Friday, December 10, 2010

"ჩემი ლექსები,როგორც მილოცვა-მათ,ვინც არასდროს არ მივიწყებენ!"


"საქართველოს სისხლში უდუღს შენი ლექსი,
საქართველოს სიჭაბუკევ
, მირზა!"
მორის ფოცხიშვილი

"1938 წელს ჟურნალ "ჩვენი თაობის" რედაქციაში ახოვანი ჭაბუკი მოვიდა. მერე გამოირკვა, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს კარგა ხანს ედო მისი ლექსები საწერი მაგიდის უჯრაში. ვიღაცას მოეჩვენა, რომ ლექსებში ძველი დრო იყო ნადიდები. ჭაბუკი ხელნაწერის წასაღებად მოვიდა _ თუ არ მოგწონთ, რას ვიზამ, ნაწყენი არ დაგრჩებითო. დავინტერესდი, მაშინვე წავიკითხე და მივხვდი, ჩემს წინ პოეტი იდგა. ხელნაწერს წავაწერე (მაშინ რედაქტორი ვიყავი): დაიბეჭდოს მეექვსე ნომერში. ის ჭაბუკი მირზა გელოვანი იყო..." (1984 წ. ლ. გ. # 33) _ ასე დაულოცა ირაკლი აბაშიძემ გზა ოცი წლის პოეტს.
მანამდე მირზას სახელი რაჟდენ გვეტაძის მოთხრობაში "ლაშაურის საღამოები" გამოჩნდა, სადაც რაჟდენმა მოახდინა მისი ლექსის "თეთრი მიწა" ციტირება. მირზას ახალგაზრდობა უკვე იცნობდა, მისი ბევრი ლექსი ზეპირადაც იცოდა.

"ეს იყო გულწრფელი ლექსები, ქართული პოეზიის ტრადიციებზე შექმნილი, ლაღი და მუსიკალური და ხალხს მოსწონდა, გატაცებით კითხულობდა" _ წერდა ვახტანგ ჭელიძე.
ლექსები ზუსტად ეხმიანებოდა ავტორის პიროვნებას. მას ახასიათებდნენ, როგორც სათუთი გულის, პირდაპირ, თავდაჭერილ ჭაბუკს, რომელსაც "თაყვანისცემა შეეძლო, მონობა _ არა". მას დაუოკებელი სულით ბარათაშვილსაც ადარებდნენ. მის პოეზიაში, როგორც გალაკტიონის სიდიადეს, ისე ვაჟას ხალხური პოეზიის მიმზიდველ ძალასაც ხედავდნენ. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა. მირზას წარმომავლობა, ხელოვანთა ოჯახი, ბავშვობის აკვანი _ ყველა ერთად მონაწილეობდა შემოქმედად მის ჩამოყალიბებაში.

რევაზ გედევანის ძე გელოვანი ("მირზა" მან აღმოსავლური პოეზიის სიყვარულით დაირქვა) 1917 წლის 2 მარტს დაიბადა, თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში. ბავშვობა თიანეთში გაატარა, დედულეთის ლამაზ ბუნებაში, რომელსაც არაერთი ლექსი მიუძღვნა. "ამ ბუნებამ მისცა მის პოეზიას ასეთი სურნელება. მან მისცა მას მინდიას სიბრძნე... კავკასიონის მთებმა ჩაუნერგეს მას სიამაყე და სიკვდილშიაც არდანებება" (ვ. ხარანაული. `ახალი თიანეთი~). მირზამ აქვე დაამთავრა სკოლა და პედაგოგიური ტექნიკუმი. შემდგომ მისი ცხოვრების გზა სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა, აქ ახალი მეგობრები და ახალი ცხოვრება ელოდა, რამაც შემდეგ მის ლექსებში ჰპოვა ასახვა.

რევაზ მარგიანი იხსენებს: "ჭაბუკ მწერალთა შორის ჩემმა პირველმა მეგობარმა, ალექსანდრე საჯაიამ გამაცნო მირზა. ეს იყო 1935 წლის მიწურულს, როცა უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები ვიყავით... შეიკრა ჩვენი მეგობრული წრე... ხშირად ვუკითხავდით ერთმანეთს ლექსებს. მირზას უყვარდა ხმადაბლა, ჩუმად, წამღერებით თქმა ლექსისა. ხანდახან შეჩერდებოდა, გადმოგვხედავდა, თითქოს ჩვენს სახეზე სურდა ამოეკითხა _ მოგეწონათ თუ არაო..."

რევაზ მარგიანის მოგონებებიდან ვგებულობთ, რომ მირზას ლექსები გალაკტიონსაც წაუკითხავს და მოწონებაც გამოუხატავს. "ნედლმა, უშუალო და გულწრფელმა სტრიქონებმა" მას ნიჭიერი შემოქმედის სახელი დაუმკვიდრა. იგი კარგად იცნობდა ქართულ კლასიკურ და თანამედროვე პოეზიას. ამდენად, სრულიად მომზადებულს გადაუდგამს ქართულ პოეზიაში პირველი ნაბიჯები.

"მე დღესაც მიკვირს ის საოცარი ნაადრევი მომწიფება, რითაც გამოირჩევა ჟურნალ "ჩვენი თაობის" ირგვლივ ოცდაათიანი წლების მიწურულში შემოკრებილი ახალგაზრდობის საგრძნობი ნაწილი" _ წერდა ლადო ავალიანი. მართლაც ამ თაობის წარმომადგენლები იყვნენ ლადო ასათიანი, გაბრიელ ჯაბუშანური, იოსებ ნონეშვილი, რევაზ მარგიანი, ალექსანდრე საჯაია... მათ სრულიად ახალი ფერები შესძინეს ქართულ მწერლობას. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო მირზა გელოვანი.

მირზას ლექსების გამომზეურებაში დიდი როლი მიუძღვის მისი ბავშვობის მეგობარს, თანასოფლელს, ცნობილ მთარგმნელს ვახტანგ ბეწუკელს. მათ არაერთი წელი გაეტარებინათ ერთ ჭერქვეშ, ერთად იზიარებდნენ ჭირსა და ლხინს. ვახტანგ ბეწუკელმა მძაფრად გამოხატა მეგობრის დაღუპვის ტკივილი წერილში "უკანასკნელი საუბარი მეგობრის ლანდთან". მირზას ახლო მეგობარი ყოფილა ლადო ასათიანიც. "ორივე სიცოცხლის მგზნებარე მომღერალი იყო, ორივე გულზვიადი მთების შვილი" (ი. ბეჟანიშვილი), თუმცა მათი შემოქმედება, ისევე როგორც პიროვნებები, განსხვავებული იყო. თუ ლადოს იხსენებენ, როგორც ფეთქებად ყმაწვილს, რომელიც თავის პოეზიას უჩვეულო ფერადოვნებით ამკობს, მირზას პოეზია უფრო იდუმალი იყო, მისი წრფელი, მაგრამ შეუვალი პიროვნების შესატყვისი.

...ცისფერთვალება, შეუცნობელი ძალის, მომხიბლაობისა და ნებისყოფის მქონე ყმაწვილი, რომელსაც არასოდეს ტოვებდა გაბედულება და შემართების ნიჭი... ასეთად ახასიათებენ მეგობრები. 1994 წელს გაზეთ "ნერგში" დაიბეჭდა მირზას დღიურის ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს პოეტის ფაქიზი სული, პირველი სიყვარული... მირზა ხშირად რითმავდა ორ სიტყვას: "მთაწმინდის ცა" და "ცაცა" (გოგონას სახელი)...

ქეთევან ბურჯანაძეს მირზა ლექსებმა გააცნო. ისიც წერდა და მისი ორი ხელნაწერი რვეული ერთხელაც სადღაც დაიკარგა. მოგვიანებით, როცა მეგობრებმა უკან მოუტანეს, ერთის ბოლო ფურცელძე მირზას ხელით მინაწერი ამოიკითხა: "უცნობ პოეტ ქალს, ვისი ლექსებიც მე წავიკითხე, მისი ნებართვის გარეშე:

"ხომ შეიძლება ჰანგები მწველი
გაიმეორონ შენს ლექსებიდან
და დაიღვაროს ნელი სურნელი
ამ დაუბეჭდავ ხელთნაწერიდან.
დარდებს თუმც გული გაუკვეთია
მიდიხარ, და გზებს არ უჩანს ბოლო,
ეს სულერთია, ჰო სულერთია,
თუნდა დაიწვა, თუნდა იცხოვრო".

მირზას ერთ-ერთმა მეგობარმა, თინა მაქსიმენიშვილმა, როდესაც ფრონტიდან მისთვის გამოგზავნილ ლექსს "ნუ მწერ" შესაფერისი პასუხი ვერ მოუძებნა, კონვერტით იის კონა გაუგზავნა.

"რაც მაოცებდა და მიტაცებდა მირზაში ის იყო, რომ ასეთი სრულქმნილი პიროვნება, სულ ბოდიშს იხდიდა თავისი სიკეთისათვის. ცდილობდა არავისგან ყოფილიყო გამორჩეული და ამას ისე აკეთებდა, თითქოს მართლა ჩვეულებრივი პიროვნება იყო..." _ იხსენებს ნინო ლაშხი. როგორც ცნობილია,მირზას სიყვარულს ბევრი "იბრალებდა",თუმცა ყველაფერი ნათელი ხდება ნინო ახვლედიანის(გოგონა,რომელსაც მიუძღვნა მირზამ ლექსი "ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით..") ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ.

მირზა 1939 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. წასვლის დღეს მან ყველა მეგობარი ნახა. წარმოუდგენელი იყო არდაბრუნება... 1944 წლის ივლისში ბელორუსიის მიწაზე დაეცა გმირულად. მირზა ომმა შეიწირა. მისი ლექსები (სულ 37), რომლებსაც ომის წლებში სამშობლოში გზავნიდა, მისმა დამ, რუსუდან გელოვანმა შემოინახა.

სულ 27 წელი დასჭირდა თვითმოყფადი პოეტური მემკვიდრეობის დასატოვებლად და სახელის უკვდავსაყოფად. 1975 წლის 9 მაისს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. დღეს მის სახელს ატარებენ სკოლები: ქუთაისში (#29), ვიტებსკის სოფელ რჟავსკში, ხულოსა და თიანეთში (#1). ყოველი წლის 2 მარტს თიანეთის #1 სკოლასა და მირზას სახლ-მუზეუმში აღინიშნება პოეტის დაბადების დღე.
"მირზა დარჩა იმ მწვავე ჭრილობასავით, რომელიც ასე ხშირად გვახსენებს ხოლმე თავს, ძალზე მტკივნეულად... თუმცა, სამშობლოს გასახარად, მირზა ამაყად მოაბიჯებს ქართულ მწერლობაში, რადგანაც მან ასახელა, არა მარტო ის თაობა, რომელსაც ასაკით ეკუთვნოდა, არამედ მთელი ქართული მწერლობა, მთელი ქართველი ხალხი..." (ლ. ავალიანი)


P.შ.დიდი ხანია მინდოდა პატარა წერილით ამ პოეტის მიმართ პატივისცემა და არდავიწყება გამომეხატა. ეს მიკარნახა როგორც მისი შემოქმედების სიყვარულმა, ასევე თანასოფლელობამ და ნათესაურმა კავშირებმაც. დაე, მუდამ გვახსოვდეს ყველა თაობას

"შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის,
ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს,
ჩემი ლექსები _ როგორც მილოცვა
მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ.
გაბზარულ სხივებს, აღმართულ ხელებს,
საღამოს, დღეში _ თრთოლვა, ძიებას,
ძვირფას სახელებს, უცნობ სახელებს
ჩემი ლექსები _ ვით პატიება.

მეგობართ ჩრდილებს, მეგობართ წყებას
ტრფობის დამალვის, არგამოჩენის,
როგორც სიკვდილში არდავიწყება,
არ დაივიწყებს ლექსები ჩემი.."

ეს მირზას უკანასკნელი ლექსია, 1944 წელს სამშობლოში გამოგზავნილი.


ნინო ჭინჭარაული

1 comment:

  1. მირზა ხევსური არ არის,მაგრამ თიანელია და ხევსურებს განსაკუთრებით გვიყვარს!

    ReplyDelete