნაგლეჯები და თუმცა უკვე წლები იყო, აღარ შემეძლო მისთვის სახეში მეყურებინა, ჩემი ძმის ობლობის ისტორიამ მასთან თითქმის შემარიგა. უბრალოდ ვიპოვე ჩემი წართმეული ბავშვობის, მომღერალი ჩრდილისა და ცხადში არეული სიზმრების მიზეზი. ამის სანაცვლოდ ვიგრძენი, რომ ძმისთვის მშობელი უნდა დამებრუნებინა, ის ბავშვობა უნდა დამებრუნებინა, რომელიც ჩემდაუნებურად მოვპარე და ვერც საკუთარ თავს მოვახმარე. ყველაფერი იმდენად სიზმარს ჰგავდა, რომ იქიდან გამოსვლა უკვე შეუძლებელი იყო და ზუსტად მაშინ, როცა უკვე გამოღვიძების იმედი მქონდა დაკარგული, ჩემს ხელში აღმოჩნდა სიზმარმჭერი. 
  
    თავიდან უბრალოდ ვიზუალურად მომეწონა, რადგანაც აცტეკური აქსესუარები მიზიდავს და ყოველგვარი აზრის მინიჭების გარეშე ვიყიდე ერთი ცალი. შემდეგ კი, როცა მისი ფუნქცია გავიგე, ელდა მეცა. სიზმარმჭერი თუ არა, სხვა ვერაფერი დამეხმარებოდა ნამდვილი სიზმრის დაჭერაში. მოვძებნე იუთუბზე ტუტორიალი და ნაბიჯ-ნაბიჯ, ქსელიდან-ქსელზე გადაკვანძვით ვისწავლე მათი გაკეთება. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში უამრავი სიზმარმჭერი,  ჩემს სარკეზე, ჩანთაზე, საწოლის თავსა თუ მკერდზე. თითოეულ კვანძში ვაწნავდი სიზმრების, დაცინვების, მომღერალი ჩრდილებისა თუ საკუთარი თავის დაკარგვის შიშებს. ყოველ ამოხვეულ თვალში კი ვატანდი ყოველ წამს, წუთს, საათს თუ მოგონებას ჩემს ნაადრევად გაზრდის დღემდე. წარმოვიდგენდი, თუ როგორ ზრდიდა მამა ჩემს მაგიერ ჩემს ძმას და ზედ ვუმატებდი მომავალის კადრებს, რომლებშიც ის თავის უკვე გაზრდილ შვილს ეხუტებოდა და პატიებას თხოვდა. ამით თითქოს მას ბავშვობას ვუბრუნებდი და როცა თითოეული ქსელის დაწვნას მოვრჩებოდი, ვგრძნობდი, რომ ისევ 3-4წლის ვხდებოდი, ზუსტად იმდენის, რამდენ ხნისამაც ბავშვობა შევინარჩუნე. მაგრამ ეს მაინც არ კმაროდა. ბავშვობას ვიბრუნებდი, მაგრამ საშინელი სიზმრიდან გამოსვლას მაინც ვერ ვახერხებდი. ვწერდი ძმას წერილებს, პასუხსაც წამებში ვიღებდი, მაგრამ მაინც მიჭირდა დაჯერება, რომ რაც ხდებოდა, ცხადი იყო. ჩრდილი აღარ მღეროდა, მაგრამ მამა ისევ ჩრდილივით დადიოდა.
    
    მხოლოდ მაშინ, როცა თბილისში ჩემი ძმის მეგობარი ჩამოვიდა და მისგან ჩემთვის გამოტანებული საჩუქარი გადმომცა, რომელიც მოუთმენელმა სახლში მისვლამდე გავხსენი და რომლიდანაც კედრის კაკლები და გირჩი გადმოვარდა, მივხვდი, რომ გავიღვიძე და სიზმარიც დამთავრდა.
   
    კაკლებს დამათრობელი, საოცრად ნაცნობი და დაუვიწყარი ფიჭვის სუნი ასდიოდა. 
  
    იმ დღეს დაკარგა დანიშნულება dreamcatcher-მაც და უბრალო ლამაზ აქსესუარად იქცა, მისი ფუნქცია კი ამ ფობიოგრაფიამ შეიძინა და გაფილტრა ჩემი ყველა შიში, რომლის გამომჟღავნება და მოშორებაც წლების განმავლობაში მინდოდა. 
  მე  ბავშვობა მაქვს, მე ძმა მყავს, მე მღვიძავს... 
/nino chincharauli/

Monday, January 4, 2016

ჯადოსნური,თოვლიანი წიგნები

ჯადოსნური ადგილები მხოლოდ რამდენიმე ვიცი და ისინიც, ყველა მთაშია. აი, ქალაქშიც თუ სადმე იყო ჯადოსნური ადგილი, ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიგე, როცა პირველად ვესტუმრე ბათუმელების საყვარელ მაღაზიას "წიგნები ბათუმში". იქ გატარებული ღამე, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ და საინტერესო წამების ნუსხაში შევიდა და იქ გაცნობილმა ადამიანებმა ჩემი ცხოვრება გაალამაზეს. მარტო ესეც იკმარებდა, რომ ეს ადგილი ჯადოსნურად ჩამეთვალა, მაგრამ რომ არ ვახსენო ის არაჩვეულებრივი წიგნებიც, რომელსაც "წიგნები ბათუმში" გამოსცემს, ნიშნავს,არაფერი ვთქვა.
    ერთი შემთხვევა მახსენდება ჩემი არცთუ ისე შორეული წარსულიდან-ჩაის სახლში  მიმტანად ვმუშაობდი. ერთხელაც, ჩემზე პატარა ასაკის (სავარაუდოდ სტუდენტები) ორი გოგო და ერთი ბიჭი შემოვიდნენ წიგნებზე საუბრით. როცა ჩაი მივუტანე, ყური მოვკარი; ერთ-ერთი გოგო ეკითხებოდა-"გვირჩიე,რა წავიკითხოთო?" ბიჭი არც დაფიქრებულა, მოაზროვნის პოზა მიიღო და უპასუხა: "-წიგნები ბათუმში რასაც გამოსცემს ყველაფერი წაიკითხეთო". მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი ბათუმიდან ,ჯერ კიდევ "ინსომნია"ს შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი და ეს სიტყვები ისე გამიხარდა, თითქოს ჩემს საკუთარ გამომცემლობაზე იყო საუბარი. 
   ასეც არის, ალბათ ყველას, ვისაც ამ ჯადოსნურ მაღაზიასთან და გამომცემლობასთან ჰქონია საქმე, თავისად მიაჩნია. "წიგნები ბათუმში" ყველასია და მათი წარმატებაც ყველას სიხარულია, ისევე როგორც მათი ტკივილი-ყველა მკითხველის ტკივილი. 
   "წიგნები ბათუმში" კიდევ იმიტომ არის ჯადოსნური ადგილი, რომ ის მათი მფლობელების ახდენილი ოცნებაა.  <3 p="">
ბათუმის დიდთოვლობამ მაღაზიის საწყობი დააზიანა. წიგნების 50% დასველებულია. არ მეგულება არცერთია დამიანი, რომელიც იცნობს მათ და საკუთარი სატკივარივით არ განიცდის ამ ამბავს. ჰოდა, შევიძინოთ დათოვლილი წიგნები, დარწმუნებული ვარ, ისინი ორმაგად ჯადოსნურები იქნებიან და უფრო მეტად შეგვიყვარდება <3 nbsp="" p="">
მე-ჯადოსნურ მაღაზიაში
   
/ნინო ჭინჭარაული/

Thursday, December 17, 2015

ციკლიდან "ქალი მწერლები"

რამდენიმე კვირის წინ, ახალი სტატიის თემის ძებნისას, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ფეისბუქის გვერდზე წავაწყდი საკმაოდ საინტერესო შინაარსის ვიდეოს სახელწოდებით “სალომე ბენიძე - დარიანული”. მისი ნახვის შემდეგ გადავწყვიტე მწერალ სალომე ბენიძესთან შეხვედრა.

   _ეს იყო შარშან, ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის თანასწორობის ფორუმი,სადაც სხვადასხვა სფეროდან ქალებს გვქონდა გამოსვლები ქალთა როლის შესახებ საზოგადოებაში. მე ვისაუბრე ლიტერატურაში რა როლი აკისრიათ ქალებს.
 
   _როგორც ვიცი, ხარ ფემინისტი მწერალი. როგორც ქალი, რა პრობლემებს აწყდები ლიტერატურულ ცხოვრებაში?
 
   _ ორ წელზე მეტია ვმუშაობ ქალთა საინფორმაციო ცენტრში და ვარ ამ ორგანიზაციის კომუნიკაციის ოფიცერი, თუმცა ფემინისტი არ გავმხდარვარ აქ მოსვლის შემდეგ სწორედ იმიტომ მივედი, რომ ვიყავი ფემინისტი. ფეისბუქის “მემორიდან” ვხვდები, რომ ჯერ კიდევ 2008-2009 წლებში, ისეთ პერიოდში მაქვს შესაბამისი პოსტები გამოქვეყნებული, როცა ჩემი თვითიდენტიფიკაცია, როგორც ფემინისტის არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული. ვფიქრობ ეს იმიტომ მოხდა, რომ ძლიერი ქალების გარემოცვაში გავიზარდე. ჩემს ოჯახში ქალი არასოდეს ყოფილა დაჩაგრული, ან მეორეხარისხოვანი და ჩემთვის ბუნებრივი  მოვლენაა ის, რომ ქალი და მამაკაცი არიან თანასწორუფლებოვანნი, ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს და აზრს ეკითხებიან. ცხოვრების ყველა ეტაპზე ისეთი ბიჭი მეგობრები მყავდა, რომელთაგანაც არასოდეს მიგრძვნია რაიმე სახის დისკრიმინაცია და როცა ვხედავ, რომ სადმე ასე არ არის, ეს ჩემში ძალიან დიდ პროტესტს იწვევს.
   საერთოდ, მცდარი აზრია გავრცელებული, რომ ქალთა უფლებებისთვის მხოლოდ დაჩაგრული ქალები იბრძვიან, ანუ ისინი, ვისაც თავად შეეხო  დისკრიმინაცია. რათქმაუნდა, გარკვეულ დონეზე ყველას გვეხება, თუნდაც ქუჩაში-უცნობი მამაკაცებიგან, ან მომსახურების სხვადასხვა სფეროში.  რათქმაუნდა, არავინაა დაცული, მაგრამ როცა გამოდიხარ გარემოდან სადაც თანასწორობა წესია და გადიხარ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც ვერა და ვერ შეეშვა გენდერული ნიშნით ჩაგვრას, ბუნებრივია-ფემინისტი იყო და გინდოდეს, რომ ქალებს მიეცეთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.
  ლიტერატურას რაც შეეხება, ხშირად შეიძლება გაიგონო ფრაზა “ქალის პირობაზე კარგად წერს!”. თუ გადავხედავთ სტატისტიკას სხვადასხვა პრემიების ლაურეატებისა და კონკურსში გამარჯვებულების შესახებ, აღმოვაჩნთ, რომ ძირითადად კაცები ჭარბობენ და ეს არ ხდება იმიტომ, რომ ქალები ნაკლებად ნიჭიერები ვართ. ჟიურის წევრები ძირითადად კაცები არიან ხოლმე და ქალ ავტორებს სერიოზულად არ გვიყურებენ. ჰგონიათ, რომ გასართობად ვწერთ. წლევანდელი წელი ამ დროს ძალიან საინტერესო იყო საქართველოში ფემინისტური წიგნების გამოცემის მხრივ. სამი ისეთი წიგნი გამოვიდა, რომლებიც მკვეთრად ქალთა საკითხებზეა ორიენტირებული. ნინო თარხნიშვილის ნინოს ნოუთს, თამთა მელაშვილის “აღმოსავლეთი” და ჩემი “ქალაქი წყალზე.” ვთვლი რომ წამოვიდა ქალი ავტორების ძალიან მნიშვნელოვანი ტალღა, რომლებიც ქალებზე წერენ. ძალიან მიხარია ის ამბავი, რომ ამდენი ახალგაზრდა გოგო კითხულობს ამ წიგნებს. მეც ახალგაზრდა ავტორი ვარ, 29 წლის, მაგრამ ხშირად აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ჩემი მკითხველები არიან 16-დან 25 წლამდე ასაკის გოგონები, რომელთათვისაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამ იდეების მიწოდება და იმის თქმა, რომ ისინი არავისზე ნაკლებნი არ არიან და არანაკლები შეუძლიათ.
   _ შენს ახალ წიგნზე გვითხარი, რას მოგვითხრობს “აქალაქი წყალზე”?
   _ჩემი წიგნი არის მისტიკა. მოთხრობილი მაქვს ქალებზე, რომლებიც ცხოვრობენ ერთ ქალაქში, ზოგიერთები ერთიდაიმავე პერიოდში, ზოგი კი სხვა დროში. მათ აქვთ მისტიკური, ზებუნებრივი უნარები. განხილვა გვქონდა, ეს წიგნი რომანია, თუ მოთხრობების კრებული. Mმე უფრო ვთვლი, რომ ეს არის მოთხრობები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. მკითხველის აღქმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ წაიკითხავს. ეს არის წიგნი ქალებზე, რომლებიც იბრძვიან, რომელთაც უყვართ, რომელთა ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით არ მთავრდება, მაგრამ მაინც ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. სწორედ ამის თქმა მსურდა მე ამ წიგნით.

/ნინო ჭინჭარაული/

Friday, November 20, 2015

პოეტი, რომელსაც ვერ მიბაძავ - ესმა ონიანი


    უცნაურია, მაგრამ როცა ინტერნეტში პოეტისა და მხატვრის, ესმა ონიანის ლექსების ძებნა დავიწყე, ორიოდე ძლივს აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა, რომ ავტორის სიცოცხლეში სამი და გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთი კრებული გამოიცა. 2002 წლის ჟურნალ "ცისკარში" რენე კალანდია წერდა:  პოეზიაში ჩემთვის სწორედ რომ სასწაულია XX საუკუნის კიდევ ერთი გენიალური პოეტის ესმა ონიანის აღმოჩენა... მისი პირველი სამი პოეტური კრებული და რამდენიმე ესეი წაკითხული მქონდა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ გამოცემულმა კრებულმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა..."`
 
     19 ნოემბერს, მწერალთა სახლში მისი სრული შემოქმედებითი კრებულის “ისევ მე ვარ...ისევ მოვსულვარ” პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც თავმოყრილია წლების მანძილზე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებსა და წიგნებში გაბნეული მისი ლექსები, თარგმანები, ჩანაწერები, წერილები და ესეები. წიგნი გამოსცა გამომცემლობა “არტანუჯმა”, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
   ესმა ონიანის ლექსები პირველად 1968 წელს გამოქვეყნდა. „ძალზე ტიპიური გახდა იმ შეხედულების გამოთქმა ვერლიბრის მიმდევრებზე მსჯელობისას, რომ თითქოს მათ მიერ ტრადიციების გადაფასების შედეგად პოეტური ფრაზა მაქსიმალურად დაემორჩილა სათქმელის მოთხოვნილებებს! განა ტრადიციულ ჭეშმარიტ პოეზიაში პოეტური ფრაზა მაქსიმალურად არ ემორჩილება სათქმელის მოთხოვნილებებს?! ...განა ჭეშმარიტი პოეტი რითმისათვის სათქმელს გასწირავს? (რითმა სამკაული არ არის - ერთ-ერთი საშუალებაა) ამის თქმა ხომ მკრეხელობაა ჭეშმარიტ შემოქმედთა მიმართ!“ - წერდა ესმა.  
    პოეტი არ მიიღო თავისი დროის ინტელექტუალურმა საზოგადოებამ... ესმა ონიანის ნიჭის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი კობა იმედაშვილი თავის წერილში `ნამდვილობის საიდუმლო, ანუ ჩანაწერები ესმა ონიანის სიტყვითხელოვნებაზე~ წერდა: `ეტყობა, ჩვენი საზოგადოება არ იყო მზად ასეთი პოეტისა და ასეთი პოეზიის აღსაქმელად და თავისუფალი ლექსის მოძალების დროსაც კი, ესმას პოეზია ვერ იქცა საზოგადოების გემოვნების განმსაზღვრელ მოვლენად. აქაც დაახლოებით ისეთი რამ მოხდა, როგორც ნიკო სამადაშვილის პოეზიასთან მიმართებაში, როდესაც ჩვენმა ინტელექტუალებმა ვერ გაიგეს და ვერ მიიღეს მისი პოეზია~. 
    `ესმა ონიანის ლექსები გამოქვეყნდა 1968 წლის იანვარში." ეს გახლდათ სენსაციაც, შოკიც და ერთგვარი თავზარდაცემაც გარკვეული წრეებისათვის. მოჰყვა კიდეც მას მძაფრი რეაქცია. თუ საზოგადოების რჩეულ ნაწილს აღტაცებისაგან, ლექსების მომხიბვლელობისაგან თავბრუ დაეხვა, ნაწილი საზოგადოებისა მტრულად განეწყო. მტრულად განეწყო იმიტომ, რომ ესმას მოსვლამ დაადასტურა ერთი უეჭველი ჭეშმარიტება, რომელზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ ხოლმე, რომელზეც საუბარი ჩვენ გადაგვაჩვია კომუნისტურმა კოშმარმა. სახელდობრ იმან, რომ შემოქმედი – პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი, ეს არის, უწინარეს ყოვლისა, სულის გაცხდება.”(ეს სიტყვები კი ლიტერატორს და ფილოლოგს, რეზი თვარაძეს ეკუთვნის)
   “პოეტი, რომელსაც ვერ მიბაძავ”... “ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ემოციის გამოხატვის მამაკაცური ძალა და ქალური სიფაქიზე”.-,ასე გაიხსენეს ესმა მეგობრებმა, თაყვანისმცემლებმა, კოლეგებმა. გამომცემლობა “არტანუჯის” საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, გვანცა ჯობავამ აღნიშნა, რომ ესმა ონიანის წიგნი გერმანულ ენაზეც ითარგმნა ქართველოლოგის, შტეფი იუნგერი ხოტივარის მიერ და გამოიცა. საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა კი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, არქიმანდრიტმა მამა ადამმა (ვახტანგ ახალაძე) საზოგადოებას აცნობა, რომ  ამავე უნივერსიტეტში, ესმა ონიანის სახელობის სახელოვნებო კაბინეტი გაიხსნა, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ ეზიარონ მის შემოქმედებას.
   საერთოდ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მსახიობები ლექსს ზედმეტად ხელოვნურად კითხულობენ, თუმცა ქალბატონ ნინო კასრაძის გამოსვლამ ეს შტაბეჭდილება გამიქარწყლა. ემოციაც ბუნებრივი იყო და ჩემს თვალზე (და არამარტო ჩემს) მომდგარი ცრემლიც. საღამოს ასევე აჩვენეს ოთარ იოსელიანის ვიდეოც, სადაც ის ესმას და მის ოჯახს იგონებს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
   და რაც შემეხება პირადად მე... ესმა ონიანის პოეზიას, ასევე შესანიშნავი პოეტის, სოსო მეშველიანის მეშვეობით გავეცანი და მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ უფრო ადრევე არ ვიცოდი ამ ავტორის შესახებ. ვფიქრობ ახალგამოცემული წიგნი შესანიშნავი საჩუქარი იქნება ყველა ახალგაზრდისთვის, ვისაც ისეთი ჭეშმარიტი პოეტის გაცნობა სურს, “რომელსაც ვერ მიბაძავ”...
/ნინო ჭინჭარაული/  (2015).




















Friday, September 18, 2015

აქ იყო მუსიკა


“ბანალური ამბავია, 
ომისდროინდელი ბანალური ამბავი...
თუ შეიძლება, ბანალური ეთქვას დანაშაულს.
/ელზა ტრიოლე/ 

 
     როცა პირველად შევამჩნიე, ორივენი 10წლისანი ვიყავით, მაგრამ ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ის ჩემზე ბევრად დიდი იყო. მარტო მე კი არა, კაცებიც კი გაოცებით და პატივისცემით ეკიდებოდნენ ბავშვს, რომელსაც სრული სერიოზულობით შეეძლო ემსჯელა სხვადასხვა ცხოვრებისეულ თუ საზოგადოებრივ საკითხზე.
   მუდამ ასეთი მაგონდება- მაღალი, მხრებში ოდნავ მოხრილი, თმაგაჩეჩილი, რამდენიმე ზომით დიდი ქურთუკით, რომლის ზურგზეც განუყრელად ეკიდა თითქმის თავისი სიმაღლის გიტარა. დილაობით, როცა სკოლაში მივდიოდი, სადაც მთავარი გამზირი უნდა გამევლო, ალექსი მეგობრებთან ერთად ყოველთვის ჩემი სახლის მოსახვევში, კედელთან იჯდა, ძირს ორიოდე წიგნი ედო, ფეხებთან- გაცვეთილი კეპი და უკრავდა. ისე გატაცებით უკრავდა, რომ ირგვლივ ვერავის ამჩნევდა. მაშინ უჩვეულო სანახაობა იყო ქუჩის მუსიკოსი და მით უფრო, ასე პატარა ასაკის, მაგრამ ალექსის უბანში ყველა იცნობდა. ახსოვდათ მისი მშობლებიც, რომლებიც წლების წინ ავტოავარიაში დაიღუპნენ და იცნობდნენ მის დებოშიორ, ლოთ ბიძასაც, რომელთანაც ბიჭი მშობლების სიკვდილის შემდეგ იზრდებოდა და რომლის მორიგი დათრობისას მოწყობილი “კონცერტების” შემდეგ, დედები შვილებს ალექსისთან თამაშს უკრძალავდნენ.
   და მაინც, მაშინ ყველა უბანში იყო თითო ეგრეთწოდებული-კოლორიტი, უბნის სახე. ის შეიძლებოდა ყოფილიყო ქურთი მზესუმზირის გამყიდველი, რომელიც თაობებს ახსოვდათ, ან –გიჟი, ანდაც უბრალოდ განსხვავებული ადამიანი, რომელიც იმ უბნის აუცილებელ “ატრიბუტად” ითვლებოდა.
   ჩვენს უბანს ალექსი ჰყავდა.
   განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ერთმანეთი შემოდგომის ერთ გრილ დღეს “გავიცანით”. ზუსტად არ მახსოვს წელი, უკვე უფროსკლასელი ვიყავი. დილაადრიან, ნახევრად მძინარე, სკოლისკენ მიმავალი ტრამვაის გაჩერებაზე გავჩერდი. რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ მექანიკურად მივადე თავი ელექტრო ბოძს და თვალიც მივლულე. საოცრად ყვითელი, გაქუცული, დაძველებული და ძილისმომგვრელი ჩანდა ირგვლივ ყველაფერი...ქუჩა, ხეები, უსუსური მზის სხივები... მიუხედავად სუსხისა, ძილი საშინლად მერეოდა და უცებ, ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი წერტილივით “იავნანა”ს მელოდიაც ჩამესმა. გაოცებულმა ვჭყიტე თვალები, თავი წამოვწიე და მუსიკაც მაშინვე შეწყდა.
    მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ გარშემო არავინ იყო. ვიფიქრე, რომ ალბათ მომეჩვენა, ისევ მივადე ბოძს თავი და მელოდიაც ჩემს ზურგსუკან მაშინვე აჟღერდა. მაშინ უკვე გაოცებული შემოვბრუნდი და პირველად შევხედეთ ერთმანეთს თვალებში.
   რა თაფლისფერი ჰქონდა... მზის სხივებზე უფრო მოოქროსფრო... და რა ცეცხლი უელავდა... მთელი შემოდგომა თითქოს მის თვალებში იყო ჩასახლებული, მაგრამ ის არ იყო ამ ნოემბერივით ცივი და ძილისმომგვრელი. იწვოდა, შიგნიდან იწვოდა და ეს კოცონი იმდენად ვერ ეტეოდა მის სულში, რომ თვალებიდან გიზგიზებდა. არ ვიცი, წამებში შევამჩნიე ეს თუ დიდხანს ვუცქერდი, მაგრამ დროის შეგრძნება სრულებით აღარ მქონდა.
   უცებ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მაშინვე გული შემიფრთხიალდა და რატომღაც შემრცხვა. სასწრაფოდ მივტრიალდი და დაბარებულივით, იმწამსვე მოვიდა ჩემი ტრამვაიც. ავედი თუ არა, ღრმად ჩავისუნთქე და დახურული კარიდან შეფარვით გამოვხედე.
   ისევ მიღიმოდა.
   მაშინ გულში რაღაცნაირმა სითბომ და სიხარულმა დამიარა. რა მიხაროდა? თითქოს აღარც მციოდა. თითქოს მისმა ცეცხლმა მარტო გული კი არა, გათოშილი სხეულიც გამითბო და უცებ ვიგრძენი, რომ მეც ვუღიმოდი.
   ეს იყო და ეს... მას შემდეგ ერთმანეთს აღარ დავლაპარაკებივართ და აღარც მარტონი შევხვედრივართ სადმე. განა ადვილი იყო მისი დამარტოება? მუდამ ძმაკაცების მთელი ჯგრო დაჰყვებოდა და იმ დღესაც მხოლოდ იმიტომ წავაწყდი მარტოს, რომ თურმე “პახმელიაზე” მყოფს მძინარე ძმაკაცები ბიძამისის დანგრეულ ბინაში მიეტოვებინა და თვითონ დილის სუფთა ჰაერზე გამოსულიყო. გიტარაც თან გამოეყოლებინა, ის ხომ ლამის მასთან ერთად იყო დაბადებული. იმ დღის მერე ჩემს ცხოვრებაში ისე შემოიჭრა მუსიკა, რომ მშობლებთან დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, მამაჩემის ერთ-ერთ მეგობარ გიტარისტთან დაკვრაზე სიარული დავიწყე და ნელ-ნელა შევიგრძენი მისი იდუმალი ძალაც. ძალა, რომელიც ყველაფერს დაგაძლევინებს, ძალა რომელმაც ალექსის ობლობა გადაატანინა...მაგრამ მე მაინც ვერ მომცა საჭირო გამბედაობა...რისთვის? ამასაც გეტყვით.
 ვერც მას და ვერც მის ამფსონებს ვერ იტანდა ჩვენი სამეზობლო და უფროსი ქალები გოგონებს ყოველთვის ჭკუას გვარიგებდნენ, ახლოს არ გავკარებოდით ამ “მაწანწალებს და ნარკომანებს”. კიდეც რომ გამჩენოდა გრძნობა მის მიმართ (რასაც ამ მუსიკალური ინსტრუმენტის ყოველი ხელში აღებისას ვგრძნობდი) შიშით და სირცხვილით, როგორ გამოვხატავდი.
   თუმცა, ჩემი სახლის აივნიდან გადმომდგარს, ღამითაც კი ყოველთვის შემეძლო გამეგონა მისი გიტარის ხმა, რომელსაც საღამოს 9საათის შემდეგ აუცილებლად მოჰყვებოდა რომელიმე მეზობლის წყევლა:
   _ შენ ჩაგდე კუბოში, დაგვაძინე!
  კუბოში ჩადების რა გითხრათ, მაგრამ ვიღაცის წყევლა კი ნამდვილად ეწია ალექსის. სამოქალაქო ომი ორი თვის დაწყებული იქნებოდა, რომ ბიჭი სადღაც გაქრა. არავინ იცოდა მოკლეს, თუ გაიქცა (თუმცა, სად ჰქონდა გასაქცევი). ან ვინ მოიკითხავდა თავის დროზე, ბიძამისიც კარგა ხნის მერე იპოვეს დანგრეული პროსპექტის ერთერთ ჩიხში, სხვა დახოცილებთან ერთად. მის მეგობრებს კი ისე აურია ომმა გზა-კვალი, რომ ზოგი სად იყო დაფანტული, ზოგი სად. ალექსი არავისთან ერთად არ აღმოჩნდა. არც ცოცხლებში, არც მკვდრებში. თუმცა ამაში გასაოცარი რა იყო? ომი-ომია და ის არასოდეს არჩევს ვინ შეიწიროს-დამნაშავე თუ უდანაშაულო... ზრდასრული ადამიანი, თუ ბავშვი... გამარჯვებული აქ არ არსებობს. რჩება მხოლოდ სიცოცხლის წინაშე ჩადენილი დანაშაული...
   მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, როცა მიწასთან გასწორებული თბილისის ქუჩებში ხალხმა იწყო მოძრაობა და ყველაფრის დასუფთავება, ჩვენს უბანში, ეკლესიასთან მისი სიმებაწყვეტილი გიტარა იპოვნეს, რომელიც ტყვიებით იყო დაცხრილული. არსად  სისხლის კვალი არ ემჩნეოდა, არც ახლომახლო ჩანდა მისი პატრონის რაიმე ნიშან-წყალი.
   -ბეჩავი..-, სინანულით ქოთქოთებდნენ ზუსტად ის მეზობლები, რომლებიც ხშირად წყევლიდნენ ხოლმე.
   მაშინ ვერ გავბედე მეკითხა, რა უყვეს მის გიტარას. უფრო გამბედავი რომ ვყოფილიყავი, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ იგი ჩემს ხელში აღმოჩენილიყო, როგორც სახსოვარი, რომლის ფასიც სხვამ არავინ იცოდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ამის გამგონემ განადგურებულმა შევაღე ჩემი ოთახის კარი და ღია ფანჯარაში შუაღამემდე გაუჩერებლად ვუკრავდი “იავნანას”. ვუკრავდი, სანამ თითის წვერები არ ამეწვა და ზედ “მაზოლები” არ გამიჩნდა. არავის კრინტი, ხმა, წყევლა არ გამიგია, თუმცა ზუსტად ვიცოდი, იმ ღამით უბანში არავის არ ეძინა. სიჩუმე იყო და თითქოს ყველანი ამ სიჩუმით ცდილობდნენ მთელი იმ ლანძღვა-გინების გამოსყიდვას, რომლითაც ალექსის სიცოცხლეში “ამკობდნენ”.
   მერე ყველაფერი შეიცვალა. ცხოვრება ახალი სიძნელეებით დაიწყო-უშუქობა, შიმშილობა, მომავლისთვის სასიცოცხლო ძალების კბილებით ძიება... არ მახსოვს, უფრო სწორად კი სიზმარივით მახსოვს ის რამდენიმე წელი. მახსოვს ყრუ, დადუმებული უბანი, რომლის გაცოცხლებასაც ღამით ისევ მე ვცდილობდი გიტარით. შემდეგ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავსახლდით, სხვენის მაგვარ ოთახში. მახსოვს მაშინდელი გაჭირვებაც, სოფლიდან ბებოს გამოგზავნილი პომიდვრის წვნიანით სავსე ქილები, რომელიც ერთადერთი საკვები იყო ჩვენთვის. ბევრი სიბნელე და პატარა სიხარული-ეზო, სადაც ახალი მეგობრები შევიძინე. ალექსიც ცოტახნით თითქმის მიმავიწყდა. თურმე ასეც ხდება... ჩემი ბავშვობის მეგობარ მარკ ტვენს დავესესხები-“ახალგაზრდული გული ძალიან ელასტიურია და დიდხანს არ რჩება შეკუმშული”. ჰოდა, ჩემი გულიც მალევე გაიხსნა და ჩაება ახალ ცხოვრებაში.
   მაგრამ ყოველგვარი მუსიკის გარეშე... ჩემს ცხოვრებაში საბოლოოდ გაქრა ის, რაც მაშინ მაბედნიერებდა. ზოგჯერ, ძველი სიზმარივით თუ გამახსენდებოდა, რომ ჩემი გიტარა სხვენში, ძველმანებთან ერთად ეგდო და ეს ჩემში უკვე აღარც ტკივილს და არც სიხარულს აღარ იწვევდა.
   მხოლოდ წლების შემდეგ, ერთ დღესაც, როცა ჩემს ძველ უბანში, ძველი მეგობრის სანახავად მომიხდა წასვლა, ზუსტად იმავე გაჩერებაზე დაველოდე სამარშუტო ტაქსს. ის ელექტრო ბოძიც იქვე დამხვდა. მივადე თუ არა თავი, რაღაც უცნაურ განწყობაზე დავდექი.  თითქოს ისევ ჩამესმა იავნანას მელოდია და თითქმის შევიგრძენი, რომ ალექსი ჩემს უკან იდგა.
   მივტრიალდი და რათქმაუნდა, იმედგაცრუებული დავრჩი.
   კედელი, რომელთანაც ის იჯდა ხოლმე, ტყვიებით იყო დახვრეტილი და გაშავებული. ზედ ვიღაცას წაეწერა ცარცით “აქ იყო ბრძოლები”. მთელი ბავშვობა, ჩვენი პირისპირ შეხვედრიდან-ომის ნარჩენებამდე თვალწინ დამიდგა და ისევ ცხადად ჩამესმა ყურში მისი გიტარის ხმა. ხმა, რომელიც დამიბრუნდა... მუსიკა, რომელიც წლების განმავლობაში დავიწყებული მქონდა.
   და ისევ ვიგრძენი სიმხურვალე, ისეთი სიმხურვალე, რომელსაც სიცოცხლეში ალბათ მხოლოდ ერთხელ გრძნობს ადამიანი. სითბო, რომელიც სუნთქვისშეკვრით იწყება და ბოლოს გულთან, მუცელში დატრიალებული პეპლებით ბოლოვდება... ყველა მიხვდება, ვისაც ოდესმე ჰყვარებია.
   ჩემი ტრანსპორტიც მოვიდა, მაგრამ აღარ გავყოლივარ. გაშეშებული ვიდექი. მერე მახსოვს, ადგილს მოვწყდი, კედელთან მივირბინე, შიშველი ხელით წავშალე “ბრძოლები” და იქვე დაგდებული ცარციანი ქვით მივაწერე “მუსიკა”.
   დიახ, აქ იყო მუსიკა...

/ ნინო ჭინჭარაული/
/2014/

Sunday, August 2, 2015

სინამდვილეში რა მოხდა "ინსომნია"2015-ზე


(ყველაზე რეალური ფენტეზი)


   ეს ჩემი ყველაზე სუბიექტური და ემოციური პოსტია, ამიტომაც არ მსურს, მშრალი ქრონიკის, ან თუნდაც დღიურის ჩანაწერების სახით შემოვინახო და ამიტომაც, ნაწერს სწორედ იმ ჟანრის მოთხრობის სახე ექნება, როგორიც 27 ივლისს, ინსომნიის პირველ ღამეს, ნახევრად ჩაბნელებულ წიგნის მაღაზიაში ჩაკეტილმა დავწერე.
  
    ყველაფერი ღამის ბათუმში არ დაწყებულა, გაცილებით უფრო ადრე, ჯოჯოხეთის ქვაბივით მოთუხთუხე, ადუღებულ თბილისში დაიწყო, როცა უნებურად შევნიშნე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი თანაინსომნიაკი თინა და მე მთელი გზის განმავლობაში უცნაურ ღრუბელში ვიყავით გახვეულები. ჩვენს გარდა ვერავინ ამჩნევდა ამ საოცარ, ეთეროვან სივრცეს, რომელიც ჩემდაგასაოცრად ორთავეს პირიდან ამოგვდიოდა და გარშემოშემორტყმულ სფეროში გვაქცევდა. ისედაც ჩახუთული ჰაერი შესქელებული იყო. ერთხელ, როცა საუბარი შევწყვიტეთ, შევამჩნიე, რომ ღრუბელმა ნელ-ნელა დაიწყო ქრობა,სანამ მისგან მხოლოდ ფრაზები, სინონიმები, იდიომები არ დარჩა და როცა ის მანქანიდან ჩავიდა, მთელი ჰაერში მოლივლივე წინადადებების გუნდი ერთგულად თან ჩაჰყვა და მე მივხვდი, რატომ გახდა ჩემი თანამგზავრი ამ მისტიური ფესტივალის ერთ-ერთი რჩეული.
   თინა მანია სიტყვების მბრძანებელი იყო და ვინც მის სულში ჩახედვას გაბედავდა, უკურნებელი სენი-“თინამანია” ემართებოდა.
   მეც ქალაქში უკვე ინფიცირებული ჩამოვედი.
თინა მანია
  
* * *
    ბათუმი ზღვისპირა, ლამაზი ქალაქია, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი საიდუმლო, რომელსაც ახლა გავამხელ. ათასობით მიმობნეულ ლამაზ, მოციმციმე რესტორნებს, სასტუმროებსა თუ სახლებს შორის არის პორტალი პარალელურ სამყაროში, რომელიც შენიღბულია შუშებითა და ხის თაროებით, თაროებზე მობინადრე ელვარე წიგნებით, ქარის მუსიკით, უზარმაზარი სიზმარმჭერით და მასში ფეხისშედგმისთანავე კედელზე გხვდებიან მოცეკვავე კაცუნები, რომლებიც ამბობენ “welcome to books in batumi”.
პორტალის დედოფალი მარი
     არ დაიჯეროთ... არ დაიჯეროთ... ეს ყველაფერი მხოლოდ შირმაა, რომელიც გამოიგონეს ამ სამყაროს, ამ იდუმალი სახელმწიფოს გამგებელმა მეფე-დედოფალმა მარიმ და ირაკლიმ. ეს იდუმალი არსებები, რომელთაც ღამ-ღამობით ოდნავ შესამჩნევი ნათება დაჰყვებოდათ, თავად იყვნენ იმ პარალელური სამყაროს წარმომადგენლები, რომლის არსებობასაც ასე გულმოდგინედ მალავდნენ და მხოლოდ წელიწადში ერთხელ, 7 რჩეულ ადამიანს აძლევდნენ მათი ხილვის საშუალებას. არ ვიცი სხვებმა რა იხილეს, მე კი...ღმერთო საიდან დავიწყო...
   ინსომნიის პირველ ღამეს, როცა ყოველგვარი ვიდეოკამერები, ფოტოაპარატები და ადამიანები გაქრნენ წიგნის მაღაზიიდან და კარის ძირში გასაღებმა გაიჩხაკუნა, პირველად ვიგრძენი, რომ სრულ მარტოობაში დავრჩი.
ჩაკეტილი მე
   შიშს არ შევუბორკივარ, ჯერ ინტერესით დავუარე კედლებს, ავამღერე ქარის მუსიკა, ხელი შევავლე დრიმქეჩერის ბუმბულებს და ვთხოვე, ჩემი ძილი და სიზმრები თან წაეღო. შემდეგ მოვიკალათე საქანაო სკამზე და ლეპტოპის მაგიერ თაბახებზე დავიწყე კალმით წერა. მალევე გავაცნობიერე, რომ სკამის რწევა აზრების მოკრებაშიც მეხმარებოდა.
   სამი თაბახის შევსების შემდეგ ყავის დასალევად სამზარეულოში გავედი. სწორედ მაშინ დამთავრდა ჩემი მშვიდი ყოფა.
   ჭიქის გარეცხვის შემდეგ, გამოსვლა დავაპირე თუ არა, წკაპუნის ხმა გავიგონე. გავშეშდი და მივაყურადე. ასეთ დროს რას უნდა ეხმაურა მაღაზიაში, რომელშიც აბსოლუტურად მარტო ვიყავი? ხმა მაცივრის მხრიდან მოდიოდა, თითქოს რაღაც არსება დარბოდა მის უკან. “იქნებ თაგვია”... გავიფიქრე და ისევ ოთახში გასვლა დავაპირე, მაგრამ კარის ზღურბლზევე რაღაცამ შემაყოვნა.
   ხმა ისეთი მონოტონური და რიტმულად გამეორებადი იყო, რომ შეუძლებელი იყო, ცოცხალ არსებას გამოეცა. რაღაც თხევადის ძირს დაწვეთების ხმას ჰგავდა და მეც უსწრაფესად გამიელვა გონებაში კადრებმა... სისხლი...გვამი... მაგრამ მაშინვე უარვყავი ეს სისულელე (საიდან გაჩნდებოდა მაღაზიაში გვამი? ან, მასთან ერთად როგორ დამტოვებდნენ?) კარგად დავუკვირდი ხმის ლოკაციის ადგილს და საბოლოოდ, კარგა ხანს ვხარხარებდი პატარა სარკმლის რაფაზე კონდინციონერიდან დაწვეთებული წყლის შემყურე. ასეთივე ხარხარით, საბოლოოდ დამშვიდებული და წერის “მუღამზე” მოსული გამოვედი ოთახში და... იქ ისეთი დამხვდა, სისხლი გამეყინა...
ზღვის შვილი
   ოთახი გადატენილი(ამ სიტყვის ბუკვალური გაგებით), გ ა დ ა ტ ე ნ ი ლ ი  იყო სხვადასხვა ჯიშის,თუ ჯურის არსებებით და ჩრდილებით. ყველა, ყველა გაცოცხლდა. ოთახის ცენტრში კედლიდან ჩამოსული, ბრტყელი მოცეკვავე კაცუნები ფეხშიშველ ჰობიტებთან ცეკვავდნენ, დემონ მარას ფოლკნერის დათვი დასჭიდებოდა, რომელთაც ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ კარამაზოვები. ჩემს საქანაო სკამზე კი მარჯან სატრაპი წამოსკუპებულიყო და მარჯვენა ხელით ჩადრს აფრიალებდა. მე ზედაც არავინ მიყურებდა, თითქოს იქ არც ვიყავი.
   ღმერთო,რა ქაოსი იყო! არა, ზოგადად-ქაოსი და არეული ოთახი წერაში ძალიანაც მეხმარება ხოლმე, მაგრამ იმ საშინელ ღრიანცელში რამის დაწერა კი არა, ფიქრიც კი შეუძლებელი იყო.  “თუ ესენი უკანვე, პორტალში არ ჩავყარე, მოთხრობა დაუწერელი თუ არა, აუკრეფავი მაინც დამრჩება”-თქო, შემეშინდა და თითი გამოვკარი ქარის მუსიკას.
   შენც არ მომიკვდე...სულ ფეხზე არ ეკიდათ?
   მაშინ, გაბრაზებულმა ჩამოვხსენი “დრიმქეჩერი”  და გონებაში დავიღრიალე- “მომშორდით”-,მეთქი. ჩემდაგასაოცრად ყველანი წამიერად გაშეშდნენ, გაოცებული თვალებით შემომხედეს და პირველად შემამჩნიეს, მერე მზერა ისევ ერთმანეთს მიაპყრეს და ნელ-ნელა, კვამლივით აალებულები საშინელი წივილ-კივილით, ქარბორბალასავით დატრიალდნენ ჩემს გარშემო.
ამინდის მბრძანებელი ქეთრინი
   თმები ამეწეწა, ხმაურისგან ყურები ამეწვა და მიწაზე დავეშვი თვალდახუჭული, ისე, რომ დრიმქეჩერისთვის ხელი არ გამიშვია. მეორე ხელით იატაკს ვეყრდნობოდი და ძლივს ვიკავებდი თავს, რომ ამოვარდნილ ქარიშხალს მეც თან არ გავეტაცე.
   სიზმარმჭერმა ყველა შეისრუტა.
   როცა ქარი ჩადგა, წამოვდექი და კამერებს გავხედე. არაფერი გადაუღიათ. სასწაული შემთხვევითობით(ან განგებ) ჩემს ღამეს ლაივსთრიმი არ ჩაირთო. შესაბამისად, არც არავის არაფერი გაუგია. ყოველშემთხვევაში ასე მეგონა, სანამ...
   გაწეწილმა გავასწორე მონჯღრეული დრიმქეჩერი და თავის ადგილას დავკიდე. Aმჯერად წერა პირდაპირ ფაილში გავაგრძელე და ის-ის იყო, უნდა დამესრულებინა, რომ აღმოვაჩინე, ოთახში მარტო სულაც არ ვყოფილვარ. იქ კატა იყო, ნაცრისფერი კატა, რომელიც თურმე თვალს მადევნებდა ისე, რომ მე ვერ ვხედავდი.
   _როგორ მიდის საქმე?-, მკითხა უეცრად.
   _კარგად-, მივწერე:_ ვამთავრებ.
   _ხომ მშვიდობაა?-,მეკითხება ღიმილიანი ნიშნით.
   _კი,-მივწერე: _ მარტო თაგვი მომეჩვენა დარბოდა და თურმე წყლის ხმა იყო.
   _ჰო, ასეთ დროს ჩვენი გონება სხვაგვარად მუშაობს...
   და დატოვა სასაუბრო სივრცე, მე კი მივხვდი, რომ ყველაფერი დაინახა და გამომცადა, ვიტყოდი თუ არა.
   რა ვქნა, რომ მაინც მოვყევი:) ...
კოშკა
   დასრულებულ მოთხრობას თავი-ბოლო კარგად მოვუკარი და შიგ გამოვამწყვდიე ყველაფერი, რაც ღამით ვიხილე. პორტალის მცველისთვის, რომელმაც დილით კარი გამიღო და დროებითი ამნეზიის გამომწვევი ყავა მომიმზადა(სხვათაშორის საშინლად გემრიელი) არაფერი მითქვამს და ფეხით მივაკითხე ჩემს ოთახში მობინადრე სიტყვების მბრძანებელს, რომ ერთად წავსულიყავით და ზღვაზე დაგვეხრჩო ძილი.
   მეორე ღამის გამთენებელ თანაინსომნიაკს, ზღვის შვილს სასაუბროდ გამთენიისას მივაკითხე, მაგრამ თვალებშივე შევატყვე, რომ არაფერი ენახა. გულდაწყვეტილი ჩანდა, ალბათ არ გამოეცხადნენ, ან მაშინ გაიხსნა პორტალი, როცა მას პუფსა და ბალიშებზე მოკალათებულს ტკბილად ეძინა. შესაძლოა იქ მობინადრე არსებებმა იფიქრეს- ამას კიდევ ბევრჯერ შევაშინებთო, ან საერთოდ გადაიფიქრეს მისი განაწყენება, რომ გაბრაზებულს არ დაესაჯა ისინი და მაღაზიაში შემოსულ მკითხველთან რეკომენდაცია არ გაეწია. ანუ სიკვდილის შეეშინდათ, წიგნის თაროზე ცოცხლად დამარხვის.
   ბევრი წიგნი იმარხება ხოლმე წიგნის თაროებზე...
ბევრჯერ დაბადებული ჯეიმსი
   მართალია, ზემოთხსენებული თანაინსომნიაკი კარგად ვერ გავიცანი, რადგან ჩვენთან ერთად არ ცხოვრობდა, მაგრამ გარკვევით შევნიშნე, რომ ერთ ჭერქვეშ მცხოვრები დანარჩენი რჩეულებიც რაღაც უცნაური უნარით იყვნენ დაჯილდოებულები.
   გრძელთმიანი ჯეიმსის რეალური პიროვნება ჯერ მეორე თუ მესამე დღეს, სასადილო მაგიდასთან, არყის ჭიქებს შორის მოტივტივე ანამნეზით აღმოვაჩინე, შემდეგ კი ღამით, აივანზე ჩაცუცქული, როცა ბათუმის ჰაერს ვატანდით ბავშვობის ცუდ მოგონებებს. ღამით ჰაერი ყოველთვის სავსეა ხოლმე სიზმრებით და ვინ იცის, იმ გამთენიას ჩვენი ბავშვობა რამდენ ადამიანს დაესიზმრა.  ჩვენ კი, მოგონებას-მოგონებაზე ვცვლიდით და მაშინ თითქოს თვალზე ახვეული ლიბრი მომეხსნა და დავინახე, რომ სახლში მცხოვრებთაგან ასაკით ყველაზე პატარა, 22წლის ჯეიმსი, ყველაზე დიდი იყო, ყველაზე უფროსი ჩვენს შორის და ამ ასაკს ოსტატურად მალავდა გრძელ თმებში. ალბათ რამდენიმე საუკუნის იქნებოდა, ან რამდენიმეჯერ დაბადებული.
   როგორ მიყვარს ბევრჯერ დაბადებული ადამიანები...მათთან არ გჭირდება რამის ახსნა და ცერემონიები. ისინი თითქოს გაცნობამდეც კარგად გიცნობენ.
   ჩვენს სახლში ყოველთვის განსაკუთრებული კლიმატი იყო, სასიამოვნო სიგრილე. Aრც არასდროს ციოდა, არც ცხელოდა და წვიმაც მხოლოდ ერთხელ , მოწმენდილზე წამოვიდა, როცა სტივენ კინგის გავიზუალიზირებულ მწვანე ფანტაზიებს ვუყურეთ. მახსოვს მაშინ გავიფიქრე, იქნებ იმ ღამით მაღაზიაში წყლის წვეთების ხმაური არაფერშუაში იყო და ჩემს გასამხნევებლად მისტერ ჯინკლსი მოვიდა. ნეტა მომეძებნა... ძაფის კოჭს გადავუგდებდი და ისიც თათებით აგორავებდა.
   ამინდზე ვსაუბრობდი... ჩვენთან ყოველთვის კარგი ამინდი იყო, როცა ერთად ვიყავით და რაღაცნაირად მეგონა, რომ ეს განსაკუთრებულად ერთი ჩვენგანის დამსახურება იყო. ვიღაც განკარგავდა იმას, რომ ჩვენს შორის ამინდი არ გაფუჭებულიყო. მახსოვს, მხოლოდ ერთხელ, ჩემი წამოსვლის წინა ღამით ჯერ მოსაწყენად დაცხა, მერე კი მოიღრუბლა და ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ იყო. საერთო ცაზე უცხო ღრუბელი გამოჩნდა. სწორედ მაშინ მივხვდი, ვინ ქმნიდა ჩვენს კარგ ამინდს და რატომ აარჩიეს ქეთრინი 7რჩეულ ინსამნიაკს შორის.
   ქეთრინმა შენიშნა თუ არა ჩვენს თავზე ამღვრეული ცა, ხელი ჩაავლო ღრუბელს და აივანზე გაათრია. არ ვიცი იქ რა შეულოცა, მაგრამ უკან დაბრუნებული ღრუბელი ნელ-ნელა თავისით გაიფანტა და ცოტახანში ჩვენს თავზე ისევ მზემ გამოაჭყიტა.
  ჩვენი ქეთრინი ამინდის მბრძანებელი იყო...
  დარწმუნებული ვარ, თავისი ინსომნიის ღამეს გახსნილ პორტალშიც მზეს შეუშვებდა და მაღაზიაშიც ისეთ კლიმატს დატოვებდა, რომ მომდევნო ღამით შესულ ჯეიმსს თავი სახლში ეგონებოდა...
კედი
   როცა ამ სამი რჩეულის(ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი) მისია თუ უნარი აღმოვაჩინე, ძალიან დამწყდა გული, რომ დანარჩენი თანაინსომნიაკების ამოხსნას ვერ შევძლებდი. ზღვის შვილი თავის ნავში ცხოვრობდა, კედი და მარკი კი ჩემი მოგზაურობის დასრულების წინაღამით ჩამოვიდნენ. უკან დაბრუნებულმა მხოლოდ ის გავიგე, რომ მარკი ჩვენი სხვაკლიმატიანი ბუდის გარეთ დასახლდა, ხოლო კედი მაღაზიაში გადაღებულ ფოტოზე ისეთი სახით ვიხილე, რომ დარწმუნებული ვარ, მთელი ჯოჯოხეთის მაშხალებიც რომ გაცოცხლებულიყვნენ მისი ღამისთევისას, თავისი გრძელი თმებით დაახრჩობდა და ჭადრაკისებური კაბის ლაბირინთებში შეყრიდა.
   როცა ამ ყველაფრის საკუთარ თავში მოკრება დავამთავრე, გამხასენდა, რომ სახლში მარტო ოთხნი არ ვცხოვრობდით. ჩვენთან ცხოვრობდა კატაც, რომელიც არანაკლებ უცნაური და საინტერესო არსება იყო. ვფიქრობ, პირდაპირ პორტალიდან გადმოვიდა და დარჩა. სურვილისამებრ შეეძლო გაქრობა და სადაც არ ელოდი, იქ გაჩენაც. ყველგანაც იყო და არსადაც. თუმცა მისი შიში არავის გაგვჩენია, პირიქით- იდუმალი სიმშვიდე და შთაგონებაც მოჰქონდა. სრულ მარტოობაშიც შეიძლებოდა გაგეგონა მისი ხმა და გამხნევებულიყავი. ეს კარგად დავაფასე ჩემი ინსომნიის ღამეს.
მარკი
   ასეთი თავბრუდამხვევი მოგზაურობიდან ნაადრევად დაბრუნებული, ფეხმორთხმით ვიჯექი მატარებელში და ვიცოდი, უცნაური დამთხვევით რატომ იყო თავისუფალი სკამი მხოლოდ ჩემს გვერდით. მე მარტო არ ვიყავი,იქ მეწყო შთაბეჭდილებები სიტყვების მბრძანებელზე, ბევრჯერ დაბადებულ ჯეიმსზე, ამინდის გამრიგე ქეთრინზე, ტელეპორტ კატაზე, პორტალ-მაღაზიაზე, მის გამგებელ მეფე-დედოფაზე, სამეფოს მცველ თანამშრომლებზე და იმ უცნაურ ამბავზე, რომელიც დასაწერად ბავშვობის ხსოვნიდან ამოვქექე და უკვე წამოსვლისას გამახსენდა.
   ჰოდა დავფიქრდი... მე? მე რისთვის ამირჩიეს 7რჩეულს შორის?
   ალბათ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის დანახვა შემეძლო. ალბათ იმისთვის,, რომ ასე ბანალურად არ დამეწერა- “ ლიტერატურულ ფესტივალ “ინსომნია”2015ზე, სადაც 90 მდე ადამიანმა გააგზავნა თავისი ფობიოგრაფია, შვიდეულში მოვხვდით ადამიანები, რომელთაგანაც თითქმის ყველამ წინა წელსაც ვცადეთ მონაწილეობა. მიგვიწვიეს 1კვირით ბათუმში, რომ თითო ღამით სათითაოდ ჩავკეტილიყავით მაღაზიაში “წიგნები ბათუმში”, სადაც შევქმნიდით ჟანრულ მოთხრობას. ეს გადაიღო “იმედ”მა და ასევე გვქონდა რამდენიმე ინტერვიუც, სტანდარტული ბლა-ბლა-ბლა...” .” უცხო თვალისთვის ალბათ ასეც ჩანდა ყველაფერი.
   მე კი... ვიცი...
   ჩვენ კი...ვიცით...

   სინამდვილეში რა იყო...:)

/ნინო ჭინჭარაული/