Tuesday, May 15, 2012

აკვნის პოეზია



დღეს არსებული პრობლემების ფონზე საზოგადოებას შესაძლოა უმნიშვნელოდ მოეჩვენოს აკვნის პოეზიაზე საუბარი და გასაკვირიც არ იქნება, რადგან დღეს იავნანასაც და აკვანსაც თავისი დანიშნულება დაკარგული აქვს. მიუხედავად ამისა, ალბათ ბევრს დარჩენია ტკბილ მოგონებად ყრმობის წლებში მოსმენილი საამო ლექს-სიმღერები.

ადრე წარმოუდგენელი იყო ვინმე "იავნანის" გარეშე გაზრდილიყო. ვაჟა-ფშაველას თქმით: "როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე _ საზრდოდ და ნანა _ მოსასვენებლად... ყველა ეს ხდება ოჯახში დედის ხელმძღვანელობით და სწორედ ეს არის დასაბამი პატრიოტიზმისა".

       აკვანი და იავნანა მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. პირველი ძველთაგან გავრცელებული იყო ევროპა-აზიის ზოგიერთ ხალხებში. აკვანი არსებობს ორგვარი _ სარწევი და საქანებელი. სარწევს საგოგავები აქვს, საქანებელი კი თოკებზეა ჩამოკიდებული. აკვნის პრიმიტიული სახეობაა ე.წ. `ხოჭიჭი~ _ საგებლიანი ფიცარი. ნამდვილ აკვანში ჩაწვენამდე ჩვილს ხოჭიჭში აკრავდნენ, ზოგჯერ კი ზანდურის (პურეულის) ღეროებში ახვევდნენ და არტახებით ძნასავით კრავდნენ. ამგვარ საწოლს `ფირცხი~ ერქვა.
საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი სარწევი აკვნის მოწყობილობაში შედის ნაილი, საბანი, მუხლთბალიში, საფერხები, სამხრეულები, საბეჭურები, არტახები და სხვა.
ლეიბში სათანადო ადგილზე ამოჭრილ ჰიგიენურ ნახვრეტზე უყრიდნენ შიბაქს ან აფენდნენ ბუერის, ანწლის, ღოლოს სუფთა ფოთლებს. უშვილობის ან ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში, ხატს პატარა აკვანს სწირავდნენ.
სწორედ ასეთ აკვნებთან იმღერებოდა და იგალობებოდა `იავნანა~, რომელსაც თავდაპირველად წარმართული დანიშნულება ჰქონდა. `იავნანის~ მნიშვნელობა განსაკუთრებულია, რადგან იგი ქართული ხალხური მუსიკისა და სულიერი კულტურის ისტორიაში განვითარების უძველეს ეტაპს წარმოადგენს.
   
      "იავნანასთვის" დამახასიათებელია მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი მელოდია, რომელსაც ასრულებს ერთი, ან მონაცვლეობით ორი მთქმელი (ქალი) გაბმული (ბურდონული) ბანის ფონზე. სიმღერა ერთმუხლოვანია და მდორედ ვითარდება. ის უმთავრესად ქართლ-კახური მუსიკის ფოლკლორში გვხვდება. იმერულ და გურულ სასიმღერო შემოქმედებაში კი უფრო გავრცელებულია `საბოდიშო~ ანუ `ბატონებო~. ვ. მაღრაძის მოსაზრებით მესხურ სიმღერებს `იავნანას~ ტიპის ინტონაციები და ფრაგმენტები უდევს საფუძვლად. `იავნანას~ მელოდიას დამუშავებული სახით ვხვდებით. ავალიშვილის, მ. ბალანჩივაძის და სხვათა შემოქმედებაში.
 
     "იავნანას" ციკლის ლექსებს დიდაქტიკურ-ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს ქართულ მხატვრულ ლიტერატურაშიც. მის მოტივებზე შექმნეს ლექსები რ. ერისთავმა, ი. ჭავჭავაძემ, ა. წერეთელმა, გ. ტაბიძემ და სხვებმა.

      ქართული სააკვნო პოეზია შინაარსობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მასში მოიპოვება როგორც პატრიოტული, ისე რელიგიური, საისტორიო, საყოფაცხოვრებო და სხვა საინტერესო თემატიკა. თავდაპირველად, იგი წარმართული საკულტო რიტუალის საგალობელი იყო და უკავშირდებოდა მზის და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას. შემდგომ კი დაკარგა პირვანდელი საწესო ხასიათი.

      აკვნის სიმღერები ძირითადად "ნანას" (ნანინა) და "იავნანას" სახელითაა ცნობილი. ისინი წარმოშობის მიხედვით განსხვავდებიან. "ნანა" საწყისშივე საკუთრივ აკვნის პოეზიას წარმოადგენდა, ხოლო "იავნანას" პირველადი ფუნქცია ბატონებისგან გან¬კურნება იყო. მოგვიანებით, ორივე ციკლის ლექსები, ერთმანეთს დაუახლოვდა და დღეს აღარ განირჩევა. ერთში დედის გრძნობები სურვილ-მისწრაფებებია გამოხატული, მეორეში _ უშუალოდ ბავშვის ბუნება და თავისებურებები. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან ის ლექს-სიმღერები, რომლებიც ტკბილხმოვანი მელოდიის ფონზე, დედის განწყობას გადმოგვცემენ. "იავნანას" აღმზრდელობითი ფუნქცია და საგმირო-საისტორიო შინაარსიც მიანიჭეს. ქართულ სააკვნო პოეზიაში ბრძოლის ველი, თავგანწირვა და მამულის სიყვარულის თემები ხშირად შეინიშნება. ის წარმოადგენს ქართველი ხალხის მრავალსაუკონავან ისტორიას, სულიერ კულტურას, ამაღლებულ იდეალებს და ამ ყველაფრის შემდეგ, რაღა გასაკვირია, რომ ასეთმა `იავნანამ~ გამოზარდა უამრავი ქართველი გმირი და საზოგადო მოღვაწე.

საპატრიარქოს ხალხური რეწვის გამგე ელისო არაბული:


_ ხევსურეთში ყველა იზრდებოდა აკვანში, ჩვენ ხუთივე და-ძმა აკვანში გავიზარდეთ. მეც, ჩემი სამი შვილი, სწორედ ასე გავზარდე და დღეს, მათაც ძალიან უყვართ აკვანი. ამბობენ რომ მონღოლებისგანაა შემოტანილი, თუმ¬¬ცა, ნაკლებად მჯე¬რა, რადგან ძალიან კარგად ზის ქართულ ხასიათში. სამწუხაროა, რომ დღეს აკვანში აღარ იზრდებიან, მას თავისებური სილამაზე ჰქონდა. ბავშვს ხერხემალი სწორად ჰქონდა დაფიქსირებული. გავრცელებულია აზრი, რომ აკვანი, თითქოს, აკოჭლებს, მაგრამ, ხევსურეთში არავინ მინახავს მისგან დაკოჭლებული.

_ როგორია თვითონ ხევსურული აკვანი?
_ სხვებისგან განსხვავდება. ჩვეულებრივია, თუმცა გვერდებზე არა აქვს რიკულები, თვითონ კი მოჩუქურთმებულია. დაბლა ფიცარი აქვს, სადაც ქერის ჩალას ყრიდნენ იქ აწვენდნენ ბავშვს, რომ, გვერდებიდან სიცივეს არ შეეწუხებინა. შიბაქიც არ ჰქონდა, თივა ეფინა, ისე, რომ ბავშვს არ ეხებოდა. ბავშვი შალებში იყო შეხვეული თავისუფლად მოძრაობდა. შალი თვითონ ისეთია, არ სველდება და ყველაფერს იწოვს. ბავშვს თოკებით კრავდნენ, აკვანზე ურძნის ხის ჯვრიან ნალოც მძივებს უკეთებდნენ. ურძანი წმინდა ხედ ითვლება, ხავერდივით კანი აქვს და შავი ნაყოფი. არსებობს ისეთი აკვნები, რომლებშიც ბავშვს ხელ-ფეხი ცალცალკე ჰქონდა გაბოჭილი, მაგ: სამეგრელოში. თავი რომ არ გაბრტყელებოდა, რგოლი იყო შეკერილი. რაც შეეხება `იავნანას~, პაპაჩემი მღეროდა სხვანაირად, ბებიაჩემი სხვანაირად. `ეე ნანო ქალასაო, სამკალთ გაჩენილასაო~.
თუ ოჯახებს დანათესავება სურდათ, აკვანშივე ნიშნავდნენ შვილებს. დანიშნულები ცალ-ცალკე იზრდებოდნენ, ისინი უკვე ნათესავებად ითვლებოდნენ და შეეძლოთ დაქორწინებულიყვნენ. თუმცა ზოგჯერ საპირისპიროდაც ხდებოდა, შეიძლება სხვა შეჰყვარებოდათ. ბიჭს შეეძლო უარი ეთქვა: `მე შენ აღარ მინდიხარ, თავს განებებ, ჩემგან თავისუფალი ხარ~ _ ეს სიტყვები უნდა ეთქვა. გოგოს არ ჰქონდა ამის უფლება. მაგალითად ჩემი მეუღლის და ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი Dდა ჩვენ 2-3 წლის ასაკში დაგვნიშნეს. აკვანში ნიშნობაც ალბათ ამიტომ ჰქვია, რომ ეს ძალიან პატარა ასაკში ხდებოდა.
ეროვნული მუზეუმის კოლექციების მენეჯერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ შოშიტაშვილი:

_ საიდან შემოვიდა საქართველოში აკვანი და მისი რა ნაირსახეობები არსებობს?
_ აკვანთან დაკავშირებით არსებობს ორი შეხედულება. პირველის მიხედვით, აკვანი მე-13 საუკუნეში შემოვიდა საქართველოში მომთაბარე ტომების შემოსევების შედეგად. მეორე ვერსიით, ადგილობრივი კულტურის ელემენტია. საკმაოდ მობილური ნივთია, ადვილად გადასატანი. აკვნის რამდენიმე სახეობა არსებობს: კლასიკური საგოგავებიანი (სარწევი), ძველი აკვანი-ხოჭიჭი, რომელიც ფიცარია და არ გოგავს. საქართველოს გარდა აკვანი ბევრგანაა გავრცელებული, მათ შორის შუა აზიაშიც.
_ ვინ აკეთებდა აკვანს?
_ როგორც ასეთი ხელობა `მეაკვნე~ არ არსებობდა, მაგრამ დურგალი, ხარატი სხვა საგნებთან ერთად აკვანსაც აკეთებდა, ვინც რიკულებზე მუშაობდა ის აკვნის გაკეთებასაც შეძლებდა და პირიქით.
_ საკრალური მნიშვნელობა თუ ჰქონდა აკვანს?
_ რამდენადაც ბავშვს უკავშირდებოდა, მისი დაწვა არ შეიძლებოდა. ბოლო დრომდე საქართველოს ტერიტორიაზე ხის ნივთები არ შემორჩა, რადგანაც დაზიანების შემდეგ წვავდნენ. აკვნები კი შემონახულია, დამტვრეულებიც კი. საერთოდ მიიჩნეოდა რომ აკვანი, რომელშიც ბევრი ბავშვი იყო გაზრდილი, ბედნიერების მომტანი იქნებოდა.
_ რას იტყვით აკვნის ეროვნულ მნიშვნელობაზე?
_ ბიჭი ტრადიციულად მეომრად იზრდებოდა და მას ჰქონდა ხის ფარ-ხმალი, გოგონას ჰქონდა აკვნის მოდელი, ანუ პატარა აკვანი, სადაც არტახებით ჩაკვრას სწავლობდა. ეს ისწავლებოდა სხვა ხელსაქმესთან ერთად და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამასთან გოგონას პატარაობიდანვე უვითარდებოდა დედობის სათუთი გრძნობა და შვილიერების სურვილი.

კახის ეკლესიის მოძღვარი
მღვდელი ბადრი (არჩუაძე):

        "_აკვანი არის ადამიანის მორჩილი ცხოვრების დასაწყისი. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ აკვანს ეკლესიის ფორმა აქვს. ძველად მას თავში და ბოლოში ჯვრები ჰქონდა გამოკვეთილი, ბოროტისაგან დასაცავად. ახლა მძივებს კიდებენ, მაშინ კი ნალოცი სკვნილი ეკიდა, რომელსაც ჩვილი ეთამაშებოდა. აკვანში ჩვილი მორჩილებას და მოთმინებას სწავლობს. როდესაც დედა არტახებს უჭერს, ბავშვი მორჩილებაში მოჰყავს. ამავე დროს ჩვილს უნდა ესაუბრებოდეს. კაცი იფიქრებს საუბრი რა საჭიროაო, მაგრამ ჩვილს ყველაფერი ესმის, გრძნობს და განიცდის... უბრალოდ ვერ გამოხატავს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ არის კადრები, როდესაც დედის მუცელში ბავშვის მოწყვეტა სურთ, იგი შეშინებული გაურბის უცხო სხეულს _ დანას. ჩვილს ჩასახვიდანვე ესმის მშობლების. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს `იავნანას~. როდესაც დედა აკვანს არწევს და იავნანას უმღერის, ბავშვი იღებს დადებით მუხტს, განწყობას, სიყვარულს. ტექსტსაც თუ დავუკვირდებით, იგი ბავშვს ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულსაც ასწავლის და მუსიკალურადაც ავითარებს. აკვანი დედებს დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას ავალებს, რათა აცილებულ იქნას გვერდითი მოვლენები.
შემინდეთ, არავის განაწყენება არ მინდა, მაგრამ უყურადღებობა და პამპერსი აზარმაცებს დედას, ჩვილის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის... ჰერეთში მეტ-ნაკლებად დღემდე შემონახულია აკვანში ბავშვის აღზრდის ტრადიცია. Uუფროსის რჩევას ითვალისწინებენ, რადგან თვითონაც მორჩილებაში, ე.ი. აკვანში არიან გაზრდილი.


 დღეს ვითარება ამ მხრივ შეიცვალა. თანამედროვე ქალი დღეს  დინამიურად ზრუნავს თავის თავზეც, ოჯახზეც და კარიერაზეც. მისთვის აუცილებლობას აღარ წარმოადგენს აკვნითა და "იავნანით" შვილების გაზრდა. თუმცა, რაც უნდა წინ წაიწიოს ცხოვრებამ, როგორც უნდა განვითარდეს ტექნიკა და გათანამედროვდეს აღზრდის წესები, დედის მოვალეობები უცვლელი რჩება, იგი წმიდათა წმიდაა და გულგრილობით არ უნდა გავაუფასუროთ.

/ნინო ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment