Monday, November 21, 2011

ფსევდოვაკანსიები



“ამ წერილს ცხელ გულზე ვწერ-თქო”-რომ ვთქვა, მოგატყუებთ. ეს ყველაფერი ჩემთვის არცთუ ისე ახალია, თუმცა უკვე საკმაოდ მოსაბეზრებელი გახდა.

საქართველოში სამუშაოს პოვნა რომ ძალიან რთულია, ეს ჩემი მოგონილი არ გახლავთ. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი ე.წ “ვირის სამუშაოზე”, რაც გულისხმობს 12საათიან გრაფიკს და მინიმალურ ანაზღაურებას დამლაგებლის, მიმტანის პოზიციაზე,ან მსგავს შრომატევად მომსახურების სფეროში. არც ქსელურ მარკეტინგზე მომუშავე კომპანიებზე,რომლებიც ერთნაირი სტანდარტული მყვირალა განცხადებებით გამოირჩევიან (მაგ: “არ გაუშვა შანსი! კომპანია არის ყველასათვის,მაგრამ ყველა არ არის კომპანიისთვის!” “სტუდენტები შეთავსებით,ანაზღაურება 500-600 ლარი და მზარდი!”) და თუ მაინც გაბრიყვდი და მათ მახეში გაები, რეალურად ორჯერ მეტი დაგეხარჯება, ვიდრე შეიძლება აიღო (არ დაგავიწყდეთ, რომ სულ აქეთ-იქით სირბილი და მლიქვნელობის სწავლაც მოგიწევთ, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია “შეატენოთ” კლიენტებს) . ეს კიდევ ცალკე სტატიის თემაა.

სტუდენტისათვის (ან ახალგაზრდისთვის, რომელიც ვერ ახერხებს პროფესიით მუშაობას) ყველაზე შესაფერისი და მოხერხებული სამსახურია კონსულტანტის საქმე. როგორც წესი, ამ პოზიციაზე სამუშაოდ სულაც არაა საჭირო 3-4 ენას ფლობდე, დიპლომი გქონდეს და მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება მაინც “გეკიდოს კისერზე”. მთავარია იყო ნორმალური შესახედაობის, თავაზიანი, გამართული მეტყველების მქონე და მოწესრიგებული. დანარჩენის (რაც კონკრეტულად იმ კომპანიის პროდუქციის პრეზენტაციისათვის არის საჭირო) სწავლა შეიძლება. თითქოს რთული არც არაფერი, მაგრამ ნაცნობობის გარეშე სამსახურის ძებნის მრავალთვიანმა სტაჟმა სრულიად საწინააღმდეგოში დამარწმუნა.

კომპანია- საწარმოები, რომლებიც კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსიას აქვეყნებენ,თითქმის არასოდეს უთითებენ შიგ სამუშაო გრაფიკს და ხელფასს ( რომ წინასწარ მაინც იცოდეს ადამიანმა სად ღირს გზის ფულად 80 თეთრის გადაყრა და სად არ!) ხშირად საკმაოდ სასაცილო მოთხოვნებსაც ურთავენ განცხადებებს. ყველა სისულელეს არ ჩამოვთვლი, მხოლოდ მათ, რაც ყველაზე ხშირია. მაგალითად ;

1. “ინგლისურის და რუსულის მაღალ დონეზე ფლობა”.

ქვეყანაში, სადაც რუსული ენა იკრძალება, სამუშაოზე რატომ უნდა ითხოვდნენ ამ ენაზე თავისუფლად ლაპარაკს? -ერთი აბსურდი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტურისტები არიან ( თუმცა რეალურად, იმის მეათასედი, რასაც სამთავრობო არხებით ვისმენთ) ეჭვი მეპარება, ეს ტურისტები ქართულ ბუტიკებსა თუ ელექტრო საქონლის მაღაზიებში ფლანგავდნენ ფულს. –მეორე აბსურდი

2. “ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება”

რამდენი ადამიანი იცით,ვისაც ორი წელი კონსულტანტად უმუშავია? თუ იპოვით ასეთებს, ჰკითხეთ- კიდევ იმუშავებენ კონსულტანტად?

მეორე- თუ ყველას ეს მოთხოვნა ექნა, გამოცდილება საიდანღა უნდა მოვიდეს?

3. “ სტრესულ და ზეწოლის გარემოში მუშაობის უნარი”

ამით წინასწარ აფრთხილებ მომსვლელს, რომ მსგავს გარემოს შეუქმნი და ძირითადად ასეც ხდება. დღევანდელი ქართველი დამქირავებელი დაქირავებულ მუშახელს ისედაც უყურებს როგორც მონას, რომელმაც "უდრტვინველად და მადლობით" უნდა აიტანოს მისი ყოველი ხუშტური,ხოლო თუ კომპანიის მფლობელი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელია, მაშინ კონსულტანტს ე.წ "ჰიბრიდული გამძლეობა" მოეთხოვება, მის არანორმალურ პირობებში ადაპტირებისთვის(მაგ: 10დღეში ერთხელ დასვენება, 11საათიანი გრაფიკის პირობებში ჩამოჯდომის ან კედელზე მიყუდების აკრძალვა, ხელფასის დაგვიანება და ნაწილ-ნაწილ მიცემა-რომ თვის ამოწურვის შემდეგ რაც შეიძლება მეტი დამატებითი დღით გაჩერდეს კონსულტანტი,სანამ ახალს მიიღებენ და აშ).
   მომხმარებელი კი შემოდის თავისი პრობლემებით და მთელ თავის გაღიზიანებას დაღლილ-დაქანცულ კონსულტანტზე ანთხევს, რომელსაც ფეხებში კრუნჩხვა უვლის და მხოლოდ ერთი აზრით სულდგმულობს-დროზე შევიდეს საპირფარეშოში, რომ იქ მაინც მოახერხოს ორი წუთით ჩამოჯდომა.
   "საზიზღარი! როგორ არ გამიღიმა! თუ ნერვები არ ჰყოფნის, წავიდეს და სხვაგან იმუშაოს!" -გესმის ფრაზა და ნატრობ, ამის მთქმელის შვილები და შვილიშვილები იხილო მსგავს სამუშაოზე.  სანამ სხვის მდგომარეობას საკუთარ თავზე არ გამოცდი,სხვის ომში მუდამ ბრძენი ხარ..
 
მოკლედ, შორს წავედი. დამქირავებლის მოთხოვნებზე ვსაუბრობდით.
როცა კითხულობ ასეთი სახის განცხადებებს, ჯერ გეცინება, მერე ბრაზდები, მაგრამ მაინც გზავნი რეზიუმეს. 90% არ დაგირეკავს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც არავისზე ნაკლები გარეგნობა/განათლება არ გქონდეს. უბრალოდ არ რეკავენ. 9% მოკლე ტექსტურ შეტყობინებას გამოგიგზავნის( და რა “დონისაა” მათი ფირმა,თუ კომპანია, აქვე მიხვდები), 1% კი გასაუბრებაზე დაგიბარებს.

ყველაზე დიდი ტრაგიკომედია მერე იწყება!

ამ ერთი პროცენტიდან ნაწილი ისევ და ისევ ქსელური მარკეტინგი აღმოჩნდება. რაც მალე დააღწევ თავს მათ შემბმელ საუბარს “ღარიბი და მდიდარი ადამიანის აზროვნებაზე”, მით უკეთესი.

ნაწილი მიგიღებს ლამაზ, სუნამომოპკურებულ კაბინეტში. ცხვირწინ გაგიბოლებს, მოგაყოლებს საკუთარ თავზე. მხოლოდ შემდეგ გეტყვის სამუშაო საათებს (სავარაუდოდ 12-11 საათიანი გრაფიკი,შაბათის ჩათვლით ყოველდღე). ხელფასს ( გაწელ-გამოწელე- 250 ლარი) + ბონუსი! ეს თუ არ არის, გეტყვიან-“სამომავლოდ იგეგმება”. შემდეგ მიდის დარწმუნების პროცესი, რომელსაც მე “დაბოლების” პროცესს ვეძახი. პირველი სტანდარტული ფრაზა-

1. “ამას არავინ გეტყვით. ასეთ პირობებს სხვა არ შემოგთავაზებთ”

2. “12 საათი ბევრია?! მოინდომე, დაისახე მიზანი და შეძლებ!”(თითქოს კონსულტანტობას ვინმე მიზნად ისახავს და ამაზე ოცნებობს)

3. “ ქართველები ზარმაცი ხალხი ვართ! საზღვარგარეთ დილის 6 საათზე იწყება სამუშაო დღე!”( ის ავიწყდებათ, რომ იქ ანაზღაურებაც შესაბამისია და არც ორ კვირას გადაბმით ამუშავებენ ვინმეს)

და სხვა..

დიაგნოზი: ასეთი “დამსაქმებლები” მეტწილად ან ბავშვობაში უყურებდნენ საპნის ოპერებს ან ახლაც უყურებენ. უფრო სავარაუდოდ კი ადამიანთა აქტიური “მომხმარებლები” არიან იმ მიზეზების გამო, რომ  არშემდგარი პიროვნებებიარიან და რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებაზე არიან ორიენტირებულნი. თითქოს ბევრი ფული შველოდეს კომპლექსებს. ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ იციან, რა არის ცხოვრება, მაგრამ პირიქით- ისინი “ცხოვრებობანას”, “თანამდებობანას”, “შეფობანას” თამაშობენ. ისინი ყველაფერს ყიდიან, თუ დასჭირდებათ, საკუთარ თავსაც გაყიდიან. ვიღაც იტყვის- სამაგიეროდ კომფოტრულად ცხოვრობენ! ვნახოთ, როდემდე.

ერთ- ერთი ტიპის გასაუბრება:



განცხადებაში მითითებულია ვადა. გზავნი რეზიუმეს, გირეკავენ და გიბარებენ.მიდიხარ გასაუბრებაზე. იქ 30მდე შენნაირ უბედურს მოუყრია თავი და დასწრებაზეა შესვლა. ამ დროს გამოდის წარბებაქაჩული კონსულტანტი და ყინულის ხმით გამცნობთ რომ 5 ადამიანზე მეტს არ მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ 30-ვეს მათ დაურეკეს და დაიბარეს. ჰო, დამავიწყდა- მაღაზიაშიც კი არ გიშვებენ და გარეთ, ქუჩაში გაყენებენ (იატაკი გატალახიანდება!).შემდეგ უკვირთ, როცა "ქაჯებად" ნათლავ და ისე მიდიხარ.

მეორე ტიპის;

გიბარებენ სადღაც ჯურღმულში. გალოდინებენ. ბოლოს, როცა უკვე შიშით გეპარება ეჭვი, ტრეფიკინგის მსხვერპლი ხომ არ გახდი, გეძახიან და ფსიქოლოგის ღიმილიანი დამსაქმებელი გელოდება ოთახში. ტესტს გაწერინებენ. უკეთეს შემთხვევაში ორგვარს:

1. უნარები( საინტერესოა მისი მიზანი)

2. ფსიქოლოგიური (აბა რა! იქნებ გიჟი ხარ ან სერიული მკვლელი!)

ტესტის შემდეგ მეორე გასაუბრებაზე გიბარებენ, რაღაცეებს გეკითხებიან მშობლებზე, ბებია-ბაბუებზე. დღეში რამდენჯერ ალაგებ ოთახს, რა გაღიზიანებს, რაზე მშვიდდები და როცა გგონია უკვე, რომ მაგარი დაქალები ხართ, გეუბნება-“გმადლობთ, დაგიკავშირდებით”

მესამე და ყველაზე გამაღიზიანებელი, ანუ კონკრეტული დღევანდელი “ბოლო წვეთი”, რამაც ეს წერილი დამაწერინა;

გირეკავენ საკმაოდ ზრდილობიანად, ტელეფონშივე გამცნობენ სამუშაო საათებს, გიბარებენ იქ, სადაც უნდა იმუშაო და როცა მიხვალ, ისე, რომ ერთი ადგილის აწევასაც არ ინებებენ, ზრდილობის გამო გაძლევენ ორიოდ კითხვას და გისტუმრებენ “ ერთი თვის განმავლობაში დაგიკავშირდებით”

ეს “ერთი თვის განმავლობაში” ახლა უკვე ვიცი, რომ ნიშნავს-“აღარ დაგიკავშირდებით”-ს. და თუ არც “ბაბაიაგა” ხარ გარეგნულად, არც ენაბლუ და რეზიუმეც ისეთი გაქვს, რომ ბუნებრივი ადამიანური კანონებით გული არავის გაუსკდება და მაინც მსგავსი სპექტაკლების ნებსითი თუ უნებლიე მონაწილე ხარ, რა უნდა იფიქრო? ყველგან ნაცნობობა? ალბათ..

მხოლოდ ერთი კითხვა მინდა დავუსვა ყველა დამსაქმებელს:

_ რატომ აქვეყნებთ ვაკანსიებს?...

2 comments:

  1. გეთანხმები, სამწუხაროდ, გამოცდილება მაქვს ყველანაირი რაც ზემოთ ჩამოთვალე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ქსელური მარკეტინგი მიშლის ნერვებს, ატყუებენ 18 წლის ბავშვებს ძირითადად.

    ReplyDelete
  2. გეთანხმები, სამწუხაროდ, გამოცდილება მაქვს ყველანაირი რაც ზემოთ ჩამოთვალე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ქსელური მარკეტინგი მიშლის ნერვებს, ატყუებენ 18 წლის ბავშვებს ძირითადად.

    ReplyDelete