Monday, April 16, 2012

ერთი დღე მონასტერში (ცაგერი)


ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ყველა მკითხველს და მინდა ყველამ ერთად გავიზიაროთ ამ დღესასწაულის სიხარული. ქვემოთ მდებარე სტატია 4წლის წინაა დაწერილი, მაშინ,როცა უკანასკნელად ვიყავი მონასტერში. ეს ერთადერთი აღდგომა იყო,რომელიც მონასტერში გავატარე და მაშინდელი შთაბეჭდილებები დღესაც ძლიერია ჩემს მახსოვრობაში.ვფიქრობ ღირს და საინტერესო იქნება მისი წაკითხვა მკითხველისთვის.

ერთი დღე მონასტერში

      ნათქვამია _ ერთი დღეც რომ გაატარო მონასტერში, შენში რაღაც სასიკეთოდ შეიცვლებაო.
ბევრმა საერთოდ არაფერი იცის მონასტრული ყოფის შესახებ და მასზე უხეირო ფილმებსა და სერიალებში გაკვრით ნაჩვენები ეპიზოდების მიხედვით ექმნებათ წარმოდგენა. ასეთი ინფორმაციის მქონეს ეცოდება, ან უიღბლო ადამიანებად მიაჩნია მონასტერში წასულნი. ის კი არ იციან, რომ ბევრმა მათგანმა კარგი ცხოვრებაც ნახა და წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ ბედნიერების ძიებამ, ბოლოს, მაინც, ღმერთამდე მიიყვანა. თითოეულ მათგანს ერთი საერთო აქვს _ ღვთის სიყვარული, რომელმაც მათ ცხოვრებაში ყველა საზრუნავი დაჩრდილა და, ღვთისაგან დადგენილ დღეს, შავი კაბითა და მონაზვნური აღთქმით შემოსა.
ერში მცხოვრები მორწმუნენი ხშირად სტუმრობენ მონასტერს და ეს ძირითადად მარხვის პერიოდში ხდება. მიზეზი სხვადასხვაგვარია: _ ზოგს მადლის მიღება სურს, ზოგს ამ სოფლისგან დროებით განშორება, ახალგაზრდები კი, ძირითადად, ინტერესის გამო მიდიან.
ცაგერისკენ გზას ღამით შევუდექით, თვალი წუთით არ მოგვიხუჭავს. რაც უფრო ვუახლოვდებოდით დანიშნულების ადგილს, მით უფრო მრავლდებოდა მთებსა და მოედნებზე აღმართული მანათობელი ჯვრები, რომელნიც თითქოს იმის მანიშნებელი იყო, რომ უფალი გვიფარავდა და გზას გვინათებდა მონასტრისაკენ. ეს სულიერად გვამხნევებდა და გულს უჩვეულო მოლოდინით გვივსებდა. ისეთი განცდა გვეუფლებოდა, თითქოს ჩვენს ცხოვრებაში ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გადავდგით. 5 საათი ვიმგზავრეთ და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში დავბინავდით. სტუმრები თბილად მიგვიღეს და მოგვასვენეს. მონასტერს თავისი ტიპიკონი ჰქონდა:
06:30 ადგომა
07:00 ცისკრის ლოცვები
09:00-11:00 თავისუფალი დრო
11:00 ტრაპეზი
12:00-17:00 მორჩილება
17:00-18:00 კითხვის საათი
18:00 მწუხრის ლოცვები
18:30-19:00 კითხვის საათი
20:00 ტრაპეზი
21:00-23:00 თავისუფალი დრო
23:00 ძილი

ტიპიკონის მიხედვით, ყველას საქმე (მორჩილება) ჰქონდა განაწილებული, თუმცა, იქ მყოფთა რიცხობრივი სიმცირის გამო, ხშირად გვიანობამდე ვერ უხერხდებოდათ დაძინება. ჩვენი ჩასვლის შემდგომ კი (5 გოგონა სხვადასხვა დროს ჩავედით) მოვალეობები უკეთ განაწილდა. ერთი სახლს ალაგებდა, მეორე _ ეზოს, მესამე _ ჭურჭელს რეცხავდა. მე ტრაპეზარის თანაშემწე გახლდით, კერძების მომზადებაში `დავხელოვნდი~. `ტრაპეზარი სამგზის ცხონებულიაო~ _ ხუმრობით გვითხრა კეთილმოწესემ.
ტიპიკონის ზემოთ გაკრული იყო სამი წესი:
1. არ განიკითხო.
2. რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, შენდობა სთხოვე და განშორდი. 3. დაინახე ადამიანში მხოლოდ კარგი. თუ არ ძალგიძს, ნურაფერს ეტყვი.

აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ შეცდომებზე და ცუდად შესრულებულ მორჩილებაზე მიღებული საყვედურები ყველას უდრტვინველად უნდა აგვეტანა, რათა სულიერად გავზრდილიყავით და მოთმინების უნარი გამოგვემუშავებინა. ერთს კი მივხვდით: ის, რისი გაკეთებაც სახლში გვეზარებოდა, მონასტერში ისეთი ხალისით ვაკეთებდით, თავადაც გვიკვირდა. ტყუილად არაა ნათქვამი _ უსაქმურობაა დასაბამი ყოველი ბოროტებისაო, ხოლო როცა საქმე გაქვს, მოწყენილობაც არ გეუფლება. ცალკეული მორჩილების გარდა, საერთო საქმეც გვქონდა. ტაძრისთვის სეფისკვერს ვაცხობდით, ეს ჩვენი საყვარელი საქმიანობა იყო და ზოგჯერ ღამის 1-2 საათამდე არ ვიძინებდით, რომ მცხობელს მივხმარებოდით. ის აბრტყელებდა ჩვენ კი კვერებს ვჭრიდით, პატარებს ღვთისმშობლის ან ჯვრის გამოსახულებით ვბეჭდავდით და დიდებს თავზე ვაწებებდით, ამ ყველაფერს თან ახლდა ჩვენი გალობა. ეს სიხარული,  არასოდეს დაგვავიწყდება. არც ის უძილო ღამეები დაგვავიწყდება, როცა 2 საათზე დაწოლილები დილის- 5 ის ნახევარზე ერთმანეთს დაფეთებულები ვაღვიძებდით, რომ ცისკრის სააღდგომო ლოცვებზე არ დაგვეგვიანა. მონასტრის წინ მდებარე სასაფლაოზე იდგა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, სადაც წირვა-ლოცვაზე დავდიოდით. ტაძრამდე მიმავალს აუცილებლად ეს სასაფლაო უნდა გაევლო და ჩვენც ღამის 5 საათზე ნახევრად მძინარენი, იდუმალი შიშით, რკინის რიკულებს შორის მივიკვლევდით ტაძრამდე გზას.
დიდებული სანახავი იყო სიბნელეში შიგნიდან გაჩირაღდნებული ეკლესია. კანკელზე სამი მირონმდინარე ხატი იყო დაბრძანებული: მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და მაქსიმე აღმსარებლის. ჩვენი ერთ-ერთი დიდი სიხარული იყო ისიც, რომ წირვა-ლოცვაზე გალობის შესაძლებლობა მოგვეცა. ერთი სიტყვით, ყველა მხრიდან შევეცადეთ არა მარტო დაგვენახა ის საოცარი გარემო, რაც მონასტრულ ცხოვრებას ახლავს, არამედ გაგვეთავისებინა და შეგვეგრძნო კიდეც – 10 დღე ვცდილობდით ნამდვილ მონაზვნებად ვქცეულიყავით, სამოსიდან დაწყებული, საქციელით დამთავრებული.
ერთხელ აივნიდან შევამჩნიეთ ჩვენი მონასტრის უკან აღმართულ მთაზე მდებარე ციხე და ჯვარი. ადგილობრივების თქმით, ეს იყო მურის ციხე, რომელზეც ლექსიც მოგვითხრობს:

`მურის ძველ ხიდთან სადაც გორმახებს
თითქოს მდინარემ დანა დაუსვა
სამი ციხე დგას: ციხე "
დაუხვდი "
ციხე `"
დაჰკარი " და "არ გაუშვა".

პოეტის სტრიქონებში ნაგულისხმევი ციხეები შიშიანობის პერიოდში მოსახლეობის თავშესაფარი იყო და მათი სახელწოდებებიც აქედან მოდის. მათ შორის ვიწრო გვირაბები ყოფილა გაყვანილი. მდინარის მეორე მხარეს აღმართულ გორაკზე ჯვარი დაუდგამთ ცაგერლებს, რომელიც ღამე ანათებს. გულმა ვერ მოითმინა მათი ახლოდან უნახაობა, მეუფეს კურთხევა გამოვთხოვეთ და სამმა გოგონამ მთას მივაშურეთ. გზად, ტყეში ორჯერ დავიკარგეთ, და ბოლოს, როცა ჯვარზე ავედით, ჩვენ თვალწინ არაჩვეულებრივი სანახაობა გადაიშალა. მთელი ცაგერი ხელისგულივით მოჩანდა. წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერიც და ცაგერის `სიამაყე~ _ მწვანე თეატრიც კარგად ჩანდა. ყველაფერი ფირზე აღვბეჭდეთ.
დრო ძალიან სწრაფად გარბოდა, სასაფლაოზე ჯდომას ისე შევეჩვიეთ, რომ სულ მისკენ ვისწრაფოდით. ნათქვამია ადამიანი სიცოცხლეშივე უნდა ფიქრობდეს სიკვდილზე და არც სასაფლაოსი უნდა ეშინოდესო. ჰოდა, ამ სასაფლაოს შემყურე მეც დავფიქრდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ უსულო ძეგლების უზარმაზარი გროვა. აქ იყო სიცოცხლე, ოღონდ სხვაგვარი. საფლავებზე იასამნისფერი ყვავილები ხარობდა და აღდგომის წითელი კვერცხები იყო მიმობნეული. ყველა ადამიანი, ვისი სახელი და გვარიც წავიკითხე, ახლობლად მიმაჩნდა, რადგან ყოველდღე `ვნახულობდი~ მათ. აქ მუდამ ვიღაც იჯდა და საფლავს ალამაზებდა; სევდიანი განწყობილება სადღაც გამქრალიყო, ყველაფერი მზითა და ჩიტების ჭიკჭიკით იყო გაცოცხლებული და გამთბარი.
ბოლო დღეებში სვანეთიც ვნახეთ. მეუფემ წაგვიყვანა ლენტეხში. ამინდი აქ უფრო გამკაცრდა და მდინარეც მეტად ადიდებული ჩანდა. მწვანე მთებს შორის თოვლიანი მწვერვალიც გამოჩნდა. მეუფემ გვაჩვენა წმ. გიორგის მშენებარე დედათა მონასტერი და თავისი რეზიდენცია. აგრეთვე მაღალ მთაზე მდებარე პატარა ტაძარი, რომელზეც მამათა მონასტრის აშენებას გეგმავს. ათონის მსგავსად მასზე ასვლა ქალებს აკრძალული ექნებათ.
ლენტეხში მამა იოსებს ვესტუმრეთ. ოჯახში სასიამოვნო, მეგობრული ატმოსფერო და სიმშვიდე სუფევდა. ყველაზე მეტად ხატების კუთხემ გაგვაოცა, მათ უმრავლესობას მირონი სდიოდა. ვიტრაპეზეთ, ცაგერში დავბრუნდით და შემდეგ წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი მოვინახულეთ. ეს ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი საქართველოში აღესრულა და სწორედ ამ მონასტრის საკურთხეველშია დაკრძალული. ტაძარში ვიგალობეთ, ვილოცეთ და სიხარულით სავსენი წამოვედით იქიდან. მეორე დღეს კი მთელი ცაგერი ემზადებოდა აღდგომის ღამისთვის!
ღამისთევის წინ ჩვენც საგანგებოდ მოვემზადეთ, დღე კარგად გამოვიძინეთ, რომ მსახურებაზე ბოლომდე გვეფხიზლა. მოგვიანებით კი ისევ ნაცნობი სურათი დაიხატა: ღამე სასაფლაოზე და გაჩირაღდნებული ეკლესია; მღვდელთმთავრის სავარძელთან ხალიჩაზე პატარა ანგელოზივით ჩამომსხდარი ბავშვები, წითელი კვერცხებით ხელში და ორად გაყოფილი მრევლი ცალ მხარეს მამაკაცები, ცალ მხარეს ქალები. ნელ-ნელა თენდებოდა ლოცვაში, სარკმლებს შორის მოლურჯო-მოშაო ცის ნათელი მალე მზის პირველმა სხივმა შეცვალა. ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

P.შ. მონასტერში სულ 10 დღე დავყავით, თუმცა დროის ეს მონაკვეთი იმდენად დატვირთული იყო სიახლეებითა და ემოციებით, რომ ერთ დღესავით გაირბინა.


/ნინო ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment