Saturday, December 21, 2013

ხელოვანი-პოპულარობის იარლიყის გარეშე

    პირველი ნამუშევარი? სამი წლის ასაკში შექმნა, როცა დედას ფარდა დაუჭრა და მისგან ყვავილები გააკეთა. ხელსაქმე ბავშვობიდან აინტერესებდა და თუმცა პროფესიად ექიმობა აირჩია, მთელი ცხოვრებაა დიზაინერულ ნამუშევრებს აკეთებს.
  ყველა აქსესუარს თავისი ხელით ქმნის, სულ ერთია რა იქნება- ქუდი,ჩანთა, ნაქარგი ხატი, იკებანა, თუ სხვა. შექმნილი აქვს 1500-მდე მარტო თავის აქსესუარი, თუმცა მათში ორ ერთნაირ ნივთს ვერ ნახავთ,არცერთს არ იმეორებს.












თავიდან ინტერიერის აქსესუარებით დაიწყო, აკეთებდა იკებანებს და ქარგავდა ხატებს. ბოლო წლებია ტანსაცმლის აქსესუარებზე გადავიდა. მისი ქუდების ერთერთ კოლექციაში შესული თითოეული ნამუშევარი ქართული ტრადიციით შეღებილი და ხელით დართული ძაფით იქსოვება. იყენებს ნატურალურ ტყავსა და ბეწვს, რომლის ნაწილსაც საზღვარგარეთიდან იწერს, ნაწილს კი აქ ყიდულობს.
   

        ვისთვის ქმნის? ინდივიდუალურად, ყველა ასაკის მომხმარებლისთვის. ექსკლუზიურად თითოეული შემკვეთისთვის მისი ხასიათის და გემოვნების გათვალისწინებით. და რაც მთავარია თვითონ იღებს ამ პროცესიდან დიდ სიამოვნებას.
                                                   
   განსაკუთრებულია მისი კოლექცია “ნოსტალგია”, რომელიც მისი სიტყვებით, წარმოადგენს იმ ყველაფრის ხელახლა გაცოცხლებას და გახსენებას, რისი ნოსტალგიაც გვიჩნდება. ესაა ჩანთები და ქუდები, თითოეულ მათგანზე გადატანლი, ნატურალურ ტყავზე დაბეჭდილი ფოტოებით. ბითლზი, ოდრი ჰეპბერნი, ჩარლი ჩაპლინი, ძველი თბილისის ხედები... ყველა აღმოაჩენს ამ კოლექციაში თავისი ნოსტალგიის ობიექტს.
პირველად გამოფენაზე 2001 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიტანა ნამუშევრები. 2002 წელს კი ცისფერ გალერეაში გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მაშინდელი კულტურის მინისტრის, სესილი გოგიბერიძის ხელით გადაეცა თვითნასწავლი ხელოვანის დიპლომი. მას მერე ინტენსიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში.


 

 







შემდეგ იყო პირველი პერსონალური გამოფენაც, რომელიც 2004წელს, შერატონში გამართა და იაპონურ კულტურას, კერძოდ კი-გეიშების
თემას მიუძღვნა. მას შემდეგ, უკვე მეათე წელია, რაც შერატონში გამართულ ყოველწლიურ საშობაო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაში იღებს მონაწილეობას. სხვანაირად, გამორჩეულად უყვარს ეს გამოფენა, საშობაო,საახალწლო განწყობას უქმნის და აჩენს ახალ კონტაქტებს, იდეებს...  


მისი ნამუშევრების მომხმარებლებში უამრავი ცნობილი სახეცაა. განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს, რომელმაც მისი ნაქარგი ხატი შეიძინა.
 
2წლის პატარას ზრდის, ამიტომაც ძირითადად ღამე მუშაობს. სახლი არის მისი სახელოსნო, სადაც იქმნება ეს მშვენიერი ნივთები. მიუხედავად ამისა, აქტიურად მუშაობს და ცდილობს მრავალფეროვანი და სხვადასხვა სახის ნამუშევრები შესთავაზოს მომხმარებელს. ესეც ხელოვანი ქეთი არაყიშვილის პატარა ჩემეული პორტრეტი :)
p.s. 
ადამიანებმა ზოგჯერ უნდა შევძლოთ და დავინახოთ სხვა ადამიანში ის, რასაც იგი მომავალში განახორციელებს...და უნდა ვაღიაროთ ის მანამდე, სანამ მასზე ყველა ალაპარაკდება. 

პოპულარობა ერთგვარი იარლიყიცაა, გემოვნებაზეც მარადიულდ ვდაობთ, მაგრამ საკუთარი აზრი თუ არ გაგვაჩნია, მაშინ განწირულები ვართ-საზოგადოების კარნახით ვიცხოვროთ და რობოტებივით ვიმეოროთ : _ “ცნობილია?ე.ი-კარგია!”

მე მაქვს საკუთარი აზრი :)

მე მომწონს ქეთი არაყიშვილის ხელნაკეთი ნივთები, რომელთა შორისაც ყოველთვის შემიძლია საჩემო ნივთის პოვნა :)


/ნინო ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment