Friday, April 6, 2012

თებჯორიკები (თუშური მოტივებიდან)



      ზეზვამ ცხენები ხევის პირას მიმავალ ბილიკზე შერეკა და ფიქრებში ჩაიძირა. ცხვარიდან მომავალს ომალოში მიეჩქარებოდა ათენგენაზე. მთვარიანი ღამე და მომავალი ქეიფი თუშს გულს უხალისებდა. უკნიდან რაღაცა ჩქამი მოესმა, ცხენი შეაჩერა და ყური დაუგდო. ხმაური არ ისმოდა, ზეზვას თავის შიშზე გაეცინა და გზა განაგრძო. მაინც ურევდა ფიქრებს ის ცოტა ხნის წინ მოსმენილი ჩქამი.
       წყალი მოსწყურდა და ცხენებს თავს დაუარა, ჩამოხტა, წყაროსთან ჩაირბინა და წყალს დაეწაფა. უცებ ზევიდან ხმაური მოესმა და აიხედა. ხევის პირას ორი ცხენოსანი დედაბერი გაჩერებულიყო და ზეზვას დაჰყურებდნენ,”ვინ ოხრებ არიან” - გაიფიქრა ზეზვამ და ისევ წყალს დაეწაფა.
-ბიჭავ!-მოესმა უცებ რაღაცნაირი, ხრინწიანი ხმა- ეგრე რათა სვამ წყალსა, ჭიქა არა დევს მანდა?-თუშმა თუშური კილო რომ ვერ შეიცნო გაკვირვებით ამოიხედა და ისევ დააშტერდა დედაბრებს. მოხუცებს უსიამო სახე ჰქონდათ და გაწეწილი თმები. უნერბურად გააჟრჟოლა ზეზვას ტანში.
-თქვენ ვინა გკითხავათა მე როგორა ვსვამ წყალსა,ნეტავ მაცოდინას.-ჩაიბურტყუნა და ხელის დაბანას შეუდგა. მერე თმაზე გადაისვა სველი ხელი და თითქოს შვება იგრძნო.
-ბიჭავ, ამით მაინც დალიე წყალი, ადამიანურად რად არ ირჯები, რა ნადირივით დასწაფებიხარ წყაროს წყალსა! -დაუძახა ისევ დედაბერმა რაღაცნაირი,რკინაგარეული ხმით. ზეზვა თითქოს რაღაც ძალამ გაზიდა ქალებისაკენ და მიუახლოვდა, სახეზე არც შეუხედავს ისე გაუწოდა ხელი, სპილენძის ჭიქა ჩამოართვა და უკან მიბრუნდა.
-მადლობას არც იტყვი ბიჭავ?- მოემა უცებ ახალგაზრდა ქალის ხმა. გაოცებით მიტრიალდა და ცხენზე მჯდომი ახალგაზრდა ქალები დაინახა,თითქოს ის დედაბრები ქცეულიყვნენ უმსვენიერეს ალისფერთმიან ქალწულებად. ზეზვას თმა მაღლა წაუვიდა და ქალებს თვალი ჩამოატარა. ორივენი დედიშობილანი იყვნენ, ხშირი თმა წელამდე სწვდებოდათ, ხოლო ფეხის ტერფები ორივეს უკუღმა ქონდათ მოქცეული.
”თებჯორიკანი” - გაუელვა თუშს თავში და თავისი ცხენისკენ გაქანდა. წამის უსწრაფესად მოევლო ზედ და მათრახი გადაკრა. ცხენი ადგილიდან არ დაიძრა, მის წინ ჯგუფად შეყრილ ცხენებზე ერთი უსიამოვნოდ დაღრეჯილი ცხვირმოკაუჭებული, მეჭეჭებიანი, თმაგაბურძგნული მოხუცი იჯდა და რაღაცნაირად უწრუპუნებდა ცხენებს. მერე მიატრიალა ცხენი და ზეზვას წინ გაუძღვა. თუშიც მორჩილად მიჰყვა უკან. თავჩაქინდრული, ზარდაცემული, ფერმიხდილი მოშვებულად იჯდა ცხენზე და მოხუცისკენ არც იხედებოდა.
”ტყვია ვკრა, არ გაჭრს, ხანჯალიც ვერსა მიშველს. თან რამდენ ყოფილან... ახლა სადმე ხევში ჩამიყვანენ და იქ მომგუდავენ.” გახსენდა ოთხი წლის წინ მისი მეზობელი აბა წუდაქაიძე რო იპოვეს ხეთან დამხვრჩალი. მოხუცებმა თქვეს, თებჯორიკების დამხვრჩალიაო, აბა სხვა ვინ მოერეოდა ძალ-ღონით განთქმულ აბას,ან ის ღელე რას დაახრჩობდა. მაგრამ ზეზვამ არ დაიჯერა, არც ეჯერა ეგეთების, ბავშვების დასაშინებლადაა მოგონილიო.
ამ დროს წინ მიმავალ ცხენზე მჯდომმა მოხუცმა სტვენას და ცხენების წრუპუნს უმატა, ცხენზე ტრიალებდა, იმანჭებოდა. უნდოდა ზეზვას აეხედა მაგრამ ზეზვა ისე ოყო გაოგონთებული, თვალიც კი არ გააპარა მისკენ.
”არ ავხედავ,ფიქრობდა ზეზვა-რომ ავხედო მომნუსხავს,ამგუდვას” ისე ჰქონდა სიკვდილის შიშს ატაცებული, რომ ნახევრად მკვდარი იყო უკვე.
შორიდან მომავალი ძაღლების ყეფის ხმა არც გაუგია. მაშინ გამოფხიზლდა, როცა მისმა ცხენმა აიწყვიტა და ჭენებით გამოუდგა უკვე ოთხით მიმავალ დაწინაურებულ რემას. კინაღამ გადმოაგდო ცხენმა, მაგრამ თავი შეიკავა და უცებ გამოფხიზლებულმა მოედანზე დანთებულს ცეცხლებ მოჰკრა თვალი სადაც თუშები ათენგენობას ზეიმობდნენ და ცხენი იქითკენ გააქროლა.
მოედანზე შევარდნლი ზეზვას ცხენი ძლივს დაიჭირეს. ზეზვა განაპირა კოცონთან გადმოვარდნილიყო და ხმას ვერ იღებდა. ელდანაცემი გაბრუებული იჯდა და ხალხს შეჰყურებდა უაზროდ. წყალი მოუტანეს და დაალევინეს, მერე ხუცესი მოვიდა და დალოცა, პირჯვარი გადააწერინა და ცოტა არაყი შეასვა.
ზეზვამ ძლივს აწია მარჯვენა ხელი, რომელშიც სპილენძის ჭიქა ეჭირა და კიდევ გადაისახა პირჯვარი. მერე ბალახებში ჩაემხო და შიშისაგან სირცხვილნაჭამი აქვითინდა.
/ირაკლი ყალიჩავა/

No comments:

Post a Comment