Monday, June 13, 2011

უილიამ ფოლკნერი-“აგვისტოს ნათელი”




მე ამ წიგნს კიდევ წავიკითხავ”-, ეს იყო პირველი აზრი, რაც უილიამ ფოლკნერის “აგვისტოს ნათელის” წაკითხვის შემდეგ თავში დამებადა. წიგნი ღიმილით დავხურე და იმაზე დავფიქრდი, რატომ მეღიმებოდა.\
უილიამ ფოლკნერის ნაწარმოებებს გასართობად და დროის გასაყვანად, ანუ ჩემებურად რომ ვთქვა-“ჭამის დროს” ვერ წაიკითხავ. ყოველშემთხვევაში, მე ზოგჯერ ერთი აბზაცის რამდენჯერმე გადაკითხვა მიწევს ხოლმე აზრის გასაგებად და შესაბამისად, დიდ დროს ვანდომებ მისი წიგნების წაკითხვას. პირველი, რისი წაკითხვაც დავაპირე, იყო-“სოფელი”, რომელიც ვერ ჩავამთავრე,კითხვა მივატოვე,იმდენად გამიჭირდა, მაგრამ მისი ნაწარმოებების გაცნობის სურვილი არ გამნელებია,პირიქით!
საერთოდ, რატომ გადავწყვიტე ამ მწერლის გაცნობა..
სულ შემთხვევით წავიკითხე ნობელის პრემიის მიღებისას მისი წარმოთქმული სიტყვა და ეს ნაწყვეტი ამოვიწერე რვეულში:
ასე მგონია, ეს ჯილდო მე კი არა, ჩემს შრომას ენიჭება. ეს შრომა მთელი ცხოვრების შემოქმედებად ქცევაა, რუდუნებითა და სულიერი მოწამეობით გარჯა არც სახელის მოხვეჭისა და რა თქმა უნდა, არც გამორჩენისთვის, არამედ საიმისოდ გარჯა, რომ ადამიანის სულის ჭიდილისგან მანმადე არარსებული რამ შეიქმნას.. ჩვენი დროის ტრაგედია ის საყოველთაო ცხოველური შიშია, რომლითაც დიდი ხანია ვძრწით და რომელსაც შევეგუეთ კიდეც. სულიერი პრობლემები გამქრალია. ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს პრობლემა ადამიანის სულისა, მისი შინაგანი წინააღმდეგობებიანად, მწერლის შრომისა და ტანჯვის ღირსი ერთადერთი თემა. მწერალი ხელახლა უნდა განისწავლოს. უნდა შეიგრძნოს, რომ ყველა გრძნობათაგან შიში ყველაზე უღირსი გრძნობაა.
მწერალმა უნდა გააძევოს ყოველივე თავისი სახელოსნოდან, გარდა გულის სიმართლისა, გარდა იმ ძველთაძველი, მარადიული ჭეშმარიტებებისა, რომელთა სახელია პატიოსნება და სიყვარული,სიამაყე და ლმობიერება, თანაგრძნობა და მსხვერპლად მისვლა, ურომლებისოდაც ყოველი ნაწარმოები მალევე განწირულია გასაქრობად. ამის ქმნამდე მწერლის შრომა მუდამ წყევლის დაღითაა აღბეჭდილი. სიყვარულის ამბავს კი არ წერს, არამედ-ავხორცობისას. დამარცხების ამბავს წერს, მაგრამ ამ დამარცხებას სასოება არ ახლავს თან და რაც უფრო უარესია, არც თანაგრძნობა და არც სიბრალული..

მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი ზუსტად ისეთია, როგორიცაა ჩემს იდეალში ნამდვილი მწერლის სახე და მიზნად დავისახე, მის ნაფიქრალს გავცნობოდი. პირველი იყო “აბესალომ,აბესალომ”, რომლის წაკითხვაც არნახულად გამიჭირდა( თუმცა მასზე ცალკე დავწერ ოდესმე). მეორე კი იყო “აგვისტოს ნათელი”, რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა ლექტორმა, ბ-ნ დიმიტრი თუმანიშვილმა ისე საინტერესოდ ახსენა, რომ ვიშოვე და წავიკითხე კიდეც.
წერის დასაწყისში ვთქვი, რომ დავფიქრდი, რა იწვევდა ჩემს ღიმილს წიგნის ჩამთავრების შემდეგ. ძალიან უცნაური და სასიამოვნო განცდა დამიტოვა “აგვისტოს ნათელმა”. საერთოდ, კითხვის პროცესში ჩემს გონებასა და გულში ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრი და გრძნობები ენაცვლებოდა ერთმანეთს. რომანი იწყება ორსული გოგონას ისტორიით, რომელიც ქალაქიდან-ქალაქში დაეძებს თავის სატრფოს, შემდეგ კი უცბათ სულ სხვა ადამიანი-ბაირონი ხდება მთავარი გმირი და ავტორი მის სულში გვახედებს, თუმცა არც ბოლომდე გვეუბნება სათქმელს, გიტოვებს საფიქრალს. შემდეგ, ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ჩნდება სიუჟეტში და დროდადრო ვეღარ იგებ ვინ მთავარია, ვინ დადებითი და ვინ უბრალოდ, ამბის რაღაც მონაკვეთის შემავსებელი პირი. ყველას თავისი ისტორია, ფსიქოლოგიური პორტრეტი და პრობლემები გააჩნია, თუმცა ძირითად ნაწილს იკავებს ჯო ქრისთმასი, რომელსაც  ტრაგიკული ბედი აქვს. ავტორი ცდილობს გვაჩვენოს, თუ როგორ ძერწავს ეს ადამიანი საკუთარ ტრაგედიას, თუმცა არც “ხელისშემწყობ” გარემოს( მაგ; მამობილს) ივიწყებს.
ზოგჯერ, თხრობა უცბათ გადადის სრულიად უცხო ადამიანებზე, რომლებსაც ერთი შეხედვით არანაირი კავშირი არ აქვთ ისტორიასთან და იხატება ისეთი ეპიზოდები და წვრილმანები, რომ გონება მეღლება და ვფიქრობ-“ეს რაღა შუაშია, რა საჭიროა და რატომ კარგავს დროს ასეთ მეათასეხარისხოვან ამბებზე?”, თუმცა რამდენიმე ფურცელიც და აღმოვაჩენ, რომ ეს “უაზრო” ამბები ისტორიის გასაღები ხდება. ასე იყო ბრაუნის ამბავზე, ასე იყო ცოლ-ქმარ ჰაინსებზე..
ყველაზე დიდ ოსტატობას მაშინ ავლენს მწერალი, როცა მკვლელის, მსხვერპლის და უბრალო მოწმის ადამიანურ სახეებს (თავისი შინაგანი წინააღმდეგობებით, გრძნობებით, საზოგადოების მათზე ზემოქმედებით) ერთმანეთისგან დიდად არ ანსხვავებს, არავის არ რიყავს. აჩვენებს, ადამიანს რა აყალიბებს ღირსეულ თუ უღირს პიროვნებად. რა უმახინჯებს სულს, რა უჩენს ტკბილ-მწარე მოგონებებს, რომლებიც შემდგომ მის არჩევანს განაპირობებს.
სახელს-“აგვისტოს ნათელი” კონტექსტთან თითქოს საერთო არაფერი აქვს. ავტორი ვირჯინიის უნივერსი9ტეტის სტუდენტებთან საუბრისას ამბობს, რომ მის მხარეში აგვისტომ განსაკუთრებული სინათლე იცის. რომანში რამდენჯერმეა ნახსენები სინათლე, ცეცხლის კვამლი, რომელიც ქოხიდან ამოდის, მღვდლის აგონია “აგვისტოს მოციმციმე მდუმარებაში, სადაც მთელი ღამე ჩაიძირება, თითქოს შარავანდედივით ირტყამს გარს, შარავანდედივით ასხივებს სუსტ ნათელს” და ხატავს სახეებს, რომლების გამოკრთიან ამ შარავანდიდან. მკვლელი ჯო მათ შორის ყველაზე მკრთალად მოჩანს, მაგრამ მაინც იქაა, სხვებთან ერთად. რა არის ეს შარავანდი, ეს ნათელი? ჩემი დასკვნით- სამოთხისეული ნათელი, ღვთის ნათელი, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს.
მოდის სიკვდილი(ქრისთმასს კლავენ), მაგრამ იბადება ახალი სიცოცხლეც(ლინას ბავშვი). წიგნი ისევ იმ ადამიანებით მთავრდება, რომლებიც დასაწყისში შემთხვევით გადაეყრებიან ერთმანეთს. კითხულობ ბოლო თავს, ამ თითქოს არალოგიკურ, დაუსრულებელ დასასრულს და უკმარისობის გრძნობის მაგიერ ისეთი განცდა გრჩება, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრა მწერალმა, რომელიც შენ(შენი ვიწრო თვალსაწიერისა თუ პატარა ასაკის, თუ სხვა მიზეზის გამო) ჯერ ვერ წვდები, მაგრამ მის მნიშვნელოვნებას გრძნობ. “აგვისტოს ნათელი” ის წიგნია, რომლის არა-წაკითხვისას, არამედ დამთავრების შემდეგ იღებ საზრდოს და სიამოვნებას. დღეს ჩემი გონება ჩანს, არაა იმდენად ნავარჯიშები, მის ბოლომდე გასაგებად, ამიტომაც ვუბრუნდები იმავე დასკვნას, რომელიც გამოვიტანე ამ ნაწარმოების დასრულების შემდეგ:
“ მე ამ წიგნს კიდევ წავიკითხავ!”
/ნინო ჭინჭარაული/

3 comments:

  1. თორნიკეJune 14, 2011 at 5:13 AM

    ნინო! კიდევ ერთხელ, ვხდები, რატომ გიყვარს ლიტერატურა, პროზა, პოეზია, ძალიან მომეწონა შენეული ანალიზი, იმის რაც წინ მაქვს წასაკითხად, ვამაყობ შენით(ჩემი სუბიექტური აზრი):)

    ReplyDelete
  2. თორნიკეJune 14, 2011 at 5:16 AM

    ნობელის პრემია შემთხვევით არც აუღია! სწორედ ეს ახალი მიდგომების, ახლებურად დანახული სახეების და ხასიათების და ლიტერატურაში შეტანილი ამ დიდი ღვაწლისთვის მიიღო ნობელის პრემია!

    ReplyDelete
  3. მიხარიხარ...
    და შენი აზრიც მაინტერესებს ამ წიგნზე

    ReplyDelete