Saturday, February 15, 2014

მარი მეტრაიე-ღიმილის მტვერი

 
    საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ გადავწყვიტე უფრო ხშირად ქალ მწერლებს გავეცნო და მიუხედავად იმისაც, რომ მარი მეტრაიე არაა მწერალი და მაინც ყველა მწერალზე რეალურია, არ ვაპირებდი მასზე დაწერას, კონკრეტული მიზეზის გამო(ამაზე დაბლა ვიტყვი). არასოდეს ამხელა სიურპრიზი არ შემოუთავაზებია ჩემთვის არცერთ წიგნს და არ აღუძრავს ჩემს გულში ამხელა ურთიერთ საპირისპირო გრძნობები- სიყვარული და ლამის სიძულვილამდე მისული იმედგაცრუება. ეს წიგნი მეგობარმა მათხოვა სიტყვებით-“ვიცი, მოგეწონება” და მოაყოლა თავისი შთაბეჭდილებები. წინასწარვე დაახლოებით გავერკვიე, საითკენ იქნებოდა მიმართული ჩემი ფიქრები რამდენიმე დღე(ანუ-პერიოდი, სანამ კითხვაში ვიქნებოდი გართული), თუმცა წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა.

 “ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს, ეს კაცი-ქალია!”

   
   წიგნის წაკითხვამდე ეს ფრაზა მომხვდა თვალში გარეკანის უკანა მხარეს და მან კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ჩემთვის ძალიან აქტუალურ თემას ეხებოდა- ქალებთან საზოგადოების დამოკიდებულებას. თუმცა, მარის სათქმელს ბევრი ალბათ უფრო რელიგიურ თემაში დაინახავს, ამასაც უზარმაზარი ადგილი ეთმობა და საერთოდაც, ეს ორი თემა ამ ისტორიაში გადაჯაჭვულია, რადგანაც აქ საზოგადოების დამოკიდებულებას ქალების მიმართ სწორედაც რომ რელიგია განსაზღვრავდა( და ხშირ შემთხვევებში, დღესაც ასეა).
   მარი იყო რეალური პიროვნება, რომელიც დაიბადა ევოლენში,შვეიცარიის მთებში და გაიზარდა ორ ურთიერთსაპირისპირო გარემოში-ბუნების სიბრძნე /სილამაზე(სადაც ის ნუგეშს და სულიერ საზრდოს პოულობდა) და იმ პერიოდის კათოლიციზმის მკაცრი და დამახინჯებული სწავლება(რომელიც ქალებს უუფლებო, ცოდვილ არსებებად და მხოლოდ გამრავლების საშუალებად მიიჩნევდა).“რვა წლისა მე უკვე ჯოჯოხეთის ქვაბში ვიხარშებოდი,კატეხიზმოთი მსჯავრდადებული. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სატანას შვილები ვიყავით და მხოლოდ ჯოხის ცემას ვიმსახურებდით”. გარდა ამისა, მას ჰყავდა საშინლად მკაცრი დედა, მარის სიტყვებით “სექტანტი მონაზვნებისგან დეფორმირებული”, რომელიც მას ჩააგონებდა რომ ქალად დაბადება უკვე ცოდვაა, ოჯახის გარეთ ყოველგვარ კონტაქტს უკრძალავდა და ვერ წარმოედგინა მისი გათხოვებაც კი.

   “როცა იმ დროებაზე ვფიქრობ, მეტირება. ქალიშვილს ყველაფერი უნდა ეკეთებინა, მოსამსახურესავით იყო. დედაჩემს ვაჟიშვილები განსაკუთრებით უყვარდა. დედა ყველაფერს მოითხოვდა ჩემგან, სანაცვლოდ კი ბევრს არაფერს მაძლევდა, მისი ხელქვეითი ვიყავი. “ბიჭებს არაფერი შეუძლიათ, მათ ცხოვრებისთვის ვზრდით, გოგოები კი უნდა გვემსახურონო”-ამბობდა...

   ამ გარემოებამ გაუჩინა საოცრად მგრძნობიარე გოგონას პატარა ასაკიდანვე პროტესტის გრძნობა და გადააწყვეტინა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დამოუკიდებელი გამხდარიყო. “არაერთხელ მიფიქრია ბორნში გადავარდნა. ცხოვრება ხომ ასე მონოტონური, უმომავლო, გამოუვალი იყო...არ ვიცი როგორ გადავიტანე ეს. იქნებ იმიტომ, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი...
   და გახდა კიდეც დამოუკიდებელი...არა მარტო თავად, არამედ თავის მხარეში მცხოვრებ არაერთ ქალსაც დაეხმარა საკუთარი მცირე შემოსავლის მოპოვებაში. მარიმ თავისი კუთხის ქსოვის ხელოვნება ააღორძინა და აქცია პურის ფულის მომტან საშუალებად. 25 წლის ასაკში, ბევრი წვალების, დამცირების და შრომის ფასად გახსნა ქსოვილების მაღაზია, მიუხედავად იმისა, რომ ამის პარალელურად მაინც უნდა მიეხედა მთელი თავისი საოჯახო მეურნეობისათვის, მშობლებისთვის, თავისი გარდაცვლილი ძმის ბავშვისთვის. ძალიან ცოტა დამხმარე ჰყავდა და ბევრი-მოწინააღმდეგე.
   “ქალები ფიქრობდნენ, რომ მეტისმეტს ვბედავდი, კაცები აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ არავისი არაფერი მმართებდა, არავის არაფერს ვთხოვდი.. ყველანაირად მაწვალეს... ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ვაკეთებდი საერთო ანტიპათიის, საყოველთაო დაცინვის ატმოსფეროში.”
   ჩემთვის ბევრი სხვა კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი მარი მეტრაიე, როგორც-პიროვნება. ვალეზის ბუნება, ლეგენდები, წეს-ჩვეულებები, მთელი ის მისტიური სამყარო ძალიან მაგონებდა ჩემს მშობლიურ კუთხეს, ხევსურეთს.  თუმცა ქალი ისეთ რამეზეც საუბრობს, რაც ბევრს ღიმილს მოგვრის,(მაგ-ფერიებზე, ჯუჯებზე), მაგრამ ამ ყველაფრის წაკითხვა და გაცნობა მთელი სიამოვნებაა. ცოტა ხნით ზღაპრულ სამყაროში გადასვლა.

  ერთადერთი მიზეზი, რამაც ხელი შემიშალა, მარი მეტრაიე სიგიჟემდე შემყვარებოდა, მისი აზრი იყო აბორტის შესახებ. თუმცა ის ამბობს, რომ აბორტის პროპაგანდა ეწინააღმდეგება მის ხედვას, მაგრამ ახალშობილის მიტოვებას მაინც აბორტს არჩევს. იმ ადამიანისგან, რომელსაც მოწყვეტილი ყვავილებიც კი ენანება, ამის მოსმენამ(წაკითხვამ) შემაძრწუნა, რადგან მე ამ ორ ბოროტებას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. ამის შემდეგ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ახლო ნათესავს რომ დაემდურები და ერთმანეთს დაკარგავთ. თუმცა ეს ჩემი აზრია, არავინაა ვალდებული გაიზიაროს და მაინც- ა ბ ო რ ტ ი  მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ა !

   ეს რომ არა, ჩავთვლიდი, რომ ჩემი სულიერი მეგობარი ვიპოვე, რომელიც  1979 წლიდან ევოლენის პატარა სასაფლაოზე განისვენებს. თუმცა, ვერ დავივიწყებ მთელ იმ სითბოს და სიხარულის განცდას, რასაც მისი ამოუწურავად საინტერესო საუბრების მანძილზე ვიღებდი. ჩემი უზომო პატივისცემა-ქალს, რომელიც გონებადაბინძურებულ საზოგადოებას ფეხქვეშ არ გაეგო.

/ნინო ჭინჭარაული/

Saturday, February 8, 2014

ბობ დილანი ისევ თბილისშია

ბობ დილანი თბილისში. 1985 წ. (ქიშო გლუნჩაძის ფოტო)
  პირველად როდისღა იყო?... 1985 წელს, რასაც ადასტურებს მისი ფოტო, რომელიც მწერალთა სახლის ზღურბლზეა გადაღებული, ამჯერად კი, იმავე შენობაში, მისი ავტობიოგრაფიული რომანის-“ქრონიკები”ს პრეზენტაცია შედგა, რომლის ქართულ ენაზე წაკითხვის საშუალებაც ქართველ მკითხველს გამომცემლობა "არტანუჯმა" და მთარგმნელმა თაკო ჭილაძემ მისცეს.
2014 წელი, 7თებერვალი, 19:00 სთ, სავსე დარბაზი...  საღამო გახსნა მომღერალმა შოთა ადამაშვილმა, ბობ დილანის სიმღერით rolling stone . მთელი საღამოს განმავლობაში მან მუსიკოსის 5 სიმღერა შეასრულა და მათ შორის-ნაკლებად ცნობილი “oh sister”.(შემიძლია ვთქვა, რომ დარბაზმა განსაკუთრებით ამ სიმღერებით ისიამოვნა    და საღამოსაც მინი-კონცერტის სახე მიეცა)
შოთა ადამაშვილი
ზვიად კვარაცხელია
   


   






   “ქრონიკები” მოკლედ წარადგინა წიგნის რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ. მისი თქმით, ესაა “არტანუჯის” მიერ გამოცემული ლეგენდარული მუსიკოსების ნაწარმოებების სერიიდან მესამე წიგნი.(წინა ორი გახლდათ ჯონ ლენონის “როგორც მეწერება” და ჯიმ მორისონის ლექსები). ბობ დილანი კი შეირჩა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკვე ლეგენდაა, არამედ იმიტომ,რომ მწერალია. ეს კარგად ჩანს ამ წიგნში, რომელიც არის ავტობიოგრაფიული რომანის კლასიკური ნიმუში, სადაც ავტორის პიროვნებასთან ერთად წარმოჩენილია ყველა ის მუსიკოსი, მწერალი თუ სხვა საინტერესო პიროვნება, ვინც იმ პერიოდში მოღვაწეობდა და ბობ დილანი ახერხებს ორიგინალური კუთხით დახატოს მთელი ეპოქა.



თაკო ჭილაძე
   

   ისაუბრა მთარგმნელმა თაკო ჭილაძემაც, რომელსაც ბავშვობაში, სწორედ იმავე შენობაში ჰქონდა ბედნიერება საკუთარი თვალით ენახა წიგნის ავტორი. დარბაზში გახმაურდა აზრიც, რომ რაღაც სიმბოლური კავშირია ამ ისტორიიდან-დღევანდელობამდე. როგორც ცნობილია, მაშინ, როცა ბობ დილანი წარადგინეს ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, საქართველოდან ოთარ ჭილაძეც იყო წარდგენილი და ამჯერად, ისე მოხდა, რომ სწორედ მისმა ქალიშვილმა თარგმნა ამ მუსიკოსის წიგნი.
ბიძინა მაყაშვილი

   პრეზენტაციის დასასრულს ისაუბრა ხელოვნების კრიტიკოსმა, ბიძინა მაყაშვილმაც. Mან აღნიშნა, რომ ეს წიგნი არაა როკ-ვარსკვლავის ტიპიური წიგნი, არამედ-ინტელექტუალის ნაშრომია, რომელშიც საინტერესოდაა აღწერილი იმ პერიოდის ნიუ-იორკი, როგორც კულტურის ცენტრი.

   
და აქ ვარ მეც ;)
p.s. მე პირადად, ისეთი სიამოვნება მივიღე ამ პატარა საღამოთი, რომ არ შემეძლო ხელიდან გამეშვა საშუალება და ამ ყველაფრის მცირე ნაწილი ჩემი ბლოგის მკითხველამდე არ მიმეტანა. წიგნის კითხვა სულ ახლახან დავიწყე, თუმცა, ავტორის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის ალბათ არ ვიქნები თავხედი, რომ მივცე ჩემს თავს უფლება, ეს პატარა მიმოხილვა წინასწარ,წაკითხვამდევე დავასრულო ბრიტანული გამოცემის, “
Sunday times”-ის ნათქვამით: -“თუ წიგნის დასასრულს მადლიერი არ აქვითინდები, ჩათვალე, რომ ეპოქამ გვერდით ჩაგიარა”

/ნინო ჭინჭარაული/