Tuesday, May 29, 2012

დროში მოგზაურობა

"დროში მოგზაურობა"... ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია წერილისთვის ამ სათაურის შესარჩევად, რადგანაც რეკორდულ დროში(3 დღე) ისეთ ადგილებში ვიმოგზაურე, რომლებიც მარადისობაშია გახვეული და ინახავს იმ ისტორიას, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.

2009 წლის 18 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, სად მივდიოდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს უბრალო ექსკურსია არ იყო, განა მხოლოდ იმიტომ, რომ ტაო-კლარჯეთი ისეთი მხარეა, სადაც ვერ წახვალ ადვილად, არამედ იმიტომ, რომ მე ვნახავდი იმ ისტორიულ მხარეს, საიდანაც დაიწყო არაბებისგან დასუსტებული საქართველოს როგორც სულიერი, ისე კულტურული გაერთიანება. ცხადად შევეხებოდი იმ ისტორიას, რომელსაც სკოლის მერხიდან ვეცნობოდი.

დილის 9 საათზე, წირვის შემდეგ, სამების ტაძრის ეზოდან, ინტელექტუალურ კონკურსის "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" 2008-2009 წლის გათამაშების 2, 3 ადგილებზე გასული სურამის, სენაკის, ქარელისა და ნინოწმინდის სკოლის გუნდები, პედაგოგები, ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი მეუფე სტეფანე და ამავე ცენტრის რამდენიმე წევრი 2 სამარშუტო ტაქსით გავედით. 1 საათისთვის უკვე ვალეს საბაჟოზე ვიყავით. პირველად აქ დაგვხვდა უზარმაზარი წარწერა TURKIYE.
გარკვეული მიზეზების გამო, საზღვარზე საკმაო ხნით შეგვაყოვნეს. სწორედ იმ დღეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენება დაემთხვა და მეუფის კურთხევით მისი სავედრებელი ლოცვა ვისწავლეთ და ვიგალობეთ. დასრულებული არ გვქონდა გალობა, რომ საზღვრის გადაკვეთის ნება დაგვრთეს. ეს იყო პირველი სასწაული, რომელიც ამ კურთხეული მიწისკენ მიმავალ გზაზე გვიჩვენა უფალმა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ხელში კალამი ამეღო და ფოცხოვის უღელტეხილთან წერა დამეწყო:

"ყვითლად შეფერილი წვრილტანიანი ხეებიდან მტრედების გუნდი აფრინდა და მთებს შუა გაიშალა. ვიწრო ატოტვილი ხეები მთელი ტანით, თანაბრად, მწკრივად მიისწრაფიან ცისკენ. ისეთი სიყვითლე არ აქვს ბუნებას, პოეტურად ხანძარს რომ ეძახიან. ზურმუხტისფერ-მოლურჯო მთის ტანზე ხალებივით კრთის ვარდისფერი, ქარვისფერი და მოწითალო ფერების თამაში. წვრილღეროიან ბუჩქებს შორის, მზის ათას ნაწილად გაპობილი სხივები, საღამოს სევდიან და იდუმალ ელფერს სძენს. საოცარი სითბო იღვრება ამ ცისა და მიწისგან."

ეს სითბო ჯერ კიდევ საბაჟოზე ვიგრძენით. თურქი მესაზღვრეები ალმაცერად და დაკვირვებით გვათვალიერებდნენ სტუმრებს. პასპორტების დარიგებისას "ალაჰ აქბარის” წარმოთქმას მიჩვეული ბაგეები საშინლად ამახინჯებდნენ ქართულ გვარებს და მახსოვს როგორ გაგვაოცა ერთერთი მათგანის დანახვამ, რომელიც გარეგნობით სრულიად განსხვავდებოდა მათგან. გვარ-სახელს სუფთა ქართულით (ცოტა თურქული აქცენტით) კითხულობდა, ბავშვებს ღიმილით გადაუსვავდა თავზე ხელს და ლოცავდა: "გზა მშვიდობისა”. ერთერთი მასწავლებელი აღფრთოვანებული მიუახლოვდა მას:

_ ლაზი ხარ? მარგალი?

_ ლაზი? _ გაუკვირდა მას: ქართველი ვარ...

"ამასობაში სურათი იცვლება, გახშირდა ოქროსფერი, თეთრი ნამტვრევი ქვით მოფენილი მთა-გორები. პატარა ღარიბული სოფლები, რომელთა შუაგულშიც თითო რაკეტისმაგვარი მინარეთი დგას. სოფლის შარაგზაზე, სკალზე ჩამომსხდარი მოხუცები მანქანის ქართული ნომრების დანახვაზე ხელით გვესალმებიან, ბავშვები კი ინგლისურ სიტვებს მოგვძახიან..."

პირველი ტრიუმფალური შთაბეჭდილება იყო ოქროსფერი ბანა, რომელთანაც მზის ჩასვლისას მივედით. ეს უზარმაზარი გარსშემოსავლელიანი ტაძარი ფერად მთებს შუაა ამოზრდილი. ტაძარში მეუფემ პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ კი გიდი გვესაუბრა ტაძრის შესახებ, რომელზეც ძალიან ცოტას გიამბობთ. ბანას ტაძარი ფენიკისწყლის ხეობაში დგას. იგი IX-X საუკუნებში აუშენებია ადარნასე დავით კურაპალატის ძეს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას I ეპისკოპოსი გამხდარა. იგი გარსშემოსავლელიან ტეტრაკონქს წარმოადგენს, სამსართულიანი ყოფილა. თურქების შემოსევისას ციხე-სიმაგერდ უქცევიათ. ტაძარი მე-19 საუკუნემდე პირვანდელი სახით იყო შემორჩენილი, 60-იანი წლებისთვის უკვე გუმბათი ჩამონგრევია. ოდესღაც უდიდესი და უდიადესი ტაძარი, ახლა სრული სახით მხოლოდ გონებაში შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუმცა დღევანდელი შთაბეჭდილებაც ძალიან ძლიერია.

ყველაფერი ფირზე აღვბეჭდეთ და გავემართეთ სასტუმროსაკენ. მანქანა ღრმა ხეობაში შევიდა და კლდის ისეთ ვიწრო გზაზე გავიდა, სადაც ორი მანქანა გაჭირვებით აუქცევდა ერთმანეთს გვერდს. მაშინვე ამოტივტივდა გონებაში ჩემი საყვარელი წიგნის რეშად ნური გიიუნთექინის "ნარჩიტადან" ფრაზა, რომლითაც ახასიათებს მთავარი გმირი ანატოლიას: "კლდეებს შორის მინარეთის კიბესავით დაკლაკნილ ვიწრო ბილიკზე ვეშვებოდით..."

შემოგვაღამდა, მოულოდნელი და სასიამოვნო იყო თურქული წარწერების შემდეგ, ქართულის დანახვა: "თქვენი ქართველი ძმა _ მუხო, სასტუმრო აგარა" _ წავიკითხეთ აბრაზე და ცოტა ხანში ულამაზეს ხეობაში ჩადგმულ სასტუმროს მივადექით.
ჩვენმა ქართველმა მასპინძელმა შესანიშნავად მიგვიღო.

მეორე დილით გავემართეთ სხვა ტაძრების მოსანახულებლად. გზად "ახალაში" გავიარეთ, რომელსაც დღეს `იუსუფელს~ უწოდებენ. გიდების თქმით, ეს ქართული სოფელი 1923 წელს რუსებმა თურქეთს `აჩუქეს~. დღეს კი, იქ ქართული ენა კი არა, ქართული წარწერაც კი არ არის არსად. დროის სიმცირის გამო პარხალი ვერ ვნახეთ და პირდაპირ ოთხთა ეკლესიისკენ გავემართეთ. საქართველოს ამ კუთხეში საერთოდ განსხვავებული ლანდშაფტია. კლდოვანი მწვერვალები უზარმაზარ სტალაქტიტებს წააგავს. ასეთ შემთხვევაში ქალაქს შეჩვეული ადამიანი გრძნობ, რომ შენ ჯერ კიდევ არ გინახავს შენი ქვეყანა. ჭოროხის ხეობაში, უზარმაზარ სვეტზე აშენებული X-XI საუკუნის მონასტერი და კავკასიძეების ციხე-სიმაგრე ვნახეთ. იქიდან უკვე მალევე მივადექით უმნშვენიერეს ტაძარს _ ოთხთა ეკლესიას, რომელსაც თურქები `დორთქილისას~ უწოდებენ. იგი X საუკუნეში მეფე დავით კურაპალატმა ააშენა და ოთხთა მახარებლის სახელზეა ნაკურთხი, მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. მის გვერდით სემინარია იყო, ტაძარს უკავშირდება მრავალი წმიდა მამის სახელი. იოანე მთაწმინდელი აქ შემდგარა ბერად. ტაძარს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან ძველი, პატარა ტაძარი-საძვალე უდგას. მის მაღმა, მთის ნაპირას კი არის პატარა ბაზილიკა. ოთხთაში განირჩევა საკურთხევლის ფრესკები, რომლებიც ერთადერთია, რასაც ხელი არ შეხებია. მთელი ტაძარი თურქულად ამოკაწრული წარწერებითაა შელახული.


სწორედ აქ მოხდა მეორე სასწაული. მეუფემ ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა და რამდენიმე წუთში ჩვენთან, სამცხე-ჯავახეთიდან მოსულ მომლოცველთა ხელით, ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა.

ამაღლებული განწყობით გავემართეთ იშხანისკენ, რომელიც საკმაოდ მაღლა მთაზე მდებარეობს. რაც მაოცებდა გზაზე, იყო ნაპრალებში ჩადგმული რამდენიმე სათბური, ქვის პატარა აუზები და კიდევ ის, რომ ყველაზე მიუვალი სოფლისკენ გზა დაგებულია, ამიტომაც ისეთ კლდეებზეც კი არის მოსახლეობა, თვალს ძლივს რომ ააწვდენ.

ტაძარს რომ მივუახლოვდით, აღარ ვიცოდით გვეტირა თუ ხელი შეგვეშალა ბავშვებისთვის, რომლებიც ტაძრის ჩრდილოეთ კედელს ფეხბურთის კარად იყენებდნენ. აქაც, როგორც ოთხთა ეკლესიაში, უხვად იყო კედლებზე თურქული წარწერები ამოკაწრული. ტაძარში დაგვხვდა მრგვალი საკურთხეველი, რომელიც VII საუკუნის ყოფილა. ექსკურსიამძღოლმა აგვიხსნა, რომ ეს საკურთხეველი კათალიკოს ნერსეს აუგია. 781 წელს კი გრიგოლ ხანძთელს დაუშენებია მასზე ტაძარი. აქ დაწერილა მესტიის სახარება (X ს.), 923 წელს, მოიხატა და XVIII საუკუნის ბოლომდე აღევლინებოდა წირვა, სანამ თურქები `ჯამედ~ აქცევდნენ. ტაძარში შემონახულია ორნამენტები, ჩემთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იყო გუმბათის მოხატულობა, ლაჟვარდოვან ფონში ჩაწერილი ჯვარი,
რომელსაც ანგელოზები ამაღლებენ _ ფრესკა, რომელთანაც აქამდე არაერთხელ მქონია შეხება.

ტაძრის მახლობლად, გორაკზე, სახლებს შორის აღმართული მინარეთიდან მოლამ მოუხმო ხალხს სალოცავად. სამწუხარო იყო უძველეს მართლმადიდებლურ ტაძარში ეზანის მოსმენა.


აქ მოხდა მესამე სასწაული. მეუფემ პარაკლისი აღავლინა ისე, რომ არ შეიმოსა. ამ დროს ტაძარში შემოვიდა შუახნის ყავარჯნიანი კაცი და თბილად მოგვესალმა თუქრულად.
როგორც დავადგინეთ, გურჯი იყო, თუმცა ქართულად ერთი სიტყვაც არ იცოდა. მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა: `ჟანდარმა~. ტაძრიდან გამოსვლისას, როდესაც ეზოში თურქული პოლიციის ფურგონი შემოვიდა, მივხვდით, რას ნიშნავდა მისი სიტყვები. იარაღასხმული ჟანდარმები მოგვიახლოვდნენ და ჩვენს გიდს მიმართეს. როგორც შემდეგ გაირკვა, მათ აინტერესებდათ ღვთისმსახურება ხომ არ ჩავატარეთ იშხანში. საბედნიეროდ, ღვთის ნებით, მეუფე შემოსილი არ იყო, ამიტომ ვერაფერი დაგვიმტკიცეს და ცოტა ხანი შორი-ახლო მოგვყვებოდნენ.

ასე, კიდევ ერთი სასწაულის მხილველნი, გავეშურეთ ხახულისკენ. `ბაგ-ბასი~, როგორც თუქრები უწოდებენ დღეს მეჩეთია. რისი მიზეზიც სამწუხაროა, ფაქტი კი სასიხარულო, იგი სწორედ ამ ფუნქციის მინიჭებით შემოინახეს კარგად. ამ ადგილას პირველად IX საუკუნეში დავით I კურაპალატმა ააგო ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკა, ხოლო თავად ხახულის ტაძარი X საუკუნეში დავით მესამემ. ამ ტაძარს ისეთი წმიდა მამების სახელები უკავშირდება, როგორებიც იყვნენ იოანე ხახულელი, გიორგი მთაწმინდელი, სტეფანე გრძელი. ამ ტაძარში იყო დაბრძანებული ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც 1852 წელს გაიძარცვა და გაიყიდა. 23 წელს აღმოჩნდა ბოტკინის კოლექციაში, დღეს კი მუზეუმში, ოქროს ფონდშია დაცული. XIX საუკუნემდე ხახულში წირვა აღესრულებოდა, ახლა კი მხოლოდ მამაკაცები შეუშვეს, მათაც აიძულეს ფეხზე გაეხადათ.
ქალები და გოგონები კი მხოლოდ გარე ფასადების დათვალიერებით დავკმაყოფილდით. ტაძარი მდიდარია უმშვენიერესი რელიეფებით, მათ შორის გამორჩეულია არწივი, ორბი, რომელიც მისი მნიშვნელობის შესახებ გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრებიდან ერთ-ერთის მიხედვით წმიდა ნინოსთანაა გაიგივებული.

ეზოში შეგვხვდა ქართველ მომლოცველთა ჯგუფიც, ჩვენ ცოტა ხანს გავჩერდით, რადგანაც დღის ამ მოკლე მონაკვეთში ოშკის ნახვაც უნდა მოგვესწრო და მალევე გავუდექით გზას. უკვე საღამო იყო, როცა ტაძარს მივადექით. ჩემი ყურადღება ტაძრის წინ განთავსებულმა აბრამ მიიქცია, რომელიც ქართულად და ინგლისურად იყო შესრულებული. ეს იყო ერთადერთი ტაძარი, სადაც ქართულად იყო დაწერილი მისი აგების ისტორია. იგი იოანე ნათლისმცემლის სახელზე ააშენეს ადარნასე კურაპალატის შვილებმა, დავით III-მ და ბაგრატ ერისთავთერისთავმა 963-973 წლებში. 1022 წელს, როცა ეს რეგიონი ბიზანტიას დაექვემდებარა, ბასილ III-ის და კონსტანტინე VIII-ს შეკეთდა ჩამონგრეული გუმბათი. ხოლო 1036 წელს პატრიკოს ჯოჯიკის დაკვეთით, მოიხატა. XV საუკუნემდე კულტურული ცენტრი იყო. XIX საუკუნის ბოლოდან მეჩეთად იყენებდნენ, ხოლო 1985 წელს კი დასაცავი, უძრავი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. მას ახლა გვერდით უდგას მეჩეთი.

ტაძარში შესულებს ფეხქვეშ გვეშლებოდა ნანგრევები. მიწა კი მოფენილი იყო ბუმბულებით. როდესაც მაღლა ავიხედეთ, უამრავი მტრედი შევნიშნეთ სვეტისთავებზე და ნიშებზე.
ვიგალობეთ და ნაჩქარევად წამოვედით სასტუმროსკენ. გზაში ისევ დაგვაღამდა. მეორე დილით, 6 საათზე, როდესაც ჯერ კიდევ ბნელოდა და ეზოში გამოსულმა შევნიშნე, როგორ მკვეთრდებოდა ცის ფონზე მთების კონტურები. სევდიანად გავაცნობიერე, რომ ერთი დღეღა მრჩებოდა ამ მშვენიერ კუთხეში ყოფნისა. ამ დღის ნახევარი მიეძღვნა ხანძთას, რომლისკენაც საკმაოდ დიდი გზა იყო გასავლელი. ეს იყო მაღალი მთები, რომლის მსგავსი რაჭაშიც არ მინახავს და ისეთი ფორმის კლდეები, როგორიც ხევსურეთში, კლდეების სამეფოშიც არ არის. განა ეს უფრო ლამაზი სანახავი იყო?! არა, უბრალოდ განსხვავებული.
თითოეული კლდის წვერი ისე ბოლოვდებოდა, დაუკვირვებელ თვალს ციხის ნანგრევი ეგონებოდა. არაჩვეულებრივი ყვითელი კლდეები და გზები, რომლებიც ისეთ სიმაღლეზე ადიოდნენ, მიუჩვეველს იქიდან გადახედვა თავბრუს დაახვევდა. ამ საოცრების შემყურე, ერთ-ერთმა ჩვენგანმა შემოსძახა ფრიდონ ხალვაშის ლექსის ნაწყვეტი, რომელმაც თვალზე ცრემლი მოგვაყენა და გული უფრო მეტად აგვითრთოლა:

`მითხარ, როგორაა მემლექეთი,

ჩემი სანატრელი საქართველო,

რაღაც იმნაირი გამაგონე

გული დაკოდილი გავამთელო...~

როცა ხანძთისკენ მიმავალი სამანქანო გზა დამთავრდა, სვლა ფეხით გავაგრძელეთ. ძნელი იქნება კალმით აღვწერო იმ ადგილების სილამაზე, რომლის გავლაც მოგვიწია. ფოტოები უკეთ ინახავენ. პირველად ვიხილეთ ის ადგილი, სადაც წმიდა გრიგოლმა ძელის ეკლესია აღაშენა. აქვე დგას 782 წელს აშენებული პატარა ქვის ტაძარი, რომლის საკურთხევლიდანაც წყარო გადმოედინება. წყაროდან შევსვით და გავემართეთ იქვე მდგარი დიდი ტაძრისკენ, რომელსაც გუმბათი ჩამონგრეული აქვს.
იქ შეგვხვდა ერთი ხნიერი მამაკაცი, რომელმაც კითხვაზე _ ქართველი ხარ? გვიპასუხა _ `ნენეი გურჯი, ბათუმი...~ და არც ამ ქართველმა არ იცოდა არც ერთი სიტყვა მშობლიურ ენაზე. მხოლოდ ერთი ფიქრი არ მაძლევდა ამის გამგონეს მოსვენებას: ნუთუ ასე ძნელია, ერთმა თაობამ მეორეს გადასცეს სამშობლოს სიყვარული და სარწმუნოების ერთგულება? _ ფაქტი ფაქტად რჩებოდა.

ტაძარში მეუფემ ისე როგორც ყველგან, აქაც პარაკლისი გადაიხადა და იქადაგა. სანთლები ავანთეთ გუმბათიდან ჩამოცვენილ ქვებზე და კვლავ ტკბილხმოვანი ქართული გალობა ავახმიანეთ.

ხანძთის მონახულების შემდეგ გზად ოპიზას სანახავად შევიარეთ, მაგრამ ვნახეთ ის, რამაც ყველას ძალიან ცუდად გვაგრძნობინა თავი. ტაძარი აფეთქებულია, შუაში სოფლის გზაა გაყვანილი, აქეთ-იქით დარჩენილი კედლებიდან ერთზე ფეხბურთის კარია მიხატული და საპირფარეშოა მიდგმული. გვერდით აღმართულია მინარეთი, რომლის დინამიკებიდანაც მოლას ხმის აუდიოჩანაწერი ირთვება გარკვეულ საათებში.
მეჩეთზე ინგლისური ასოებით ქართული სიტყვებიც აწერია (კონკრეტულად კი რამდენიმე ფრაზა, მაგ: ალაჰის გარდა ღმერთი არ არის გასაღმერთი...~ და ა.შ.) მოკლედ, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს. ჩვენი სიწმინდეები, ადგილობრივების მიერ ყოველმხრივ ათვისებულია.

ასეთი განწყობით წამოვედით დოლისყანისაკენ, რომელიც უკანასკნელი ტაძარი იქნებოდა, რომელსაც ვნახავდით ამ მიწაზე. თავს აღარ შეგაწყენთ იმ `გულთბილი~ დახვედრის აღწერით, როგორც შეგვხვდნენ ტაძრის გვერდით მდებარე სკოლისა თუ პანსიონის აღსაზრდელები. აღარც ის გაგვკვირვებია, მის გვერდით აგებული მეჩეთი რომ დაგვხვდა. ჩვენი აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ ამ მშვენიერი ტაძრის ფრესკების ნაწილი ჩამოფხეკილი დაგვხვდა და ზედ ყურანის ტექსტები იყო დაწერილი. საბედნიეროდ ასომთავრულიც კარგადაა შემორჩენილი, როგორც ფრესკებზე, ისე ქვაზე ამოტვიფრული. უკანასკნელად ვიგალობეთ და ამით თითქოს დავემშვიდობეთ იმ ლამაზ სამყაროს, რომელიც ხელიდან გამოგვეცალა. მიწა, ქვები, ფრესკებიდან ჩამოცვენილი ნატეხები და უამრავი ფოტო თუ ვიდეო მასალა წამოვიღეთ თან.

საზღვრამდე გზა აღარ მოგვჩვენებია დიდი. თვალს ვავლებ ჩანაწერებს" `ახლა უკვე საზღვარზე ვდგავარ, მინარეთიდან მუეძინის ხმა მესმის და მაინც არ მაქვს შეგრძნება იმისა, რომ საქართველოს გარეთ ვარ. დიახ, მე ვარ `საზღვარგარეთ~, მაგრამ არა _ `უცხოეთში~, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით...~


მოვდიოდი უკან და მახსენდებოდა პარხალის ხეობა, იუსუფელი, იგივე ახალა; თურქი, რომელსაც დედა ჰყავდა ქართველი; კლდეები, რომლებზეც მოხტუნავე ჯიხვებიც კი ჩანდა; ის სიწმინდეები, რომლებიც მოვილოცეთ და მიჭირდა დაჯერება, რომ ეს ყველაფერი სამმა დღემ დაიტია. რა თქმა უნდა, დროის მხრივ იგი მეტად მოკლე იყო და სწრაფად გავიდა, მაგრამ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი გულში ღრმად განმეცადა და კიდევ ერთი ლექსი დამეწერა:

ჩამავალი მზის სხივები მტკივა,

მწვერვალებიდან მომწყდარი ქვები,

თითქოს კლდეები ბებერ ხარ-ირემს

ჩაულეწია ქორბუდა რქებით.

მტკივა ტაძრების ყოველი ბზარი,

მინარეთები ზედ აღმართული,

მოლას ეზანი, ხმა შესაზარი

დავიწყებული ენა ქართული.

მტკივა თვალები სითბოთი სავსე,

ჟამი და-ძმობის, ჟამი ნდობისა,

მტკივა ოდებზე ასხმული ხავსი,

`ნენე გურჯი~ და `გზა მშვიდობისა~.

როგორ ვუწოდო `ჰამამლი~, `ფორთა~,

დოლისყანის და ხანძთის სანახებს?

გმადლობ, უფალო, გარდასულ დროთა

რწმენის დიდება რომ დამანახე.
/2009/

/ნინო ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment