Friday, June 24, 2011

Noche de verano(ზაფხულის ღამე)


es una hermosa noche de verano.

tienen las altas casac,

abiertos los balcones

del viejo pueblo ala anchurosa plaza.

en el amplio rectangulo disierto,

bancos de piedra,

evonimos y acacias

simetricos dibujan

sus negras sombras en la arena blanca.

en el cenit la luna

y en la torre

la esfera del reloj iluminada.

yo en este viejo pueblo

paseando como un fantasma..

/Antonio Machado/

 
დგას მშვენიერი ზაფხულის ღამე..

სოფელი ძველი,

მოგრძო სახლები,აივნები ფრიალა,ვრცელი,

ფართოდ გაშლილი მოედანი

უკაცრიელი..

თეთრ qviSaze სიმეტრიით მოხაზული შავი ჩრდილები-

ეონიმუსის,ქვის სკამების,აკაციების.

ზენიტი მთვარის,

კოშკის ტანზე კი

ციფერბლატის შუქის ციალი

და მე.. სოფელში აჩრდილივით მოხეტიალე.

/ნინო ჭინჭარაული/

Apunte de sierra(მთაგრეხილზე ჩანიშნული)


Abrió la ventana.

sonaba el planeta

En la piedra el agua.

Hasta el río llegan

de la sierra fria

las uñas de piedra.

¡A la luna clara,

canchos de granito

donde bate el agua!

¡A la luna clara,

Guadarrama pule

las uñas de piedra!

Por aqui fue España,

llamaban Castilla

a unas tierras altas.

/Antonio Machado/

ღია   ფანჯარა.

  მქუხარე   პლანეტა.

წყალში-სიპები.

მდინარემდეც კი ჩამოდიან

გაყინული მწვერვალიდან

ქვის ნატეხები

.ნათელ მთვარეში

გრანიტის კლდეებს

სად მიახეთქებს წყალი!

ნათელ მთვარეში გუადარამა

ნატეხებს აპრიალებს!

აქ იყო ესპანეთი,

სახელად-კასტილია,

ერთი მაღლობი მხარე..

/ნინო ჭინჭარაული/

იყოს ეს ლექსი უკანასკნელი,


მირზა განსაკუთრებულად მიყვარს, ჩემი ბავშვობა მის ლექსებთან,თიანეთთან და იორთანაა დაკავშირებული. ალბათ,ამიტომაც ხშირად ვპოულობ ხოლმე ჩემს ლექსებში მის "კვალს" და ცოტა მრცხვენია:)


იყოს ეს ლექსი უკანასკნელი,

ოღონდ დამტოვონ შენზე დარდებმა,
გაიმეორონ ჩემი სახელი
ხეებმა,გულის ამხანაგებმა.
ძვირფასო,მახრჩობს ეს ნიაგარა,
შენი ღიმილი რადგან არ მიცავს,
მე აღარ ვიცი რას შეგადარო,
ყვავილს თუ მთვარეს, ცასა თუ მიწას!
შორს მთაზე მოჩანს ციხის ნანგრევი,
როგორც იმედი გულგადახრული,
მოჰყეფს მდინარე-მრისხანე დევი
და გიჟი ქარის ისმის მაყრული.
გზები კი, რა ვქნა-იკლაკნებიან,
როგორც გველები მსხვერპლის გარშემო
და თუმც სიტყვები იკარგებიან,
არ მინდა გული გადავაშენო.
ეს ლექსები კი,უცნობი ფერის,
იქნება,ლექსებს სულაც არა ჰგავს,
მოდი, წამართვი მე ყველაფერი,
გული კი დარჩეს თავის ალაგას!

Wednesday, June 22, 2011

tres cantares enviados a unamuno en 1913(სამი სიმღერა უნამუნოსადმი მიძღვნილი 1913 წელს)


I

Señor, me cansa la vida,
tengo la garganta ronca
de gritar sobre los mares,
la voz de la mar me asorda.
Señor, me cansa la vida
y el universo me ahoga.
Señor, me dejaste solo,
solo, con el mar a solas.

II

O tú y yo jugando estamos
al escondite, Señor,
o la voz con que te llamo
es tu voz.

III

Por todas partes te busco
sin encontrarte jamás,
y en todas partes te encuentro
sólo por irte a buscar.
/Antonio Machado/

სამი სიმღერა უნამუნოსადმი მიძღვნილი 1913 წელს
I

ღმერთო, დამღალა ცხოვრებამ,
ხმა ჩამეხლიჩა ღმერთო
ზღვისპირას ხმობით,ძახილით
მევე mayruebs ექო.
ღმერთო, დამღალა ცხოვრებამ
da es samyaroc maxrCobs
ღმერთო ,gTxov zRvasTan ერთად
damtove martodmarto.



II

an ეს მე და შენ ვთამაშობთ
დამალობანას ღმერთო,
anდა შენია ეს ხმა,
რომლითაც გიხმობ!


III

ყველგან დაგეძებ, მაგრამ
ჯერაც ვერ შეგხვდი ვერსად
და ყველგან გხვდები,როცა
მე ძებნას ვიწყებ შენსას.

/ნინო ჭინჭარაული/

Monday, June 20, 2011

წერილი მარადიულს


ეს წერილი პირველად გ.ლეონიძის სახ.ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოაქვეყნა ნაზი კილასონიას "გახსენებაში". შარშან, წიგნის ფესტივალზე ვიყიდე და გული დამწყვიტა ამ აღსარებამ. ადრესატს თუმცა არ ასახელებს ავტორი, მაგრამ მე ამ პირველი ფრაზით მივხვდი ""შენ კი მითხარი_არაფერია!"_თქვენდამი"

გთხოვთ არ გაიგოთ სხვანაირ სახით
/ლადო ასათიანი/
“შენ კი მითხარი:არაფერია!”
/ალ.საჯაია-თქვენდამი/
“იგი მისმენს,მერე მკაცრად
ამბობს: მაი აფერია.”
/გალაკტიონი /


ახლა, როდესაც მეოთხედი საუკუნე უკვე გასულია. როდესაც შორიდან ვუყურებ იმ საცოდავ ბავშვს,

როდესაც ვფითრდები მის უმწეობაზე,

როდესაც მრცხვენია მის ნაცვლად,

როდესაც მისი დაცემა, მისი აღმართები დაძლეული მაქვს,

ტანჯვის ფასად,

წლების ფასად,

ნერვების ფასად,

გაანჩხლებული,უღონო სიავის ფასად,

და ყველა ამათგან ვარ აწ თავისუფალი,

როდესაც თითქოს მიუღწეველის მიღწევა შევძელ-შევძელ სიტყვის მოთვინიერება,დაურვება და ამით თითქოს უფლის ნათელს ვეზიარე,-

მადლობა იმ ტანჯვას!ამის გარეშე არაფერი არ იქნებოდა!

მადლობა თქვენც, ვინც თქვენდაუნებურად, თქვენი სურვილის გარეშე შემქმენით.

ახლა, როდესაც ხელებდაკაწრული ავედი ჩემს სახელიანსა თუ უსახელო მაღლობზე, სრულის შეგნებით ვაძლევ ჩემს თავს უფლებას გაესაუბროს თქვენს თავს, თქვენს რომაელი პატრიცის ჭკვიან, მკაცრსა და დამცინავ თავს.
მე მინდა ავხსნა, აგიხსნათ რა მოხდა? რატომ მოხდა? მე თავად მინდა გავერკვე.
მე მინდა დავუბრუნო, აღვუდგინო თქვენს საცოდავ მოსწავლეს თავისი უფლებები._ რომ იგი არ იყო უნიჭო( როგორც თქვენ გგონიათ), რომ იგი არ იყო მარტივად უბირი(როგორც თქვენ ფიქრობდით) და რომ მას ბრწყინვალე მეხსიერება ჰქონდა( რასაც ალბათ სულაც არ მოელოდით). იგი რომ ცოტა ნაკლებ უსახური ყოფილიყო და ცოტა ეშმაკი, მაშინ არც ეს ბარათი დაიწერებოდა.
რატომ მოხდა? უკეთ, რატომ მოხდა ჩემში?
წეღან მოვიწონე თავის: ბრწყინვალე მეხსიერება მაქვს მეთქი. ახლა ვეცდები ეს დაგიმტკიცოთ და რამდენიმე წუთით გადაგასახლოთ იმ ბედნიერ დროში: (გთხოვთ, ძალიან გთხოვთ დაძაბოთ მეხსიერება, რადგან თქვენთვის ის უსარგებლო დეტალები ალბათ სრულიად წაშლილია)

გახსოვთ გოგონა, რომელიც მოვიდა თქვენთან პიონერთა სასახლეში? მას თქვენ მიეცით ყოვლად შავი სამუშაო: გადაეწერა “ნიჭიერ” ბავშვთა ლექსები და მოთხრობები ალბომში. მე მახსოვს თქვენი ნათელი, მაღალი ოთახი. მახსოვს სარკის ელვარება დერეფანში.. გადავწერე ყოვლად საძაგელი ხელით და კვლავ მოვედი. თქვენ მაინც მადლობელი დამრჩით და ჩამიყვანეთ პირველ სარტულზე. იქ დიდხანს ვისხედით დირექტორის მისაღებ ოთახში. (ელიკო აგლაძე იყო, არა?) მერე რამდენიმე კითხვა მომეცით. გპასუხობდით დაბნეულად. რატომ დაბნეულად? იმიტომ რომ_შეურაცხყოფილი ვიყავი: მე ხომ სხვისი,სხვა ბავშვების შემოქმედება გადამაწერინეს. (რა გულწრფელი ვარ ახლა!) წარმადგინეთ ჩემი უბედური ალბომით და მართლაც, რა უბედური წამოველ, რა გაბუტული(ეს გაბუტვა მერეც დიდხანს გამყვა)

შემდეგი შეხვედრა: ისიც ომამდე.(მაპატიეთ, რომელი კლასის მოსწავლე ვიყავ აღარ მახსოვს). უკანასკნელი გამოცდა. ფრიადოსანი ვარ(იმ სკოლაში მე ვბრწყინავდი, მერე გადავისხი ლაფი ქალთა სკოლაში,თორემ..) დამრიგებელმა სამასწავლებლოში ჩამგზავნა,”ნორჩი ლენინელის” კორესპონდენტია მოსულიო. (ას ეარ იყო განა?) და თქვენ! თავჩაღუნულმა, ენაჩაგდებულმა ,ხმაჩაწყვეტილმა მოგახსენეთ ჩემი “წარმატებანი”. მერე ჩემი სახელითა და გვარით გამოქვეყნდა გაზეთში-ესა და ეს ვქმენ, ამას და ამას დავეხმარე, ასე და ასე ვსწავლობ მეთქი. (ხედავთ? თავიდანვე მქმნიდით როგორც მითს. მერე დაგაღალატეთ, თორემ..)

ასე, გაზეთზე “გაჩვეული” მომიყვანა შემდეგ წელს რედაქციაში ერთმა კეთილისმყოფელმა მასწავლებელმა. ეს იყო “ კომუნისტის” გამომცემლობის I სართულზე, ხელმარცხნივ. სწორედ იქ, სადაც შემდეგში მეც ვმუშაობდი. მახსოვს ორად გაყოფილი ოთახი,შემინული ძგიდით. თქვენ მაგიდასთან ბრძანდებოდით. რატომ მიგვიღეთ ასე ცივად? რატომ ვერ მიცანით? მაშინ ვერ მივხვდი, ახლა ნათელია_ გაბეზრებული იყავით ვუნდერკინდებით, ტალანტებით, მათი კორესპონდენციებით.
შემდეგ? ეს უკვე ომის პირველ წელს მგონი: დედასთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში ვზივარ, ერთი რამ მეშლება მხოლოდ- რა სპექტაკლი იყო, “მეფე ერეკლე”? როგორ ვტიროდი ანა-ვერიკო ანჯაფარიძის სლაკნვა ქვითქვითზე! რა განაბული მივდევდი მოგონილ ჩახლართულ-ჩაგრეხილ სიტუაცია-კონფლიქტებს! დიაღ, ერთი სიტყვით, თავს ვიტყუებდი, გულს ვიგდებდი. აინთო ჭაღი. თვალდასიებული წამოვდექ და.. ისევ თქვენ, ასევე საპატიო ქანდარაზე(სცენიდან ხელმარჯვნივ). მაგრამ მარტო არ ბრძანდებოდით, სხვა ახალგაზრდასთან ერთად. მას შემდეგ, რაც საჯაიას ლირიკამ (აქ გამოტოვებულია რაღაც და ჩემი აზრით-სავარაუდოდ მასწავლებელმა გააფრთხილა ისინი, რომ მათი ინგლისურის მასწავლებლის მაგიერ სხვა მოვიდოდა/ ნინონინო/ ) .. ნაცვლად ერთი მეტად საინტერესო, ჭკვიანი და სერიოზული ვაჟი მოვაო და აბა თქვენ იცით, არ გაანაწყენოთ, კარგად ისწავლეთო. “ ჭკვიანი და სერიოზული ვაჟის” სანახავად ზარის დარეკვამდე სამასწავლებლოს კარში ვიჭვრიტებოდით და როცა თქვენ შემაგებეთ თვალები(რომელმაც შემდგომში მრავალი “ლექსი” დამაწერინა”), მაშინ მე საწყალმა ბედისწერად ჩაგთვალეთ.
ასეთი ვრცელი წინამორბედის შემდეგ, ნება მიბოძეთ ჩვენს კლასში შეგიყვანოთ. კლასი სავსეა უმეტესად ღატაკი და მშიერი გოგონებით. გამოვტყდები, საკმაოდ ბლაგვი ბავშვებია. აქ ხუთოსნები ტვინშეზღუდულები არიან, ისეთი სამოსანი კი, როგორიც მე ვარ, წიგნებში ვარ თვალჩაწყალებული(ოღონდ ქართულ წიგნებში, რუსულად ზღაპარიც არ მაქვს წაკითხული!). ერთსა და იმავეს მეასედ ვკითხულობ და ამიტომ ახლომხედველი ვარ, დაფასთან, პირველსავე მერხზე ვზივარ.

თქვენ შემოდიხართ და მცნობთ. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გეუხერხულებათ და ამიტომ ჩემშიც რაღაც საყრდენის მსგავსს ეძებთ. შემდეგში მივხვდი, რომ მეტს მოელოდით,_ე.ი. ჩემი გონებისგან, მოელოდით უფრო მეტს. ვერ გაგიმართლეთ. ვერ გაგიმართლეტ, რადგან ჩავიკეტე ჩემშივე. რაღაც საბედისწეროდ ვერ შევძელ მეჩვენებია სინათლე ჩემი სუფთა გონებისა. თქვენ გვესაუბრებოდით დავით კოპერფილდის შესახებ. აღტაცებული იყავით იმ სიძლიერით, რითაც დიკენსმა გამოძერწა ური ჰიპის სახე, მისი ბაყაყივით სლიპი ხელები.(გახსოვთ?ხომ მართალი ვარ?) თქვენ გინდოდათ კლასამდე მიგეტანათ ერთი უმშვენიერესი რამ: როდესაც ური ჰიპი მიდის, კოპერფილდი ხსნის ფანჯარას,(რა მშვენიერია!) კლასს არ ესმოდა ეს. არც ჰქონდა წაკითხული. მე კი ზეპირად ვიცოდი თითქმის მთელი წიგნი(ქეთევან ბაქრაძის მიერ იყო არა ნათარგმნი?) თქვენ კი ეჭვიც არ გაგკარებიათ ამის შესახებ. როგორ შემარყიეთ, როცა ო ჰენრის “უკანასკნელი ფოთოლი” გვიამბეთ. ეს უკვე სიახლე იყო ჩემთვის. სევდიანი, გულისშემძვრელი. თქვენ ყველაფერ ამას დედანში კითხულობდით და უფრო მეტად ღრმავდებოდა უფრსკრული.. რომ მომკლათ, ვერ გადამარწმუნებთ: გეზიზღებოდათ მთელი კლასი. გეზიზღებოდით მეც. Uარესიც_ თქვენ დაგვცინოდით( დაგვცინოდით, რადგან მშვენიერებასთან ერთად გონიერებასაც სცემდით პატივს, ჩვენ კი ამის ნიშან-წყალიც არ გვედო) გუმანით გრძნობდით, რომ იდუმალი თაყვანისმცემლები გაგიჩნდნენ, მე კი (რა სულელი ვიყავი, რა სულელი!) ყველგან ვკითხულობდი ჩემს გონჯ ლექსებს ცისფერ თვალებზე. გინდათ გაგახსენოთ როგორ დაგვცინოდით? აი, მაგალითად: იძახებთ აყლაყუდა, გამხდარ მოსწავლეს, რომელსაც ვენერა ჰქვია:
_ აფროდიტა, გამობრძანდით!
იგი წითლდება და გახსენებთ, რომ “ვენერა” ჰქვია.
_ღმერთო, მომკალი! თუმცა, აფროდიტა და ვენერა ერთიდაიგივეა ხომ იცით?
ვენერა-აფროდიტას კი არაფერი სმენია ამის შესახებ.

მე ამის შემდეგ კი აღარაფერს ვსწავლობ ჯიუტად. გამომიძახეთ ერტხელ, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს ცოდვით მეუბნებით ერთადერთს: თუ გინდათ უმაღლესში მოხვდეთ, ინგლისურიც უნდა ისწავლოთ. (მე ვგრძნობდი ამ “თ”-ს, ვით შეურაცხყოფას).

თქვენ ხშირად დგებით დაფასთან, ჩემს მერხსა და კედელს შუა. ტანსაცმელი კედლისგან გესვრებათ, თქვენ კი თურმე ეჭვობთ_ კლასში ცარცს მისვამენო. შემდეგ გაკვეთილზე დაჟინებით გიყურებთ და წყენისგან ათრთოლებული ტუჩებით გეუბნებით: “მასწავლებელო, ნუ დგახართ კედელთან,ტანსაცმელზე გადაგდით”. თქვენ რაღაცას ხვდებით და.. წითლდებით.

არა, უსამართლო არ უნდა ვიყო. არის ორიოდე ბავშვი, ვისაც პატივს სცემთ. ისინი კარგად სწავლობენ ტექსტებს, უწესო და წესიერ ზმნებს. ერთი სიტყვით, მართლაც კარგები არიან. თქვენ აქებთ ჩემი მეგობრის, თანამერხელის მხედველობით მეხსიერებას(ეს უკვე სიახლე იყო ჩემთვის:“მხედველობითი მეხსიერება”!) მე მშურს მათი,მაგრამ რა ვქნა, უკვე ვეღარ ვსწავლობ ვერაფერს და უნიჭოთა ჭაობში ვინთქმები სამუდამოდ. ( მაგრამ თქვენ არ იცით, რომ სახლში მაქვს ჩემი თავშესაფარი: ჩემი წიგნები, ჩემი ლექსები, ჩემი გალაკტიონი და ჩემი ლადო ასათიანი).

მხოლოდ ერთხელ დაინახეთ ჩემში უფრო მეტი: მაწყენინეთ, მკაცრად. ( არ მინდა გაგახსენოთ დეტალები, მეყოფა, მე რომ მახსოვს) მთელი გაკვეთილი მერხზე თავდამხობილი ვტიროდი. შეწუხდით, იგრძენით, რომ თავმოყვარეობა დიდი მქონია. ვტიროდი და ბედნიერი ვიყავ, ვტიროდი შვებით, რომ ჩემს გამოც შეგიძლიათ შეცბეთ, შეწუხდეთ.( ასეთი შვებით ახლა სიზმრებში ვტირივარ მხოლოდ)
ვიცი დაგღალეთ, მაგრამ მე ეხლა მეტირება. ნუ ჩამომართმევთ სენტიმენტალობაში. გათოშილს, საუკუნის მეოთხედით გათოშილს მიყვარს ის სულელი ბავშვი, ის დაღვრემილი ქუჩა, პირქუში შენობა სკოლისა. მე თქვენ გიწერდით თავხედ ლექსებს, სადაც ერთი სტრიქონი მაინც გამოერეოდა ხოლმე ხელუხლები, როგორც დაპირება:

“ წინ გაშლილია ქუჩის მარაო (გაცვეთილია!),
მიდიხარ სწრაფი და იმალები (სუსტია!)
ვიწრო პროსპექტი ცრემლში ქანაობს(მომწონს ძალიან!)
ცრემლმა დასეტყვა ჩემი თვალები (საძაგლობაა!)”

და უცებ, ამოვარდნილი, ჩემეული,მხოლოდ ჩემგან ნათქვამი:

“ვაი, რა ცუდად გიცვნივარ,
რა ტყვილად გდებდი იმედებს,
მე ათი გულის ღირსი ვარ,
შენ ერთიც ვერ გაიმეტე!”

მადლობელი ვარ, რომ ვერ გაიმეტეთ. მე ხომ ვერ დავწერდი მაშინ ვერაფერს. აკი ვთქვი კიდეც ცოტა მოგვიანებით:

“მეც მინატრია ია მუხლამდის,
როს გაზაფხულის მწვავდა იერი,
მიყვარდა, მაგრამ რომ არ ვუყვარდი,
სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი”

.. თქვენ რომ გცოდნოდათ პატარა სხეულში, პატარა მოელვარე თავში დატრიალებული ეს ქარიშხალი, ყოვლის წამლეკი და უბედური_დამითმობდით. თქვენცა და თქვენი მშვენიერი საცოლეც, და-მით-მობ-დით.
შემდეგ გაჭირვებით დამთავრებული სკოლა. ატესტატი.
და მცხეთა!
მცხეთა! მზით ალავარდნილი, გულისგამხეთქი მცხეთა, სვეტიცხოველი, გათხრილი სამაროვანი. ჩემს პირდაპირ იდექით, ჩვენ გვიამბობდნენ სერაფიტისა და ზევახის შესახებ. ბაბო მჭედლიძე ბედნიერებით იცინოდა_ და მოგძახოდათ: “თქვენ რომ შვილი გაგიჩნდებათ_ზევახი უნდა დაარქვათო”.
მერე თქვენ ისე იცინოდით, ლაღობდით და ბაბო გსაყვედურობდათ_”სად იწყებით სერიოზული და სად მთავრდებითY დამცინავი, ვერ გამიგიაო!” გახსოვთ? არ გახსოვთ?> ჩვენმა პარალელურმა კლასმა გაშალა სუფრა. ჩვენ კი ვენახში წყაროს მივაგენით და ცივი წყლით ვიგრილებდით ხელ-პირს, გულს. რომელიღაც ბავშვი, ვაჟთა სკოლიდან გამოგექცათ, ალბატ შეთვრა კიდეც და თქვენ გულამოვარდნილი დაეძებდით. ჩამოირბინეთ წყაროსთან, მე კი ნაკადულში ვიდექი( რა მშვენიერი პოზაა გამიჯნურებულისათვის!) ვიდექი ფეხშიშველი, ქვეყნით მოხიბლული და ქვეყნით გულამღვრეული. გულამღვრეული თვით ნათელა კეშელავაზეც.( ის ხომ ჩვენ დაგვემგზავრა) მეგონა იგი გიყვარდათ. მერე მატარებლის ლოდინი, ხეების ქვეშ. ნათელა მთხოვდა წამეკითხა ლექსი, რომელიც იმ დღეს გულში დავწერე. არა, იმ დღეს არა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ დავწერე და სხვათაშორის თქვენს მიერ გამოცემულ წიგნში დავსტამბე.
“... იქ, თეთრ კიბეებზე იჯდა სერაფიტა,
დუმილდარღვეული გრილი წერაქვითა.
იქ, თეთრ კიბეებზე ჯავრობდა სერაფიტა.
მას ფეხთით დავუდე ცისფერი რვეული,
რა შლეგი ვიყავ და გადარეული,
საყვარლად შლეგი და გადარეული,
ნეტავ იმ დღეებს,
იმ სერაფიტას”.

.. და მცხეთელი ქალები სადგურის კიბეებზე მწიფე ალუბალსა ჰყიდდნენ. ეს აქამდე ჩამრჩა, როგორც ტკივილი, როგორც ჭრილობა ალუბლისფერი.
მატარებლით დავბრუნდით. ვისხედით თითქმის ცარიელ ვაგონში. მგონი ნათელას შევეცოდე. ალბათ გითხრათ, ალბათ ამიტომ მოხვედით ჩემთან,რაღაც მითხარით.
მერე სოფელი. ჩემი სოფელი გამოცდებამდე, უმაღლესში. მე მოგწერეთ წერილი. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები არ გადმოგცემდნენ. მე კიმივრბოდი ნედლ სიმინდებში, ვვარდებოდი გულაღმა და შევყურებდი ცას, თეთრ ღრუბლებს, ვით საშველს რაიმეს. რაღაცას ველოდი. აბა როგორ შეიძლებოდა სხვანაირად. ოჰ, ერთი დიდი რამ დამავიწყდა: კლასში წაგვიკითხეთ და გვითარგმნეტ ადგილი ოლივერ ტვისტიდან: “ცოტაოდენი ფაფა კიდევ დამიმატეთ, ცოტაოდენი სერ” ვიღაცამ გაიცინა. თქვენ გაბრაზებით დახურეთ წიგნი. გეხვეწეთ, მაგრამ აღარ გააგრძელეთ, ესღა გვითხარით გულმოსულმა: ოლივერი რუსულადაცაა ნათარგმნი და კეთილი ინებეტ, წაიკითხეთ, გაისარჯეთო. და, წარმოგიდგენიათ? მე,მე ვიშოვე “ოლივერ ტვისტი”, პირველი წიგნი, რომელიც რუსულად წავიკითხე! Dიკენსის სიყვარულით, თქვენის ბრძანებით_დავძლიე იგი! ეს იყო უღვთო, უღმერთო ყამირი. მაინც გავტეხე და ამის შემდეგ შევაღე დიდი მწერლობის კარი. დახარბებული, გაგიჟებული ვფლეთდი, ვკითხულობდი, ვეცნობოდი. გმადლობთ, ამისთვისაც!
ზაფხულშივე დავბრუნდი. იმ თვეებმა თქვენ მოგიტანათ ბედნიერება, ზეიმი სიყვარულისა, მე კი_სიცივე უარყოფისა, უთქმელი უარყოფისა. მახსოვს, როგორ სწრაფად გაიარეთ რუსთაველის პროსპექტზე. მახსოვს, რარიგ დასტრიალებდით თავს მისაღებ გამოცდებზე. მე კი მომგვარეთ ვიღაც მეგრელი გოგონა საპატრონოდ. ეხლაც მახსოვს სახელი და გვარი: ნორა პერტაია( მითხარით, გეტაყვათ, პერტაია აკლდა ჩემს “ბედნიერებას”?) სამაგიეროდ, პერტაია მიამბობდა ალიოშა საჯაიაზე, რომელიც სწორე დიმ ზაფხულს დაიღუპა. მიამბობდა, როგორ ბრძანდებოდით სამი მეგობარი_ თქვენ, საჯაია და რეზო მარგიანი სამეგრელოში. როგორ ეჭვიანობდით ერთმანეთზე_ვის უფრო მეტად უყვარსო. (არ ვიცი, იქნებ ტყუოდა კიდეც, ადვილი მოსალოდნელია მისი ჩამოკონწიალებული ნაწნავებისგან) მერე პერტაია დაიკარგა და საერთოდ, მეც დავიკარგე. არაფერს გაყვედრით, დავდიოდი ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე, დავხეტიალობდი წვიმაში, თოვლში. ვსველდებოდი, ვტალახდებოდი, ვეცემოდი, ვდგებოდი. თქვენ უბრალოდ იქეცით მიზნად,( ცუდად არ გამიგოთ) თქვენ კი არა_ ამოსვლა თქვენს სიმაღლემდე. ვწერდი გაუბედურებულ ლექსებს, ასეთს მაგალითად:

“ ო, მე ეს აღმართი ბევრჯერ ამივლია(ე.ი ელბაქიძის)
ვერ მოგწვდა გედური ძახილი:
რომ შენი ხელები ორი ყვავილია
მკრთალი და ნამქერში დახრილი.
მომე ეგ ხელები, ძვირფასო ათასჯერ,
ვემთხვიო, ვემთხვიო მრავალგზის,
ცისფერ ქვეყანაში ღმერთებმა დამსაჯეს,
მარგუნეს სიკვდილი ლამაზი”

ვიგონებდი უცნაურ სათაურებს, ასეთს მაგალითად: “ქორწილი ზეცაში”. გპირდებოდით, რომ ზეცაში გადავიხდიდით ქორწილს.( ვითომ აქაოდა მიწა რა ჩემი საკადრისი და ტოლი იყო. ესღა დამრჩა ნუგეშად!) ღმერთმანი, მეცინება და მეტირება, მეტირება და მეცინება ამას რომ ვწერ!

“ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,
სადაც ლურჯი ყვავილები ფეთქავენ,
ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,
რადგან ავცდით აქ, მიწაზე ერთმანეთს”

და სხვა მრავალი. ჩემი საბრალო ტვინი, არაული ტვინი ვერ ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი იყო დიდი,შავი სამუშაო ლექსზე, იყო უზარმაზარი სამზადისი, რომ მერე უბრალოდ, მიწიერად და ადამიანურად მეთქვა:

“მე აღარ ვდარდობ, არარ ვეჭვდები,
მაქვს ბედნიერი, სველი ბეჭები”

იმ წლებში, როცა პირველად მოვედი მწერლობაში,პირველად მოგიახლოვდით_ უკვე ცხადად გძულდით. ერთხელ, სულნათელ შატბერაშვილთან ერთად ვიდექით საშვიდნოემბრო დემონსტრაციის შემდეგ, რაღაც ვთქვი. თქვენ მომიბრუნდით და როგორც მეტიჩარას, როგორც არამკითხეს “რა ბრძანეთ ქალბატონოო”. სულ განგერიდეთ, იმდენად შევიგრძენ ფიზიკურად ეს სიძულვილი. მას შემდეგ სიკვდილს ვათავებდი, თუ თქვენთან შემოვიდოდი გამომცემლობაში. (არ დაგიმალავთ: მე მაშინ ვფიქრობდი, რომ დამსახურებულად მივიღე ის ზიზღი). ერთი_ორჯერ მოვედი მხოლოდ, როცა თქვენმა ბუღალტერმა დამაღალატა: გრძელი ოთახი, თქვენ და მე. ეს საშინელება იყო. მე, ვისაც ამდენი რამ მიბოძეთ, ახლა რაღაც საცოდავი გროშების ბოძებას გთხოვდით.( თქვენ ჭკვიანი ბრძანდებით, ძალიან ჭკვიანი_ ხომ შემაძრწუნებელი იყო ეს?)
ახლა, როცა ასაკმა, წლებმა, საკუთარი თავის რწმენამ სულ სხვა ნათელი ჩააფინა ჩემს სულს, დამიბრუნა პატივისცემა საკუთარი არარაობისადმი, ამამაღლა ჩემსავე თვალში.
ახლა, როცა იმდენად სულგრძელი გავხდი, რომ გაპატიეთ ერთი საღამო, ჩემი ხელი რომ გეჭირათ, როცა დამპირდით, რომ ხვალ მწერალთა კავშირში გნახავო.(მაგრამ ის ნახვა თქვენც ზეცამდე გადადეთ)
ახლა, როცა თქვენს მაღალგონიერებას ვცემ, პატივს, იმ საქმეს ვცემ პატივს, რაც გააკეთეთ ჩვენი ხალხისთვის.
იმ ჟურნალს ვცემ პატივს, თქვენ უპირველესად რომ ჩაუდექით( თუმცა მე იქ არ გამაჭაჭანეთ) ჟურნალს, სადაც გურამ რჩეულიშვილის ტალანტი გააელვეთ.
ახლა მკითხეთ, რისთვის დავწერე ეს ყველაფერი?
დავწერე მშვენიერებისთვის, რომელსაც ჩემი სიკვდილის შემდეგ დავტოვებ. ბრძანეთ, ხომ ვივარგებდი თქვენს ბიოგრაფადაც?
და რამდენი რამ მახსოვს კიდევ!
ამ ერთ პასაჟზე შევდრკი. გაგახსენოთ თუ არა? მოდით, დავწერ. ეს სისულელეც აპატიეთ თქვენს უნიჭო მოსწავლეს: ერთხელ, ჩვენი “შეგირდანობის” წელს, ვიღაცამ მეზობლის ტელეფონით გამოგიძახათ. შეიძლება არც კი იცნობდით იმ მეზობელს; შეშფოთებული მობრძანდით. იმ “ვიღაცამ” გითხრათ, რომ იტანჯება, რომ უთქვენოდ სიცოცხლე შეუძლებელია. რომ.. რომ.. მაშინ თქვენ ასეთი ფრაზით უპასუხეთ: “ თუ ჩემი ტოლი ხართ, მიიღეთ როგორც საყვედური, მხოლოდ, თუ პატარა_მიიღეთ, როგორც დარიგება, რომ უცხო ხალხის შეწუხება არ შეიძლება!”.. მიხვდით ახლა ალბათ, ის “ვიღაცა” მე გახლდით. დღემდე მახსოვს ის დარიგება , იმდენად, რომ თქვენი შეწუხების დროსაც ყურმილი ხელში მეწვის. დამიჯერეთ, ეს იყო პირველი და უკანასკნელი.
ახლა კი ლექსი, რომელსაც არასდროს დავბეჭდავ:

“ზურგსუკან მიდგას ჩემი სატანა
და ანგელოზი შიგნით,
მათ შუა ტანჯვით გამოვატარე
ჩემი ცხოვრების წიგნი.
ყველას თავისი უძევს ამფორა,
თვრება და კვდება მაგით,
თქვენს სულს, მშვენიერს ვერ ვეამბორე
მიწად საქცევი ბაგით.
მაგრამ გიზგიზად დახშულ საკანში
ეს ხომ შევიცან სიბრძნის:
ვინ მთლად იოლად დგება ბაქანზე,
ვინ_ წაქცევამდე იბრძვის.
მშვიდობით, თვალთა ჩემთა საჩინო
ბნელი არ ყოფნის შიგნით,
ერთადერთს თქვენ გთხოვთ_ გადაარჩინოთ
ჩემი ფერადი წიგნი!”

ეხ, როგორ გამომრჩა ჩვენი შეხვედრა ხალხით გაჭედილ მატარებელში! თქვენ სურამიდან მობრძანდებოდით, მე ჩემი ქარიანი სადგურიდან_აგარიდან. თქვენ სარკმელთან იჯექით, მზეს იჩრდილებდით მოგრძო ქაღალდით, რომელზედაც, ვფიქრობ სინონიმები გეწერათ(ალბათ, რომელიმე ტრაგედიას თარგმნიდით შექსპირიდან) მე კი სრულიად კმეჭირა კარტოფილიანებით სავსე, ყურამოგლეჯილი კალათი. თქვენ ვერ, არ დამინახეთ. მე გავედი ჩემი ტვირთით კორიდორში, თბილისამდე ფეხზე ვიდექი და თბილისამდე ვტიროდი. მერე ის კარტოფილიანები ქრთამად მივეცი სადგურის კარში მდგარ “მედპერსონალს” არ გამსინჯოთ_მეტქი. (ხომ გახსოვთ იმ წლებში “ტიფის საწინააღმდეგოდ მიღებული ზომები”!) და ასე მშიერი, ფეხით ამოვედი ბელინსკის ქუჩამდე. განა დუმბაძის კალამი არ უნდა ყოველივე ამას?
მაპატიეთ, კიდევ ერთხელ მომიტევეთ, რომ გადაგღალეთ.

“ვინ მთლად იოლად დგება ბაქანზე,
ვინ_წაქცევამდე იბრძვის”.

/ნაზი კილასონია/

Monday, June 13, 2011

უილიამ ფოლკნერი-“აგვისტოს ნათელი”




მე ამ წიგნს კიდევ წავიკითხავ”-, ეს იყო პირველი აზრი, რაც უილიამ ფოლკნერის “აგვისტოს ნათელის” წაკითხვის შემდეგ თავში დამებადა. წიგნი ღიმილით დავხურე და იმაზე დავფიქრდი, რატომ მეღიმებოდა.\
უილიამ ფოლკნერის ნაწარმოებებს გასართობად და დროის გასაყვანად, ანუ ჩემებურად რომ ვთქვა-“ჭამის დროს” ვერ წაიკითხავ. ყოველშემთხვევაში, მე ზოგჯერ ერთი აბზაცის რამდენჯერმე გადაკითხვა მიწევს ხოლმე აზრის გასაგებად და შესაბამისად, დიდ დროს ვანდომებ მისი წიგნების წაკითხვას. პირველი, რისი წაკითხვაც დავაპირე, იყო-“სოფელი”, რომელიც ვერ ჩავამთავრე,კითხვა მივატოვე,იმდენად გამიჭირდა, მაგრამ მისი ნაწარმოებების გაცნობის სურვილი არ გამნელებია,პირიქით!
საერთოდ, რატომ გადავწყვიტე ამ მწერლის გაცნობა..
სულ შემთხვევით წავიკითხე ნობელის პრემიის მიღებისას მისი წარმოთქმული სიტყვა და ეს ნაწყვეტი ამოვიწერე რვეულში:
ასე მგონია, ეს ჯილდო მე კი არა, ჩემს შრომას ენიჭება. ეს შრომა მთელი ცხოვრების შემოქმედებად ქცევაა, რუდუნებითა და სულიერი მოწამეობით გარჯა არც სახელის მოხვეჭისა და რა თქმა უნდა, არც გამორჩენისთვის, არამედ საიმისოდ გარჯა, რომ ადამიანის სულის ჭიდილისგან მანმადე არარსებული რამ შეიქმნას.. ჩვენი დროის ტრაგედია ის საყოველთაო ცხოველური შიშია, რომლითაც დიდი ხანია ვძრწით და რომელსაც შევეგუეთ კიდეც. სულიერი პრობლემები გამქრალია. ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს პრობლემა ადამიანის სულისა, მისი შინაგანი წინააღმდეგობებიანად, მწერლის შრომისა და ტანჯვის ღირსი ერთადერთი თემა. მწერალი ხელახლა უნდა განისწავლოს. უნდა შეიგრძნოს, რომ ყველა გრძნობათაგან შიში ყველაზე უღირსი გრძნობაა.
მწერალმა უნდა გააძევოს ყოველივე თავისი სახელოსნოდან, გარდა გულის სიმართლისა, გარდა იმ ძველთაძველი, მარადიული ჭეშმარიტებებისა, რომელთა სახელია პატიოსნება და სიყვარული,სიამაყე და ლმობიერება, თანაგრძნობა და მსხვერპლად მისვლა, ურომლებისოდაც ყოველი ნაწარმოები მალევე განწირულია გასაქრობად. ამის ქმნამდე მწერლის შრომა მუდამ წყევლის დაღითაა აღბეჭდილი. სიყვარულის ამბავს კი არ წერს, არამედ-ავხორცობისას. დამარცხების ამბავს წერს, მაგრამ ამ დამარცხებას სასოება არ ახლავს თან და რაც უფრო უარესია, არც თანაგრძნობა და არც სიბრალული..

მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი ზუსტად ისეთია, როგორიცაა ჩემს იდეალში ნამდვილი მწერლის სახე და მიზნად დავისახე, მის ნაფიქრალს გავცნობოდი. პირველი იყო “აბესალომ,აბესალომ”, რომლის წაკითხვაც არნახულად გამიჭირდა( თუმცა მასზე ცალკე დავწერ ოდესმე). მეორე კი იყო “აგვისტოს ნათელი”, რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა ლექტორმა, ბ-ნ დიმიტრი თუმანიშვილმა ისე საინტერესოდ ახსენა, რომ ვიშოვე და წავიკითხე კიდეც.
წერის დასაწყისში ვთქვი, რომ დავფიქრდი, რა იწვევდა ჩემს ღიმილს წიგნის ჩამთავრების შემდეგ. ძალიან უცნაური და სასიამოვნო განცდა დამიტოვა “აგვისტოს ნათელმა”. საერთოდ, კითხვის პროცესში ჩემს გონებასა და გულში ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრი და გრძნობები ენაცვლებოდა ერთმანეთს. რომანი იწყება ორსული გოგონას ისტორიით, რომელიც ქალაქიდან-ქალაქში დაეძებს თავის სატრფოს, შემდეგ კი უცბათ სულ სხვა ადამიანი-ბაირონი ხდება მთავარი გმირი და ავტორი მის სულში გვახედებს, თუმცა არც ბოლომდე გვეუბნება სათქმელს, გიტოვებს საფიქრალს. შემდეგ, ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ჩნდება სიუჟეტში და დროდადრო ვეღარ იგებ ვინ მთავარია, ვინ დადებითი და ვინ უბრალოდ, ამბის რაღაც მონაკვეთის შემავსებელი პირი. ყველას თავისი ისტორია, ფსიქოლოგიური პორტრეტი და პრობლემები გააჩნია, თუმცა ძირითად ნაწილს იკავებს ჯო ქრისთმასი, რომელსაც  ტრაგიკული ბედი აქვს. ავტორი ცდილობს გვაჩვენოს, თუ როგორ ძერწავს ეს ადამიანი საკუთარ ტრაგედიას, თუმცა არც “ხელისშემწყობ” გარემოს( მაგ; მამობილს) ივიწყებს.
ზოგჯერ, თხრობა უცბათ გადადის სრულიად უცხო ადამიანებზე, რომლებსაც ერთი შეხედვით არანაირი კავშირი არ აქვთ ისტორიასთან და იხატება ისეთი ეპიზოდები და წვრილმანები, რომ გონება მეღლება და ვფიქრობ-“ეს რაღა შუაშია, რა საჭიროა და რატომ კარგავს დროს ასეთ მეათასეხარისხოვან ამბებზე?”, თუმცა რამდენიმე ფურცელიც და აღმოვაჩენ, რომ ეს “უაზრო” ამბები ისტორიის გასაღები ხდება. ასე იყო ბრაუნის ამბავზე, ასე იყო ცოლ-ქმარ ჰაინსებზე..
ყველაზე დიდ ოსტატობას მაშინ ავლენს მწერალი, როცა მკვლელის, მსხვერპლის და უბრალო მოწმის ადამიანურ სახეებს (თავისი შინაგანი წინააღმდეგობებით, გრძნობებით, საზოგადოების მათზე ზემოქმედებით) ერთმანეთისგან დიდად არ ანსხვავებს, არავის არ რიყავს. აჩვენებს, ადამიანს რა აყალიბებს ღირსეულ თუ უღირს პიროვნებად. რა უმახინჯებს სულს, რა უჩენს ტკბილ-მწარე მოგონებებს, რომლებიც შემდგომ მის არჩევანს განაპირობებს.
სახელს-“აგვისტოს ნათელი” კონტექსტთან თითქოს საერთო არაფერი აქვს. ავტორი ვირჯინიის უნივერსი9ტეტის სტუდენტებთან საუბრისას ამბობს, რომ მის მხარეში აგვისტომ განსაკუთრებული სინათლე იცის. რომანში რამდენჯერმეა ნახსენები სინათლე, ცეცხლის კვამლი, რომელიც ქოხიდან ამოდის, მღვდლის აგონია “აგვისტოს მოციმციმე მდუმარებაში, სადაც მთელი ღამე ჩაიძირება, თითქოს შარავანდედივით ირტყამს გარს, შარავანდედივით ასხივებს სუსტ ნათელს” და ხატავს სახეებს, რომლების გამოკრთიან ამ შარავანდიდან. მკვლელი ჯო მათ შორის ყველაზე მკრთალად მოჩანს, მაგრამ მაინც იქაა, სხვებთან ერთად. რა არის ეს შარავანდი, ეს ნათელი? ჩემი დასკვნით- სამოთხისეული ნათელი, ღვთის ნათელი, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს.
მოდის სიკვდილი(ქრისთმასს კლავენ), მაგრამ იბადება ახალი სიცოცხლეც(ლინას ბავშვი). წიგნი ისევ იმ ადამიანებით მთავრდება, რომლებიც დასაწყისში შემთხვევით გადაეყრებიან ერთმანეთს. კითხულობ ბოლო თავს, ამ თითქოს არალოგიკურ, დაუსრულებელ დასასრულს და უკმარისობის გრძნობის მაგიერ ისეთი განცდა გრჩება, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრა მწერალმა, რომელიც შენ(შენი ვიწრო თვალსაწიერისა თუ პატარა ასაკის, თუ სხვა მიზეზის გამო) ჯერ ვერ წვდები, მაგრამ მის მნიშვნელოვნებას გრძნობ. “აგვისტოს ნათელი” ის წიგნია, რომლის არა-წაკითხვისას, არამედ დამთავრების შემდეგ იღებ საზრდოს და სიამოვნებას. დღეს ჩემი გონება ჩანს, არაა იმდენად ნავარჯიშები, მის ბოლომდე გასაგებად, ამიტომაც ვუბრუნდები იმავე დასკვნას, რომელიც გამოვიტანე ამ ნაწარმოების დასრულების შემდეგ:
“ მე ამ წიგნს კიდევ წავიკითხავ!”
/ნინო ჭინჭარაული/

Friday, June 10, 2011

მეუღლეს

ისევ ნაცნობი სიმღერა მესმის,
იავნანაა.. 
ბოხია ხმა და ტემბრი დაბალი.
ორთქლიან მინებს დეკემბერი
ჭირხლებად ესვრის
ზამთრის სიმკაცრეს..
“დააფარე კარგად საბანი”
,- ჩაიჩურჩულებ. მომარიდებ გადაღლილ თვალებს,
ფიქრი სინაზედ ჩაეღვრება სულს ძველებურად,
რომ ყველა მამა არ უმღერებს
შვილს იავნანას,
ასეთი შენ ხარ..
და გონება მკარნახობს თუ რა
ძნელია ხშირად ატანა ჩემი,
რომ საჩუქარი
მართლაც არა ვარ და ისიც მიჭირს
ვთქვა “მაპატიე”, “დავივიწყოთ”,
და როგორც გემი
ჩემს სულში ხშირად იღუპება შენდობის ნიჭიც.
შენს დაღლილ თვალებს,
(მზისფერ თვალებს)
იმედით ვუმზერ,
იმედზე დიდი მეგობარი მე დღესაც
არ მყავს,
არც შენოდენი სიყვარული მეტევა გულზე-
ყველა მათხოვარს და ყველა საპყარს
უფლის ხატებად აღიქვამ როგორ(?!)
და გიყვარს მტერიც..
ყველაზე მეტად როცა გტკივა –იღიმი მაშინ,
შენს სულს ვერასდროს აბინძურებს
სამყაროს მტვერი,
მზე გიკრთის ხმაშიც.
რისთვის გიყვარვარ, არასოდეს არ გითქვამს,
მე კი
ალბათ ეს კითხვა ოდესმე შემშლის..!
მე არ გაღმერთებ,
სულ უბრალოდ, მარტივად გეტყვი:
-ღმერთს ვხედავ შენში.

ქართული ფოტოგრაფია


ფოტოგრაფიის მიზანი თავდაპირველად პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულების მიღება იყო, დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რაც მხატვარს იგივე მიზნის მისაღწევად დასჭირდებოდა. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად - ფოტოხელოვნებად.
ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი საქართველოში მე-19 საუკუნიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა. საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში არაერთი საინტერესო ფოტოხელოვანი მოღვაწეობდა, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება ერთგვარ კოლორიტულ დატვირთვასაც ატარებდა. ამავე დროს მაშინდელი ფოტოგრაფები ფაქტობრივად მემატიანეები იყვნენ, თანაც ყველაზე მიუკერძოებელი მემატიანეები.
ფოტოგრაფიით დაინტერესებულნი იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეებიც: მხატვრები - გიგო გაბაშვილი და დავით კაკაბაძე, პოეტი - იოსებ გრიშაშვილი და სხვ. საქართველოში არსებობდა არაერთი ფოტოგრაფიული კლუბი და გაერთიანება, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ფოტოისტორიის გადარჩენაში.

რაც უფრო კომპაქტური ხდებოდა ფოტოგრაფიის ტექნიკა და ფოტოგრაფიული პროცესები, მით უფრო იზრდებოდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. 1893 წლის აპრილში, თბილისში მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველი კრება ჩატარდა პირველი ქართველი ფოტოხელოვანის - ალექსანდრე როინაშვილის ატელიეში. ამ საზოგადოების მიზანი იყო, მოყვარულთათვის ესწავლებინათ ფოტოგრაფია. გაზეთი “კავკაზი” სისტემატურად ბეჭდავდა ცნობებს ამ საზოგადოების საქმიანობაზე. მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების დიდი მონდომებითა და ძალისხმევით თბილისში 1897 წლის 23 აპრილს სამხედრო ისტორიული მუზეუმის შენობაში (ამჟამად სამხატვრო გალერეა) გაიხსნა გამოფენა. გამოფენაზე ფოტონამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფიული აპარატები და მოწყობილობები. გამოფენის მონაწილეები საექსპერტო კომისიამ დააჯილდოვა.
ქართული ფოტოხელოვნების სულისჩამდგმელად - საქართველოში პირველი ფოტოხელოვანი - ალექსანდრე როინაშვილი ითვლება. იგი 14 წლისა იყო როცა მამა გარდაეცვალა და თბილისში ჩამოვიდა ლუკმა პურის საშოვნელად. მალე ალექსანდრე როინაშვილი ფოტოგრაფ-ხატმწერ ვ. ხლამოვს დაემოწაფა, ხოლო ხუთ წელიწადში უკვე დამოუკიდებლად მუშაობაც შეძლო. ფოტოგრაფია მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა.
ალ. როინაშვილმა 1865 წელს თბილისში ფოტოგრაფიული სტუდია "რემბრანდტი" გახსნა; მას კიდევ ორი ფოტოსალონი ჰქონდა: "ამხანაგობა" და ყველაზე ადრე შექმნილი - "სასურათხატო". გადაიღო ქართველ ლიტერატორთა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ი. მაჩაბელი, ა. ყაზბეგი, დ. ყიფიანი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, გ. გურიელი, და სხვ.) სურათები, შექმნა რუსთაველის პორტრეტის ფოტორეპროდუქცია. მისი შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ასახვა იყო. ცარიზმის გამარუსებელი პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ალ. როინაშვილმა ქართველ მოღვაწეთა ფოტოპორტრეტების შექმნა დაიწყო. ასე გაჩნდა ქართულ ოჯახებში საქართველოს წარჩინებული მეფეების, მწერლების, საზოგადო მოღვაწეების, მღვდელმთავრების, ფოტოები, რომლებიც ცარიზმის მძიმე პირობებში ქართველ კაცს ეროვნულ გრძნობებს უღვივებდა.
ალექსანდრე როინაშვილს ძალიან სურდა, რომ მოძრავი ეროვნული მუზეუმი შეექმნა და შექმნა კიდეც. 1887-88 წლებში მან რუსეთის დიდ ქალაქებში ეროვნული მოძრავი გამოფენა მოაწყო. სიცოცხლის ბოლოს კი წლობით ნალოლიავები მოძრავი ქონება ქართველი ერის საკუთრებად გამოაცხადა და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა. პირველი ქართველი ფოტოხელოვანი 42 წლისა გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფოტოგრაფიით დაინტერესებულნი იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეებიც. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძეა, რომელიც საკმაოდ ადრე დაინტერესებულა ფოტოგრაფიით. შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ მისი პირველი ფოტოსურათები გიმნაზიაში სწავლის პერიოდს ემთხვევა, ვინაიდან ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც დავით კაკაბაძე სწავლობდა, ერთ-ერთი აღმზრდელი, - გვარად ლაბენსკი, - მოყვარული ფოტოგრაფი ყოფილა. ამ პერიოდის შემდეგ დავით კაკაბაძეს ფოტოაპარატი ხელიდან არ გაუშვია. იგი შესანიშნავ ფოტოებს იღებდა, ასევე გამოიგონა სტერეოსკოპული კინოს სისტემა. დავით კაკაბაძის ფოტოსურათებს შორის საინტერესოა საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქიტექტურული ძეგლებისა და ეთნოგრაფიული სურათების სერიები.
რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფოტოგრაფია დიმიტრი ერმაკოვი, რომელმაც ქართულ ფოტოხელოვნებაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. დ. ერმაკოვს 36 უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული ფოტოხელოვნებაში.
კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი იმდენად განელდა, რომ ამ უდავოდ პროგრესულ პროფესიას ხშირად ღიმილნარევი ირონიითაც მოიხსენიებდნენ. ქართული ფოტოგრაფიის ისტორიამ უამრავი საინტერესო ფოტოხელოვანის სახელები და ნამუშევრები შემოგვინახა; თუმცაღა დღეს ამ სახელების გაგონებაზე, ძალიან ცოტა თუ მიხვდება და გაიხსენებს, - ვინ იყვნენ ისინი; დიმიტრი ერმაკოვი, გურამ თიკანაძე, ალ. კოტორაშვილი, ალ. სააკოვი, ევტიხი და მურად ჟვანიები, გურამ წიბახაშვილი, შალვა გოქაძე, ვასილ როინაშვილი, მ. კვირიკაშვილი, თ. არჩვაძე, ო. დეკანოსიძე და სხვანი და სხვანი... ესენი ის ადამიანები არიან, რომელთაც უამრავი საინტერესო შტრიხი შემოუნახეს წარსულიდან დღევანდელობას. არც ერთ ძველ მეისტორიეს არ გაუკეთებია იმხელა საქმე დოკუმენტალისტიკაში, რაც ფოტოგრაფებმა შეძლეს. ჩვენ, რომ უახლესი ისტორია რაღაც დონეზე ვიცით, სწრედ ამ ხალხის დამსახურებაა...

/თამარ არზიანი/

ი პ ო ლ ი ტ ე


"ეს რა გენიოსი გყოლიათ"- უთქვამს ჟან გაბენს მე-20 საუკუნის გენიალურ კომედიოგრაფზე - იპოლიტე ხვიჩიაზე; იური ნიკულინს დიდი სურვილი ჰქონია იპოლიტეს პარტნიორი ყოფილიყო; სერგეი ფილიპოვი კი ბედნიერად თვლიდა თავს, რომ მას ამის საშუალება მიეცა.
მას ქართველი მაყურებელი უმეტესად კინოროლებით იცნობს. ის ადამიანები კი, რომელთაც იგი თეატრის სცენაზე, ცოცხალი თამაშისას ჰყავთ ნანახი, - ამბობენ, რომ არ შეიძლება იცნობდე იპოლიტეს ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო, თუკი იგი თეატრის სცენაზე როლის შესრულებისას არ გყავს ნანახიო... ვინაიდან, როგორც თავად ამბობენ, - არ შეიძლება კინოფილმებით შეიგრძნო ის უსაზღვრო სითბო და სიყვარული, რასაც იპოლიტე მაყურებელთან უშუალო ურთიერთობისას გამოსცემდა...
"იპოლიტე დიდი ტრაგიკომიკოსია, ვირტუოზი, იმპროვიზაციის საოცარი ოსტატი, მე-20 საუკუნის ქართული სამსახიობო სკოლის მოჰიკანი, ჩვენი ეროვნული ხასიათის, ხალხური სიბრძნის გამომხატველი. ნეტავ თუ განმეორდება კიდევ, თუ გაგვიჩნდება მეორე მისი დარი, მისი ნიჭის, მისი ტალანტის მქონე კომიკოსი?! ეჰ, ვარსკვლავები არ მეორდებიან, ისინი მარადისობის ჩირაღდნებად იბადებიან და რჩებიან საუკუნეებში..." (კინომცოდნე - ოლღა თაბუკაშვილი)
იპოლიტე ალექსანდრეს ძე ყვინჩია, 1910 წლის 31 დეკემბერს დაიბადა სოფელ კონტუათში. ყვინჩიების მეექვსე ვაჟიშვილი, ბატონი დოდო ანთაძის ხელში იქცა ნამდვილ იპოლიტე ხვიჩიად. იპოლიტეს თამაშით აღფრთოვანებულმა ბატონმა დოდომ, ეს უკანასკნელი ქუთაისის თეატრში მიიწვია და სთხოვა - "რა იქნება ეს "ყ", "ხ"-თი შევცვალოთო"; იპოლიტეც დასთანხმებია: "თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემი "ყ" იქნებ "ხ" უფრო მოეწონოსო" ... სწორედ ასე ქცეულა იპოლიტე ალექსანდრეს ძე ყვინჩია - განუმეორებელ იპოლიტე ხვიჩიად...
95 როლი თეატრში, 45 - კინოში. რა ბევრია და თანაც რა ცოტა იპოლიტესთვის...
1932წელი - პირველი როლი მისი მშობლიური ხონის თეატრის სცენაზე. პირველი მღელვარება, პირველი წარმატება, პირველი ტაში, პირველი თაყვანისმცემლები...
1977 წლი - 5 როლი კინოში; თითქოს ჩქარობდა, თითქოს გრძნობდა, რომ ილეოდა მისი შემოქმედებითი გზა...
1983 წელი - უკანასკნელი ეკრანული როლი ფილმში _ "მაცივარში ვიღაც იჯდა".
1985წელი - საქართველო აცილებს თავის საყვარელ მსახიობს, აბარებს მარადისობას. ყველასათვის საყვარელი მსახიობი, 31 იანვრის სუსხიან საღამოს აღესრულა; აი თურმე რატომ ეშინოდა მუდამ სიცივის...
იპოლიტე ხვიჩია, ქართული საზოგადოების სიხარული, სიამაყე და ცრემლია...
საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტები, კინორეჟისორები, საოცარი სითბოთი და მონატრების ცრემლით იხსენებენ "სიცილის მაესტროს". იხსენებენ, თუ როგორ იღლებოდა მისი გამოსვლებისას მაყურებელი სიცილით; ერთხელ ვერიკო ანჯაფარიძესაც კი დასჭირვებია დარბაზიდან გაყვანა და მოსულიერება, იმის გამო რომ იპოლიტეს ოხუნჯობებით, სიცილისგან ვეღარ ამოუსუნთქავს... ბევრი იხსენებს, რომ იპოლიტე საოცარი იყო თეატრში, რომ იგი მაყურებელთან ურთიერთობისას სასწაულებს ახდენდა. საოცარი იმპროვიზაციის ნიჭი ჰქონია; რეჟისორები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად უამრავი კინოროლისა, ქრთულმა კინომ მაინც ვერ მოახერხა მისი ნიჭის ჯეროვანი გამოყენება.
გადაღებებზე მისი ხალასი იუმორი ბევრჯერ გამხდარა სინჯების გაფუჭების "მიზეზი". მერაბ თავაძე (სამეფო უბნის თეატრის მთ. რეჟისორი იხსენებს: ფილმის "თოჯინები იცინიან" გადაღების დროს ბატონი იპოლიტეს მოძრაობასა და რეპლიკებზე ისეთი სიცილი მივარდებოდა ხოლმე, რომ ბევრ დუბლს ვაფუჭებდი, როცა მიზეზს მეკითხებოდნენ - რა ვქნა ბატონი იპოლიტეს ასე ნორმალურად ყურება შეუძლებელია მეთქი ვამბობდი... თითქოს არაფერს აკეთებდა, მაგრამ თავიდან ბოლომდე იუმორი იყო. ბოლოს დიდი მორიდებით სთხოვეს მაესტროს - დავეტოვებინეთ. -"კი ბატონო, თუ მაგი უშველის რეზიკოს, სულ წავალ სახლში, სხვა არა იყოს რა, მთელი რვა საათია სიდედრისთვის თვალი არ მომიკრავსო"... თქვა ბატონმა იპოლიტემ და... იმ დღეს ვერავინ ვერაფერი გააკეთა...
ხალხთან ურთიერთობისას არასოდდეს დასჭირვებია ნიღაბი, თავისი მაგნიტური იუმორით იზიდავდა მათ და თუკი იპოლიტე თამაშობდა, თეატრი გადაჭედილი იყო. იხსენებენ, როგორც ყველას მამას, ბაბუასა და მეგობარს... უაღრესად მზრუნველსა და მოსიყვარულეს...
იპოლიტე ხვიჩიას სახელი ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული ერის მეხსიერებაში, ჩვენი კულტურის ისტორიაში!იგი კარგახანია შევიდა მსოფლიოს კომიკოსთა ათეულში და მომავალში დარჩება როგორც უდიდესი მსახიობი,კომიზმის ვირტუოსი, სიცილის ტიტანი...
დრაგან იანოკოვიჩმა მას ქართველი ბურვილი უწოდა, ჟან გაბენმა გენიოსი, ოჯახის წევრებმა ბაუკა (სიარულის გამო), ხოლო კოლეგებისთვის იგი "იპო-დ" დარჩა...
ყველასათვის საყვარელი მსახიობი თბილისში საბურთალოს საზოგადო პანთეონშია დაკრძალული.
პ.ს. დიდ კომიკოსებს ყავლი არ გასდით! ისინი მოდის ცვალებადობას არ ექვემდებარებიან! როგორც წესი, ასეთებს ქართველი საზოგადოება უდიდესი ტიტულით ამკობს, იგი თავის რჩეულ შვილებს სახელით მოიხსენიებს ხოლმე - ი პ ო ლ ი ტ ე!...

Thursday, June 9, 2011

მ ა ს კ ა რ ა დ ი





ვერ ვიტან ქვეყნად სიცრუის ზეიმს,
თეთრი ლაქების შავ ხელით წმენდას,
ყალბი სიმართლის და ცრუ სიწრფელის,
შავი დღისა და თეთრ ღამის ცნებას;

დღეს ბრძენი ჰქვია სახელად უვიცს,
ღირებულს დებენ საფლავში მარდად,
და ადამიანს ღარიბი სულის
დიდებულივით ადგამენ დაფნას;

დღეს მამულისთვის გული ძგერს ცოტა,
ერთგულებაც კი ყალბია ვხედავ,
წრფელი გულები სადღაც გამქრალან,
თვალებსაც ყალბი გაუხდათ მზერა;

ყველგან სიცრუე ჭრელი ნიღაბით,
ყველგან ჭაობი, ტალახის ფარდა,
მხდალი გამხდარა დგეს მასაბაძი,
ხვალ კაცის მკვლელი იკნება ალბათ;

დღეს ყველა ლაჩარს უფენენ ფარდაგს,
ცრუებს უშლიან ლამაზ ტახტრევანს,
რა არ ვიდარდო, როცა უგუნურს
ლაღად ასხამენ ბრძენის მანტიას;

ყველგან სიცრუე, ყველგან სიყალბე,
ფარისევლობა, ფლიდობა, ლიქვნა,
მოჰბეზრდა თვალებს მარად სიყალბე,
მსურს ჩავიხედო ჭრელ ნიღაბს მიღმა;

თუ კარს გავაღებ და გარეთ გავალ,
მომეგებება სიცრუე ფლიდი,
ყველა ნიღბიანს შევცქერი შიშით,
ვინ ან რა არის, რატომ და რისთვის?!

თითო ოროლა ცხოვრობს უნიღბოდ,
თითქოსდა ყველა შენიღბულია,
ცხოვრებისთვის კი ნიღბით, უნიღბოთ,
მე მასკარადი დამირქმევია!...

თამარ არზიანი

მე და სევდა



უღრუბლო ცაა,
სევდიანი დაქრის თან ქარი;
დარდიანი ვარ
და დამყვება სევდის ამქარი;
ცრემლი დამდის და
ნატიფ სახეს თავის კვალს აჩენს,
შორს ბურუსში კი
შუა ზღვაში,
გემი შლის აფრებს...
უდაბნოში ვარ,
ოაზისი ჩემგან შორს არის;
ქარი დაქრის და
მიიმღერის როგორც მგოსანი;
ქარი ერთობა,
უდაბნოშიც თავის საქმე აქვს;
მე კი მარტო ვარ,
ნეტა მქონდეს სახლი სადმე აქ...
ცრემლი უშრეტი
დამდის, დამდის,
უპეს მისველებს,
ხმა არ ამომდის,
მინდა ვიყვირო მხოლოდ
მ ი შ ვ ე ლ ე თ!...

თამარ არზიანი

Sunday, June 5, 2011

კაფია (facebook-ზე)






მაია ჭინჭარაული:

“ვისაც რა უნდა იფიქროს ისე,
რა ვქნა ცხოვრებას ვერ ვუჭერ მუღამ ს,
არ მწყდება გული არც არავისზე,
მე ვერ დავუწყებ სიცოცხლეს მუდარს!”

მაია გონჯილაშვილი:

“ რა უშნო ფიქრებს შაჰყრიხარ
სად რა მაჰხელე ნეტავი
,,ცხოვრებას მუღამს ვერ უჭერ",
სხვაც არ აცდუნო შენსავით...”

მაია ჭინჭარაული:

“მე არ შავყრივარ სეხნიავ,
თვითონვე შემომეყარა
თორ, განა მე არ მინდოდა
რომ ამ ცხოვრებით მეხარა..:))”

მართა ჭინჭარაული:

“რაირა გზებით იარე,
ავს რო შაჰყრიხარ მხოლოდა?
რა გვესმის ჭინჭარაულებს,
ერთ რიჟიკაიმც გვყოლოდა,
სიცილით მიგვაყენებდა
ვაი-სიცოცხლის ბოლოდა:)”

მაია გონჯილაშვილი:

“ კაი რამ მაჰყვეთ ვკვირობდე
ნაღველ რა გასაკვირია,
ჩამოგეყარნენ საფიქრალნ
შენამც ცრემლ დაგადინია,
ცხოდ გიჟანგდების ხანჯალი
მაგხელეს სადამდინია,
სეხნიავ ჭკვაში არ მამდის,
შენი აჯილღა ფიქრნია...”

Mმაია ჭინჭარაული:

“ ღმერთმ დამიფაროს მართაო
ავს რო შავყროდე მხოლოდა,
ხანდისხან წავიწუწუნებ,
მემრ გავიცინებ ბოლოსა:)
გულიდან ჯავრებს გადვიყრი
შავსცინებ მზეს და მთვარესა
ვინატრებ ნეტამც შამყარა
ჩემ დანატრულის თვალებსა”

ნინო ჭინჭარაული:

“ მაინც სთქვი ბოლოს მაინცა!:)
თორ მე გეტყოდი თავადა,
მამსვლელ მაოს და გაგიქრობს
ფიქრებს ჩამაყრილს შავადა.
მანამ აქა ორ,სიცილის
ცრემლს მე გადინებ ღვარადა,
როცა ქოთქოთსა-წუწუნსა
მიაც მოვრჩები თავადა.”

მაია ჭინჭარაული:

“სანამ შენ ქოთქოთს მოიშლი
ვირი ისწავლის ცეკვასა,:)
ეხ, დაო, მომსვლელს ვერ ვხედავ
ნეტავ ვუცადო მე რასა?
ან ჩემი თავის მტერი ვარ,
ან შავუპყრივარ წერასა,
რადრა ვირთულებ ცხოვრებას,
სრუ გზას რად ვეძებ ძნელასა,
ან რისთვის ვუბნობ ამდენას,
რა აზრ აქვ ან გამხელასა?”

ნინო ჭინჭარაული:

“არ მაოს?-იქით ჰქონია
გზაც დაულოცე შენითა,
თუ ვაჟი შენფერს ვერ ამჩნევს,
თოლებს რაად ღლის ცქერითა?
ჩემ ქოთქოთს შენ ნუ იჯავრებ,
მაგასაც ეშველებისა,
ვირის კი რა მოგახსენო:)
ან შენი "ძნელი გზებისა"?
მარტუა ერთსა გეტყოდი,
მარხე კაც ვერ მიხვდებისა-
გატკეპნილ ბილიკებზედა
სული ვერ გაიწვრთნებისა”

გოდერძი ჩოხელს



ადამიანი,რომელიც იყო და დარჩება ჩემს საყვარელ მწერლად,მისი ნაწარმოებები კი-მასთან საუბრის საშუალებად."წითელი მგელი" ჩემი საყვარელი წიგნია და მისი პერსონაჟი-ლუკა,კი ჩემთვისი იგივე-გოდერძი ჩოხელია,რომელიც მარადიულად ბრუნდება "თავისუფალი სიკვდილისა და სიმარტოვისგან" და სიყვარულს თესავს ადამიანთა სევდიან გულებში.
"მე დავბრუნდები სიკვდილის შემდეგ,
ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან.."



შენ არ დაბრუნდი სიკვდილის შემდეგ.."

ვწერდი და თვალზე ცრემლიც მდიოდა,

როგორ მინდოდა ჩემთვის ყვავილი

რომ მოგეტანა საიქიოდან!

მე არშემდგარი შეხვედრა ჩვენი,

როგორც ჭრილობა-ისე მტკიოდა,

და მოველოდი იმედით,რწმენით,

ხმას მომაწვდენდი საიქიოდან.

ვერც უკანასკნელ გზად გაგაცილე,

ზამთარი იყო,ქალაქს სციოდა,

მოვრბოდი,როგორ დავიგვიანე...

მჯერა,მხედავდი საიქიოდან.

მახსოვს ობოლი გუდამაყარი

მარტოობაზე როგორ ჩიოდა,

იიქნებ ჩემსავით მასაც სჯეროდა,

დაბრუნდებოდი საიქიოდან.

გაივლის წლები,რამდენიც იქნებ

და გული,სადაც ცეცხლი ღვიოდა

არ დაბერდება! თუმცა სიბერე

სხეულს მოუხმობს საიქიოდან

და მჯერა,როცა ჩემი დროც მოვა,

მთით მონაბერი გრილი სიოდან

ჩემს წასაყვანად შენ მოხვალ.ჰო და

ყვავილს მომიტან საიქიოდან..

/ნინო ჭინჭარაული/

Friday, June 3, 2011

სადედოფლო ხელსაქმე



საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო უძველესი და მდიდარი კულტურის ქვეყანაა, სადაც ქრისტიანულ ხელოვნებას არასდროს შეუწყვეტია განვითარება. ჭედურობა, ფრესკა, მინანქარი, ხატწერა, ნაქარგობა...ყველა ეს დარგი ადამიანის სულიერების ამაღლებას ემსახურებოდა და ამდენად, მათი შენახვა და შთამომავლობისთვის გადაცემა მნიშვნელოვანი საქმე იყო. საბედნიეროდ, წინაპრებმა ყველა ეს დარგი ჩვენამდე მოიტანეს და დღეს ყველას გვაქვს შესაძლებლობა დავეუფლოთ მათ. ამჯერად კი ყურადღება დავუთმოთ ამ დარგთან ერთ_ერთ გამორჩეულს საეკლესიიო ნაქარგობას.
ქარგვის ამ ტექნიკას დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ოდითგანვე დედოფლების საყვარელი საქმიანობა ყოფილა. თავად თამარ მეფეზე არსებობს ასეთი გადმოცემა: მას სიზმრად უნახავს დიდებული, ბრწყინვალე ტახტი და რაჟამს მასთან მიახლოება უცდია, ჩაესმა ხმა, რომელმაც ამცნო, რომ ეს ტახტი მის მოახლეს ეკუთვნოდა. თამარს გაკვირვებია, რით შეეძლო დაემსახურებინა მის მოახლეს ეს მართლაც რომ სამეფო ტახტი? მაშინ ხმამ აუწყა რომ, მის მოახლეს 12 მღვდელმთავრისთვის მოექარგა შესამოსელი. თამარი მიხვდა თუ რა მადლიანი იყო ეს საქმე, იმ დღიდან თავი არ დაუზოგავს და მაინც მოქარგა 12 მღვდელმთავრისთვის შესამოსელი. დღეს ჩვენდა სასიხარულოდ ქართველ ქალებს შეგვიძლია წმიდა მეფეს მივბაძოთ და ეს მშვენიერი ხელსაქმე შევისწავლოთ. ქალბატონი ეთერ უროტაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო ნაქარგობის სახელოსნოს ხელმძღვანელი:
_ საქართველოში ქარგვა ძალზე პოპულარული იყო. იგი საზოგადოების ყველა ფენაში იყო გავრცელებული. თითქმის ყველა ოჯახში იყო მქარგველი. ხელსაქმე რომ დედოფლებს დიდად ხელეწიფებოდათ, ამაზე მინიშნება არის იაკობ ცურტაველის `შუშანიკის წამებაშიც~. წმიდა მეფე თამარი, მისი ისტორიკოსის ცნობით, მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაქარგიდან გასცემდა.”ხელით-საქმარი მისი განყიდის და ეგოდენ ფასი გლახაკთა ახელსაქმარის და მისცის არა სამეფოდ შემოსავალთაგან. (`ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი~). სამეფო ოჯახის წევრებიც დიდი მონდომებითა და სიყვარულით ხელსაქმობდნენ და თავიანთ ნაღვაწს ეკლესია-მონასტრებს წირავდნენ. მომქარგველთაგან ცნობილია დედოფალი მარიამი – როსტომ მეფის მეუღლე, დედოფალი ანა-ხანუმი – თეიმურზ II-ის მეუღლე. ბატონიშვილი თუთა – ვახტანგ I-ის დედა, ბატონიშვილი გულქანი – დადიანის მეუღლე და მონაზონი ანა – გარეჯის მონასტრიდან.
წმიდა მამები ქარგვას წმიდა საქმედ თვლიდნენ. მონასტერში მქარგველები სამუშაოს შესრულებისათვის ისევე ემზადებოდნენ, როგორც მღვდლები ლიტურგიის აღსავლენად. სამუშაოს იწყებდნენ მხოლოდ დილის საათებში – საზრდოს მიღებამდე. სამუშაოს დაწყების წინ აღევლინებოდა ლოცვა იმ წმინდანის მიმართ, რომელიც უნდა მოექარგათ. ქარგვისას იკითხებოდა ფსალმუნები. ნაქარგობა იქმნებოდა სულიერ ატმოსფეროში, დღესაც აუცილებელია ქარგვის წინ მარხვითა და ლოცვით მოვემზადოთ.
_ როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქის სურვილი იყო ქართველ ქალებს საეკლესიო ნაქარგობა ესწავლათ.
_ ეს მართალია. სამწუხაროდ ხელსაქმის ეს სახეობა გარკვეული დროით მიივიწყეს. საქართველოს პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სურვილითა და დახმარებით კი ქარგვის კერები ისევ აღსდგა. 1983 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში და მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, შემდეგ წლებში კი სხვა ეპარქიებშიც. ეს თითქმის დაკარგული და შეუსწავლელი ტრადიციები დღეს აღორძინების გზაზე დგას. სახელოსნოები ფუნქციონირებს თითქმის ყველა დედათა მონასტერში, თბილისის სიონის სამრევლო სკოლაში. სასულიერო სემინარიის სახელოსნო საეკლესიო ნაქარგობების კვლევის ცენტრის ფუნქციას ასრულებს ეპარქიებში მოღვაწე, საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებული როგორც სასულიერო, ისე საერო პირებისთვის.
¬¬_რანდენად რთული და შრომატევადია ქარგვის ეს ტექნიკა?
_საკმაოდ რთულია და შრომატევადიც. არსებობს ქარგვის ტექნიკის ორი სახე;1. უბარალო სითვი და 2. ნამაგრი სითვი. ნამაგრ სითვს აქვს რამოდენიმე სახეობა;თევზიფხურა, კალათურა, რომბულა, ორმაგი რომბულა, უბრალო ირბულა, კილოური. თითოეული სახე სხვადასხვა დანიშნულებისაა.მაგალითად კილოური- წარწერების და ჩარჩოების მოქარგვისას გამოიყენება, თევზისფეხურა შარავანდედისა და შესამოსლის და ასე შემდეგ.საეკლესი ნივთების “დაფარნების”, “გარდამოხსნების” და სამღვდელმთავარო შესამოსელის მოქარგვის წლები სჭირდება. სიონის ტაძრის კრეტსაბმელი ოთხი ოსტატის მიერ 3 წელიწადში მოიქარგა. სამების დაფარნები 6 ოსატატის მიერ 3 წელიწადნახევარში მოვქარგეთ. სამების გარდამოხნას 30 ქალი მოუნდა და 1 წელში დამთავრდა დედა ნინოს(მსხვილიძე) ხელმძღვანელობით.
-როგორი თქვენი სტუდენტების ინტერესი საეკლესიო ნაქარგების მიმართ?
საეკლესი ნაქარგობებისადმი ინტერესი ძალიან დიდია. სასულიერო აკადემიის რელიგიათმცოდნეობა-ხელოვნებათმცოდნეობის Fფაკულტეტზე ქარგვის სპეციალური ჯგუფები გვყავს.მათ შეისწვლეს ქარგვის ტექნიკის სახეები. ამჟამად ნაქარგობაში სადიპლომოს 5 სტუდენტი აკეთებს თემაზე სამღვდელმთავარო შესამოსელის დეტალები. კერძოდ იქარგება ენქერი, საბუხარები, სარტყელი, საეკლესიო ნავთებიდან გარდამოხსნა. ქარგვას სტუდენტების გარდა სწავლობენ სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანებიც. სამებაში ფუნქციონირებს ხელსაქმის სკოლა, სადაც ქარგვას წელიწადში 500მდე მოსწავლე ეუფლება. სამების სკოლის მოსწავლეებიდან 8გოგონა დავასაქმეთ. 4ქარგავს კრეტსაბმელს მთავარანგელოზების გამოსახულებით, ხოლო 4დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისშესამოსელს. წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტფიკატს, რომლითაც შეძლებენ ასწავლონ ხელსაქმე მართმადიდებლურ გიმნაზიებსა და სამრევლო სკოლებში.


`ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც მას გამოიყენებენ”; ამბობს მამა პაისი მთაწმინდელი. ვაკეთოთ ღვთივკურთხეული საქმე და გავიმდიდროთ სულიერება, ისევე როგორც ხელოვნება ახალი ნიმუშებით.

ნინო ჭინჭარაული

Thursday, June 2, 2011

***


ეს ლექსი ჩვენი ჰიმნია.ფანდურზეც ვამღერებთ ხოლმე და ჩვენი შეკრების ადგილას კედელსაც ამშვენებს:



წვიმით ჩარეცხილ ძველ კედლებს-
შატილს ავხედე განთიად..
არღუნის ორსავ ნაპირზე
ორ სასწაული ანთია:
გაღმა-ბებერი შატილი
გოროზად აიზიდება,
აქეთ-მიწურის კედელზე
სხვა სასწაული ინთება,-
ცარცით წერია უბრალოდ:
პოეზიასო დიდება!