Thursday, June 28, 2012

სიკვდილის მკვლელი

( ციკლიდან “ხევსურეთის წარსულის ქრონიკები”)

     მხოლოდ თიბათვის მცხრალი მთვარე იდგა მოულოდნელად აფეთქებული ვნების უნებურ მეთვალყურედ. მხოლოდ ის დაჰყურებდა ხახმატის ხატის მეზღვნემეხვეწურის ღამის თევას ფხიზელი თვალით.
მთებიც მთვრალებივით ბარბაცებდნენ მედღეობეთა მოძახილ-კაფიაზე.
უხილავმა ქარიშხალმა აადანდგარა გაყუჩებული ზღვა ვნებისა.
მოგრაგნა და მოგრაგნა შმაგი ტალღები ზღვარის გადამლახავნი.
მღილის ოდენა ღრუბელიც არ ჩანდა ცაზე.
ზღვა კი გადარეულიყო, ტიელი..
ბოლოს, შემოილეწა მკერდზე მძაფრმა ტალღამ სწორფერთა წმინდა ნავი და ვნების უძირო მორევმა ჩაიხვია მენავენი.
შემკრთალი გაცურდა ცაზე თიბათვის სავსე მთვარე, ერთადერთი მოწმე ზღვის ცოდვისა.
. . . . . . . . . . . . .. . . . . . . .
განთიადისას ჩაცხრა ღელვა, ჩადგა ქარიშხალი, ჩაკვდა, გაინაბა ჟინმოკლული ზღვა და ფინიასავით გაუწვა ზეცას.
ბადრი მთვარე კი გაწითლებული ჩაეშვა მთების იქით.
გათენდა.

* * *

_ არაფერი არ შეცვლილა ჩემს გარდა გუშის მერე,_თქვა ქალმა: _ ყველაფერი ისევ ისეთია..
_ რა თქვი ნათია?
_ მე აღარა ვარ ისევ ისეთი.
_ ნუ ამბობ ეგრე ნათია..
_ გახედე, მთები ისევ ლამაზებია, ცაც უფრო ლურჯი, წყარონი წმინდა და ანკარანი.. მე კი..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ ნათია, მოგვხედე!_, ეძებენ მედღეობენი.
_ ნათია, სად დაგვეკარგე?_, კისკისებენ დობილები.
_ ნათია, ნათელო!.._, უხმობენ სწორფერნი.
ველის ყვავილიც ყველგანაა, დილის ცისკარივით ამონთებული, ჯეირანივით ყელაღერილი, ტოლებზე ლაღი და ლამაზი.
“ათენგენობა” ვის ახსოვს ახლა!
ვის ახსოვს ხატი და ღმერთი!
ღრეობენ არაგველები, იმიზეზებენ “ათენგენობას” და ღრეობენ.
გურამი ლუდით სავსე თასს ჩაშტერებია.
მაცილი შემოსცინის თასიდან.
ნიავივით ფრთხილად, უჩუმრად წაადგა თავზე ქალი:
_ ნეტავ იქ რა ამბებია ქალაქში?_, კითხულობს სხვათა გასაგონად.
_ კარგი ამბები,_პასუხობს გურამი.
_ მაშ, ხახმატში რაღა გინდოდა?_,ვითომ წუხელაც არ ეკითხოს.
_ ათენგენობა უნდა ვნახო.
_ ათენგენობაზე მოსულს საკლავი უნდა მოგეყვანა, სანთელიც, სასმელიც_ ,ასმენინებს ხევსურებს ქალი.
_ რისთვის ნათია?_,კითხულობს გურამი.
_ ხატისთვის!
_ სადაა ხატი,ნათია?
_ მაშ ეს ხალხი რას ლოცულობს?!
_ აღარავის სწამს ხატი..
_ არც შენა?
_ მე ჩემი საკუთარი ხატი მწამს.
_ სადაა ის ხატი?
_ აქ, ხახმატში, ნათია..
ქალი განზე გაკრთა, ზემოდან გადმოხედა ვაჟს ამრეზილმა და გაფითრებულმა:
_ წუხელის მერე აღარ არსებობს ეგ ხატი, მოკვდა!_,ჩურჩულებს.
_ ნათია!
_ გაჩუმდი ქალაქელო!..

* * *

ჟიჟინის ბადეს ქსოვს ერთიმეორეში არეული მედღეობეთა ხმები.
სიმღერების მარულა გადარბის გორებზე: “ფერხისა”, კაფია, “თუშური”, “ფშაური”, “ქალაქური”..
გურგურებს გალექებული მეზღვნე-მეხვეწური.
როგორც ჭილყვავთა გუნდში უცხო ფრინველი, ისე ირჩეოდა ნათია ალუდაური ამ ლუდ-არაყით დამბალ ბრბოში.
ცეკვავენ დობილები და იწვევენ ნათიას.
ნატიფ მკლავებს შლის ქარაფის პირიმზე, ნარნარად მიარხევს სადიაცოს აყვავებულ კალთა ქოქომოს შორეული საუკუნეებიდან გადმოსული სერაფიტას ჯილაგი.
_ საოცრებაა!_, ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ ტურისტები.
_ ველური სრულყოფილებაა!_, ამბობს უცხოელი.
_ პირველყოფილი მშვენიერებაა!..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხარივით ეწაფება წყაროს წყალს გურამი და ხარბად ისუნთქავს მიწის მკერდიდან ავარდნილ სიცოცხლის სურნელს, მაგრამ წუხანდელი ღამის გახსენება მაჯლაჯუნასავით სწვდება ყელში, სიზმარეულ სიტკბოებასთან შერეული ტკივილი სწკენტავს გულზე მწარედ.
სულჩადგმული, ხორცშესხმული სირცხვილი სამზეოზე დაიარება და მაცილივით ბოროტად შესცინის თვალებში: “რა ქენი? შებღალე წმინდა ადათი სტუმარ-მასპინძლობისა; ვაჟკაცმა საკუთარი ვნება ვერ მოთოკე_ წმინდა ადათი..!”
“ეშმაკსაც წაუღია ეგეთი ადათი”,_ ფიქრობს ღამის გახსენებით გატანჯული და ამაოდ ეძებს ხსნას.
_ ადამიანის ფერი აღარ გადევს, ბეჩავო,_ისარივით ესობა ქალის სიტყვები.
_ ალბათ..
_ მიკვირს, რით შემხიბლე?!_ იკითხა ქალმა.
_ ძალიან საყვარელი ხარ, ნათია..
_ სიყვარულთან ძალადობას რა ხელი აქვს?
_არაფერი..
_ მაშ, წუხელის რად არ გახსოვდა ეგ?
_ ვერ შევძელი ,ვერა..
_ ვერ ყოფილხარ ქალთან ვაჟკაცი ქალაქელო!
_ ადათთან ვერ ვივარგე..
_ სწორფრობა რა ქალაქელის საქმეა, ქალაქელს ქალი საუფროდ უნდა..
_ არა, ნათია, მაგრამ ეგ წამების წესია, წყეული წესი..
_ ფუჰ, გაჩუმდი! შენი თავი შენს ხელთ უნდა იყოს..
_ ძალა არ მეყო,ვერ შევძელი.
_ მთაში რომ გაზრდილიყავ, მაშინ შეძლებდი.
ვაჟმა უაზრო თვალებით გახედა ხატის მინდორზე მობანცალე ხევსურებს:
_ ალბათ,_ თქვა მერე, თუმცა გულში არ სჯეროდა თავისი ნათქვამის.
_ ჩემი ბრალია.. რაადამ მეგონა შენ არ იკადრებდი მაგისთანას..
_ მაკმარე წამება, ნათია!
_ ხევსური არ იკადრებდა მაგას!
_ ნამდვილად.
_ ჩემი მამა-ძმების სახელი, პურადობა , გულადობა მთელ საარაგვოს აზანზარებს.
_ ვიცი, ნათია.
_ ქუდები მოვხადე, შევარცხვინე ისინი, ქვეყანაში გამოსავალი დავუკარგე.
_ უთხარი, ამკაფონ!
_ შემიძლია ნაკუწებად ქცეული გავუგზავნო შენი ტანი ქალაქში დედაშენს.
_ გაუგზავნე, ნათია!_, ვაჟმა ხელებში ჩამალა ალეწილი სახე.
_ ლამაზი ტანი რო გაქვს, მიწის ჩასახვევო..

* * *

მეღრეობე ხალხისგან განცალკევებით ლოდზე ბეჭმიბჯენილი ზის გურამი, თამბაქოს ბოლი ნისლივით ეხვევა.
ზიმზიმებს გალექებული ბრბო ხატის მინდორზე.
დილას აქეთია, ამაოდ ცდილობს გურამი ღამის ტკივილი რამით მოირჩინოს. არაფერმა გასჭრა, მის დაძაბულ ნერვებს სიმთვრალეც არ მიეკარა.
მლოცველთა შორის აპრილის პეპელასავით მოფარფატე ქალიშვილი ატყვევებს უნებურად მის მზერას, სულს, გულს, საფიქრალს..
აგერ, კვლავ გაცამცმული ჯიხვით დაიძრა ახლაც გურამისკენ.
ხალხის სათვალფროდ ღიღინ-ღიღინით მოდის, მოაფრიალებს ჭრელკვრელი სადიაცოს ყვითლიან ქოქომოს, მოღიღინებს, თუმცა წამწამზე ცრემლის მარგალიტი უბრწყინავს.
_ სიკვდილი თუ გაშინებს, ქალაქელო?
_ სირცხვილი მაშინებს, ნათია.
_ წუხელის რად არ გაშინებდა სირცხვილი?!_, ყურთან წაუსისინა ქალმა.
_ ამას ჰკითხე, ნათია,_ ყანწზე ზიზღით ანიშნებს გურამი.
_ ეს ვაჟკაცს ვერ ჯალდავს.
Gგურამს ნაძალადევად მიაქვს პირთან ყანწი.
_ იქნებ საწამლავს გასმევ?!
_ ნეტამც ეგრე იყოს.._, ოხრავს გურამი.
_ ვაი, იმ ვაჟკაცს, ვინც ღამით ჩანადინარზე დღისით გმინავს,_, კისკისებს ქალი.
სიკვდილის სიცილს ჰგავს მისი სიცილი.
_ არ ვიცი ნათია რა გიყო, ან რა ვქნა..
_ნუ გეშინია გურამ,მე თავად ვიცი..
_ რა იცი ნათია?
ქალიშვილი, “გაამოსო”, სხვათა გასაგონად ხმამაღლად ეუბნება გურამს, დაცლილ ყანწს ართმევს და კვლავ ხალხს შეერევა.

* * *


ღაბახი შედგეს ხატის გორზე.
ხახმატურის სახელზე “სრევას” აპირებენ ვაჟები.
თოფები დაიტორიკეს მეთოფეებმა.
ერთ-ერთ ვაჟს თოფს ართმევს ნათია, მეც მასროლინეთო.
ხატის ღაბახს ქალი ვერ ესვრისო, ახსენებენ ვაჟები.
მხარს ზემოდან წუთით გაავებულ მზერას ესვრის ქალი ლოდად ქცეულ გურამს.
მძიმედ წამოიმართა ახოვანი ტანის გურამი და წამოდგა, განიერი მკერდი გაშალა და დოინჯშემოყრილი ამაყად მიაშტერდა გაღრევებულ მილეთს.
ქალმა ნელა ასწია თავი და გურამს თოფი დაუმიზნა.
გურამმა სადღაც მთებისკენ გაიგდო მზერა და სიგარეტი მოქაჩა, მის თვალებში წამით გაიელვა სიცოცხლის წყურვილის სიხარბემ, მხოლოდ წამით და გაქრა.
ქალმა თოფი დაუშვა და გურამისკენ წავიდა.
გურამი სიგარეტის ფერფლს ჩაშტერებოდა.
შორიახლო გაჩერებულ ნათიასაც ფერფლისფერი ედო სახეზე.
_ ხო არ ფიქრობ ქალაქელო, რომ შიშით ვერ გესრიე?_, ჰკითხა გაბზარული ხმით ქალმა.
_არა, არ ვფიქრობ.
_ სიკვდილის თუ არა, სირცხვილის ხო გეშინის შე ჯოჯოხეთო?!
_დიახ, ნათია..
ქალი წამით ჩაფიქრდა/
_ ნუ! ნუ გეშინის, გურამ , მე ხევსურის ქალი ვარ და.. ნუ გეშინის.
_ რა შუაშია ხევსურის ქალი?_, უკვირს გურამს.
_ თავის სირცხვილს ვაჟთან საზიაროს არ გახდის,იმ შუაშია.
_ წუხანდელ ღამეს რა ვუშველოთ, ნათია?
_ მაგისაც მე ვიცი.. თავის ცოდვას თავად ვზღავ.
_ უნდა წამომყვე ქალაქში, ცოლად!_, ეუბნება მტკიცედ ვაჟი.
ქალი სინანულით ჩაიცინებს:
_ ეეხ, ქალაქელებს სიყვარულიც გაშინებთ..
_ ეგ როგორ გავიგო?
_ ვერ უძლებთ და კლავთ სიყვარულს..
_ არაფერი მესმის შენი სიტყვებისა..
_ შენ მოკალი ჩვენი სიყვარული, გურამ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_საით წახვედი ნათია?_, კითხულობს გურამი.
_ ყვავილთ მოგიკრეფ ქალაქურ წესზე,_ მოაძახა მან და ფერდობს შეუყვა.
_ როგორ ქალაქურ წესზე?
_ ხევსურები მოუწყვეტელ ყვავილებს უმზერენ და იმით ლაღობენ, ქალაქელები კი.._, არც ახლა მოუხედავს მას, გურამს მოეჩვენა რომ ქალიშვილს მხრები უთახთახებდა.
ნათია ყვავილებით ათრთოლებულ სათიბებზე ადიოდა.
_ ეგ თოფი რაღად გინდა ნათია?_,გასძახა გურამმა.
_ სიკვდილი უნდა მავკლა, ქალაქელო..
მუხლამდე სათიბებში შესული ნათია ყვავილებს ეხრებოდა.
Mმაცილი მხარზე დასჯდომოდა გურამს. გული რაღაცას ავს გუმანობდა, მაგრამ გურამს ვერ აეხსნა, რას.
უნდოდა, ქალიშვილს კვალში ჩასდგომოდა, მაგრამ ნათიას მამა და ძმები იზნევდნენ.

* * *
თოფები ტყვრებოდა ხახმატის გორზე.
ხახმატელნი ისევ ღაბახს თოფავდნენ.
გალექებული მეთოფეები ვერ უსწორებდნენ მიზანს სამიზნეს.
. . გურამი ზვიადად დგას ხავსიან ლოდზე მეთოფეებისკენ მკერდშეშვერილი და საოცრად გულგრილი გამომეტყველებით აბოლებს სიგარეტს.
რა დაემართა? ხევსურებთან ის ყოველთვის ლაღი, თავისუფალი და მხიარული იყო. ცხრა მზე ამოსდიოდა ამ კუთხეში ამოსვლით, ახლა კი..
შარშანწინაც იყო ხახმატში, შარშანაც. მის თვალწინ დაქალდა და გაივსო ნათია ალუდაური, ჯიშ-ჯილაგიანი გვარისა და მამის ასული, ძმებითა და ბიძაშვილებით სავსე, ლაღი და ნებიერი, საარაგვოს ყვავილივით მშვენიერი.
მაგრამ.. დღემდე მაინც უბრალო სოფლელი გოგო იყო, რომელსაც ხუმრობით გურამი ხევსურულ წესზე სწორფერს ეძახოდა, ხუმრობით...
წუხელ კი... თბილისიდან ამოსულს გულგახსნით შეხვდნენ ხახმატელი ძმობილები, გაიხარეს, დააძალეს ჯიხვებიც თავის წესზე, გახევსურდა, იმღერა და იკაფიავა, მერე ნაშუაღამევს განცალკევებული ქვითკირი...ოქროსფერ ჩალაზე გაშლილი ლეკური,შავი ნაბადი...ნათია...
ახსოვს და არც ახსოვს რაც მოხდა. თავის გასამართლებელ საბუთს ეძებს და თავი ეზიზღება ამ “ძებნის” გულისთვის.
ნათია კი თურმე მხოლოდ “უბრალო სოფლელი გოგო” არ ყოფილა...
დღეს აღმოაჩინა ეს გურამმა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხახმატელნი კვლავ ღაბახს თოფავდნენ.
ხორხოცებენ, კაფიაობენ და დაელმებული, სიცილჩაღვრილი საცერა თვალებით ღაბახს უმიზნებენ.
ბოლოს, როგორც იქნა, “დახკრა” რომელიღაცამ.
ყიჟინის ტალღამ გადაუარა მლოცველთა საკრებულოს და თოფების ბათქიც ჩაკვდა. ბალღებმა ღაბახის კვერი ხატის გორიდან ჩამოარბენინეს და ჯარზე მსხდომ მოხუცებს მიართვეს.
_ წაუთავჩიგებია!_,თქვა ერთმა.
_ თავში მსრეველი აქვს ბეწინას!_, განმარტა მეორემ
_ ყინჩად დანალიშნებია!_, ჩაიღიმა მესამემ.
ხევსურებმა საკარგყმო მიართვეს გამარჯვებულს.
ამ დროს, უცბათ მოწმენდილ ცაზე გავარდა მეხი, ეძგერა მთებს ეს ხმა, ხუილშხუილით დაუარა გულ-ღვიძლში, საშინელი ზრიალით, ვიშითა და კივილით ჩაიკარგა სადღაც ხეობებში მერე.
ეს თოფის ხმა იყო,კენტად გავარდნილი თოფის ხმა, მაგრამ მეხის გავარდნას ჰგავდა, მოულოდნელ გავარდნას, ირგვლივ ყოველივე სულიერი თავზარდაცემით რომ გააქვავა.
ტყვიანაკრავივით შებრუნდა გურამი სათიბებისკენ.
წელში არაბუნებრივად წახრილ ნათიას ჯერ თოფი გაუვარდა ხელიდან, მერე ფრთამოტეხილი ფრინველივით მიიფლოხვა ბალახებზე და ოდნავ ჩამოცურდა.
გურამმა უჩვეულო სისწრაფით აირბინა აღმართი და შამბნარში თავდაღმა წამოქცეულ ქალიშვილთან მიიჭრა.
_ რა ქენი, ნათია?!_,აღმოხდა მას, სულთმობრძავ ქალიშვილს რომ დახედა.
_ სიკვდილი მოვკალი გურამ, სირცხვილიც...
_ ნათია!...
_ ახლა კი... დავრჩები შენს გულში..._გაღიმება სცადა ქალიშვილმა: _ ახია შენზე, სამზეოს ჯოჯოხეთო, ვეღარ დამივიწყებ...
ბაგის კუთხეში სისხლი გადმოუგლინდა.
_ ნათია!_, მუხლებზე დაეცა გურამი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თოფის ხმაზე ჯერ დამბლა დაეცა ხატის მინდორზე მოგურგურე გაღრევებულ მეზღვნე-მეხვეწურს, მერე დიდმა-პატარამ, ყველ;ამ სათიბებისკენ ქნა პირი.
გურამმა თვალები დაუხუჭა ქალიშვილს და განზე გადგა.
სანამ ვინმე მოაღწევდა მათთან, ერთხელ კიდევ დააშტერდა გურამი ქალიშვილს. ის მოწყვეტილი ყვავილები და მკვდარი ნათია რაღაცით ძალიან ჰგვანან ერთი-მეორეს, გაიფიქრა და გაუკვირდა, რომ ასეთი უცნაური შედარებისთვის მოიცალა.
ვაი-ვიშითა და მოთქმით მოცვივდნენ ნათიას დობილები.
ხარებივით აბღავლდნენ ძმები.
ცას ჭვრიტი გასდეს ბიძაშვილებმა.
ფერდზე შეფენილ ხალხს როგორღაც უკან ჩამორჩნენ ნათიას დედა და მამა. გაუბედავად ამოდიოდნენ, ფეხტეხით.
გურამი მწუხარებისგან დაზაფრულ ცოლ-ქმარს აშტერდებოდა.
“მშობლების ნათელი გამოჰყოლია ნათიას, ამათი ეშხი და დავლათი”_პირველად ეს გაიფიქრა გურამმა.
ნათიას დედ-მამა მოშორებით შეხერდნენ.
დედამ ალმაცერი, გაქვავებული მზერა დაადგა ბალახებზე ყელგადაგდებით გაწოლილ ქალიშვილს და მერე ქმარს შეხედა:
_ მართლა ჩვენი ქალა კი არ იყოს, კაცო?!_იკითხა გაბზარული ხმით, თუმცა კარგად ხედავდა, ვინც ესვენა ბალახებზე.
კაცმა ცოლს თვალი აარიდა, ჯიბეში ხელის ფათურით გაზეთის ნახევი იპოვა და ახლო მდგომ ხევსურებს ნაძალადევი, მშვიდი ხმით უთხრა:
_ მაგრის თამბაქოსა ვის გიყრავთ, მომაწევიეთ!
ქალებმა გაიწ-გამოიწიეს და დედა უფრო წინ წადგა:
_ მართლა ნატყვიარი კი არ გჭირდეს ქალშავავ, რა უფრად გათეთრებულ მეჩვენები?
მოზარეები არაადამიანურ ხმაზე აბღავლდნენ.
დედამ წარბები შეჰკრა, ქალიშვილისკენ წაიხარა.
_ ქალავ, ნათიავ, რა შნოზე იბარძღლები, სადიაცო ჩამაიწიე!_ სულ სხვა ხმით დატუქსა მკვდარი ასული დედამ.
მოზარე ქალმა კაბის კალთა ჩამოუწია შიშველ მუხლზე ცხედარს.
საკუთარი განცდით გაოგნებული გურამი ყველაფერს ისე უყურებდა, როგორბრწყინვალედ დადგმულ სპექტაკლს. თავისი ორეული ედგა გვერდზე, რომელიც საშინლად სძულდა.
თუმცა უნებური მიზეზი თვითონ იყო, ამ “სანახაობისა”, მაგრამ “დანაშაულზე” უფრო ბევრად რთული, თავისებურად მაღალი, საოცარი და ასე ვთქვათ მომხიბვლელი რაღაც ხდებოდა მის თვალწინ.
სიკვდილის გარდა, კიდევ სხვა რაღაცა იყო, რაც კაცთა წუთისოფლის ვნებათა მწვერვალს აგვირგვინებდა და ამშვენებდა...
თითქოს ეს სამკაულიც საჭირო ყოფილიყო ამქვეყნიური სრულყოფისათვის.
“სიკვდილის მკვლელი... მკვდარი სიკვდილი” ჩურჩულებდა გურამი თავისთვის და გარინდებული აკვირდებოდა “სპექტაკლის” მსვლელობას...
სირცხვილის გამხელისა ერიდებოდა, იმ სირცხვილისა, რომლის განადგურებას, წაშლას, გაქრობას ნათია ალუდაურმა ასეთი ლამაზი სიცოცხლე შესწირა, თორემ საშინლად მოუნდა, ამ “სპექტაკლში” ერთ-ერთი მთავარი როლი თავადაც შეესრულებინა, თოფისთვის წამოევლო ხელი და... თუმცა... “სანახაობა” მაშინვე თავის ელფერს დაკარგავდა, უცბატ ჭუჭყიანი, ბინძური ბურუსი გადაეფარებოდა ყველაფერს, შეილანძღებოდა ნათიას სიწმინდე, მოკლული სიკვდილი გაცოცხლდებოდა და ირგვლივ სიძულვილის, წყევლისა და სირცხვილის მარცვალს გააბნევდა...
_ მაგის საკადრისა სამზეოზე არა იყო რა, იმით გაწირა წუთისოფელი,_თქვა ხევსურმა.
_ ამაყი იყავ ქალბნელო, მზეს სწუნობდი და იმად დასთმე სამზეოც,_ დაატირა დედაბერმა.
_ ვარსკვლავი წუხრ ამახდების და დილას ჩახდების,_ ჩაიბუბუნა მეორე ხევსურმა.
ახალგაზრდებმა ნედლი ტირიფის ფოთლიანი ტოტების საკაცე შეკრეს, ცხედარი საკაცეზე ფრთხილად დაასვენეს და ზეასწიეს.
_ გაგონილა ასეთი ველური გულქვაობა?!_ტურისტი გურამთან მივიდა: _მშობელი შვილს არ ტიროდეს?!.
გურამი ტირიფის საკაცეზე მოქანავე ნათიას გაჰყურებდა.
_თქვენ ისეთი აღფრთოვანებული სახე გაქვთ, თითქოს დიდებულ სანახაობას უყურებდეთ,_ უთხრა ჩუმად ტურისტმა კვლავ გურამს.
მას არც ახლა გაუგონია ტურისტის სიტყვები.
_ ძალიან იოლად თმობენ ხევსურები სიცოცხლეს,_თქვა მეორე ტურისტმა რაღაც ხელოვნური სინანულით.
_ სიცოცხლის ნამდვილი ფასი არ იციან და იმიტომ!,_ უპასუხა პირველმა ტურისტმა თავდაჯერებულად და ხატის ვაკეზე ჩასულ პროცესიას ფოტოაპარატი მიუმარჯვა.

/შოთა არაბული/

2 comments:

  1. ნინ, ღირდა ეს მოთხრობა ხელების დატეხვისათვის ტექსტის აკრეფისას :* <3

    ReplyDelete
  2. გეთანხმები მაკო:)) <3 კიდევაც დავიმტვრევ

    ReplyDelete