Saturday, February 4, 2012

ჯურჯიაულის ციხე და ჩრდილოელები

ღამე დაიმსხვრა მწვერვალზე,

მზე ცის გუმბათზე ანთია...

და მიირწევა გზაწვრილზე

ცისკარაული ნათია.

ნამის წვეთები ბალახებს

 უბრწყინავთ ათასფერები...

ხელით იჭერენ კალმახებს-

ასაში - არხოტელები!

ალბათ ეს თეთრი ღრუბლები

ახიელაში მიდიან...

არხოტს დარდი აქვს ულევი,

არხოტის გულში ბინდია!-

ამ ცათა მეუფებაში

რა ესაქმება ჩრდილოელს?!

სიკვდილთან უწევთ თამაში

ლეკს,ვაინახს და დიდოელს!..

დრო დადგა - ძველმა ქიშპობამ

გუდა-ნაბადი აიკრას...

აღარ ჰკიდია მომხვდურთა

ხელის მტევნები ქავისკარს.

გაღმა რომ შავი ყორანი

ლეწავს ჩეჩენთა აულებს,-

ჯურჯიაულის ციხესთან

ცრემლი სდით ცისკარაულებს.

მტერმა ხეობა უნგრიათ,

გაუთამამდათ წყეული!-

მაგრამ ჯერ არვის უხილავს

არხოტის მთები ძლეული!...

კოშკი გამძლე და მაღალი

რომ დაურღვიათ ოხერმა!-

იქნებ იმიტომ შეიკრა

შუბლი მრისხანედ ჩორეხმა!..

დრო მოვა -- ლაგამს აიწყვეტს

რაში დაბმული თავლაში...

ჯარჯი სახატე პურს გატეხს --

მოყვანილს ჯვარის ყანაში.

ყალყზე შედგება მთა-ბარი,

ერთ მუშტად დაიჯარება,

ხევსურის ხარის კისერი

სალაშქროდ დაიძაგრება.

არვინ თქვას,ვაჟას არწივებს

თითქოს დასცვივდათ ბუმბული,-

მტრის თმა ჯერ კიდევ ფრიალებს,

ვით თივის ოქროს ბულული!

ჯერ კიდევ მოფენილია

ყვავილით ამღას ველები...

ხელით იჭერენ კალმახებს

ასაში არხოტელები.

მზე,როგორც მწველი მიჯნური

შავწყალას უცქერს ნაბდიანს...

უფსკრულს თვალებში უმზერს და

წელთგზაზე მიდის ნათია.

/თინათინ მღვდლიაშვილი/

No comments:

Post a Comment