Friday, June 10, 2011

მეუღლეს

ისევ ნაცნობი სიმღერა მესმის,
იავნანაა.. 
ბოხია ხმა და ტემბრი დაბალი.
ორთქლიან მინებს დეკემბერი
ჭირხლებად ესვრის
ზამთრის სიმკაცრეს..
“დააფარე კარგად საბანი”
,- ჩაიჩურჩულებ. მომარიდებ გადაღლილ თვალებს,
ფიქრი სინაზედ ჩაეღვრება სულს ძველებურად,
რომ ყველა მამა არ უმღერებს
შვილს იავნანას,
ასეთი შენ ხარ..
და გონება მკარნახობს თუ რა
ძნელია ხშირად ატანა ჩემი,
რომ საჩუქარი
მართლაც არა ვარ და ისიც მიჭირს
ვთქვა “მაპატიე”, “დავივიწყოთ”,
და როგორც გემი
ჩემს სულში ხშირად იღუპება შენდობის ნიჭიც.
შენს დაღლილ თვალებს,
(მზისფერ თვალებს)
იმედით ვუმზერ,
იმედზე დიდი მეგობარი მე დღესაც
არ მყავს,
არც შენოდენი სიყვარული მეტევა გულზე-
ყველა მათხოვარს და ყველა საპყარს
უფლის ხატებად აღიქვამ როგორ(?!)
და გიყვარს მტერიც..
ყველაზე მეტად როცა გტკივა –იღიმი მაშინ,
შენს სულს ვერასდროს აბინძურებს
სამყაროს მტვერი,
მზე გიკრთის ხმაშიც.
რისთვის გიყვარვარ, არასოდეს არ გითქვამს,
მე კი
ალბათ ეს კითხვა ოდესმე შემშლის..!
მე არ გაღმერთებ,
სულ უბრალოდ, მარტივად გეტყვი:
-ღმერთს ვხედავ შენში.

No comments:

Post a Comment