Saturday, February 15, 2014

მარი მეტრაიე-ღიმილის მტვერი

 
    საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ გადავწყვიტე უფრო ხშირად ქალ მწერლებს გავეცნო და მიუხედავად იმისაც, რომ მარი მეტრაიე არაა მწერალი და მაინც ყველა მწერალზე რეალურია, არ ვაპირებდი მასზე დაწერას, კონკრეტული მიზეზის გამო(ამაზე დაბლა ვიტყვი). არასოდეს ამხელა სიურპრიზი არ შემოუთავაზებია ჩემთვის არცერთ წიგნს და არ აღუძრავს ჩემს გულში ამხელა ურთიერთ საპირისპირო გრძნობები- სიყვარული და ლამის სიძულვილამდე მისული იმედგაცრუება. ეს წიგნი მეგობარმა მათხოვა სიტყვებით-“ვიცი, მოგეწონება” და მოაყოლა თავისი შთაბეჭდილებები. წინასწარვე დაახლოებით გავერკვიე, საითკენ იქნებოდა მიმართული ჩემი ფიქრები რამდენიმე დღე(ანუ-პერიოდი, სანამ კითხვაში ვიქნებოდი გართული), თუმცა წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა.

 “ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს, ეს კაცი-ქალია!”

   
   წიგნის წაკითხვამდე ეს ფრაზა მომხვდა თვალში გარეკანის უკანა მხარეს და მან კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ჩემთვის ძალიან აქტუალურ თემას ეხებოდა- ქალებთან საზოგადოების დამოკიდებულებას. თუმცა, მარის სათქმელს ბევრი ალბათ უფრო რელიგიურ თემაში დაინახავს, ამასაც უზარმაზარი ადგილი ეთმობა და საერთოდაც, ეს ორი თემა ამ ისტორიაში გადაჯაჭვულია, რადგანაც აქ საზოგადოების დამოკიდებულებას ქალების მიმართ სწორედაც რომ რელიგია განსაზღვრავდა( და ხშირ შემთხვევებში, დღესაც ასეა).
   მარი იყო რეალური პიროვნება, რომელიც დაიბადა ევოლენში,შვეიცარიის მთებში და გაიზარდა ორ ურთიერთსაპირისპირო გარემოში-ბუნების სიბრძნე /სილამაზე(სადაც ის ნუგეშს და სულიერ საზრდოს პოულობდა) და იმ პერიოდის კათოლიციზმის მკაცრი და დამახინჯებული სწავლება(რომელიც ქალებს უუფლებო, ცოდვილ არსებებად და მხოლოდ გამრავლების საშუალებად მიიჩნევდა).“რვა წლისა მე უკვე ჯოჯოხეთის ქვაბში ვიხარშებოდი,კატეხიზმოთი მსჯავრდადებული. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სატანას შვილები ვიყავით და მხოლოდ ჯოხის ცემას ვიმსახურებდით”. გარდა ამისა, მას ჰყავდა საშინლად მკაცრი დედა, მარის სიტყვებით “სექტანტი მონაზვნებისგან დეფორმირებული”, რომელიც მას ჩააგონებდა რომ ქალად დაბადება უკვე ცოდვაა, ოჯახის გარეთ ყოველგვარ კონტაქტს უკრძალავდა და ვერ წარმოედგინა მისი გათხოვებაც კი.

   “როცა იმ დროებაზე ვფიქრობ, მეტირება. ქალიშვილს ყველაფერი უნდა ეკეთებინა, მოსამსახურესავით იყო. დედაჩემს ვაჟიშვილები განსაკუთრებით უყვარდა. დედა ყველაფერს მოითხოვდა ჩემგან, სანაცვლოდ კი ბევრს არაფერს მაძლევდა, მისი ხელქვეითი ვიყავი. “ბიჭებს არაფერი შეუძლიათ, მათ ცხოვრებისთვის ვზრდით, გოგოები კი უნდა გვემსახურონო”-ამბობდა...

   ამ გარემოებამ გაუჩინა საოცრად მგრძნობიარე გოგონას პატარა ასაკიდანვე პროტესტის გრძნობა და გადააწყვეტინა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დამოუკიდებელი გამხდარიყო. “არაერთხელ მიფიქრია ბორნში გადავარდნა. ცხოვრება ხომ ასე მონოტონური, უმომავლო, გამოუვალი იყო...არ ვიცი როგორ გადავიტანე ეს. იქნებ იმიტომ, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი...
   და გახდა კიდეც დამოუკიდებელი...არა მარტო თავად, არამედ თავის მხარეში მცხოვრებ არაერთ ქალსაც დაეხმარა საკუთარი მცირე შემოსავლის მოპოვებაში. მარიმ თავისი კუთხის ქსოვის ხელოვნება ააღორძინა და აქცია პურის ფულის მომტან საშუალებად. 25 წლის ასაკში, ბევრი წვალების, დამცირების და შრომის ფასად გახსნა ქსოვილების მაღაზია, მიუხედავად იმისა, რომ ამის პარალელურად მაინც უნდა მიეხედა მთელი თავისი საოჯახო მეურნეობისათვის, მშობლებისთვის, თავისი გარდაცვლილი ძმის ბავშვისთვის. ძალიან ცოტა დამხმარე ჰყავდა და ბევრი-მოწინააღმდეგე.
   “ქალები ფიქრობდნენ, რომ მეტისმეტს ვბედავდი, კაცები აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ არავისი არაფერი მმართებდა, არავის არაფერს ვთხოვდი.. ყველანაირად მაწვალეს... ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ვაკეთებდი საერთო ანტიპათიის, საყოველთაო დაცინვის ატმოსფეროში.”
   ჩემთვის ბევრი სხვა კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი მარი მეტრაიე, როგორც-პიროვნება. ვალეზის ბუნება, ლეგენდები, წეს-ჩვეულებები, მთელი ის მისტიური სამყარო ძალიან მაგონებდა ჩემს მშობლიურ კუთხეს, ხევსურეთს.  თუმცა ქალი ისეთ რამეზეც საუბრობს, რაც ბევრს ღიმილს მოგვრის,(მაგ-ფერიებზე, ჯუჯებზე), მაგრამ ამ ყველაფრის წაკითხვა და გაცნობა მთელი სიამოვნებაა. ცოტა ხნით ზღაპრულ სამყაროში გადასვლა.

  ერთადერთი მიზეზი, რამაც ხელი შემიშალა, მარი მეტრაიე სიგიჟემდე შემყვარებოდა, მისი აზრი იყო აბორტის შესახებ. თუმცა ის ამბობს, რომ აბორტის პროპაგანდა ეწინააღმდეგება მის ხედვას, მაგრამ ახალშობილის მიტოვებას მაინც აბორტს არჩევს. იმ ადამიანისგან, რომელსაც მოწყვეტილი ყვავილებიც კი ენანება, ამის მოსმენამ(წაკითხვამ) შემაძრწუნა, რადგან მე ამ ორ ბოროტებას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. ამის შემდეგ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ახლო ნათესავს რომ დაემდურები და ერთმანეთს დაკარგავთ. თუმცა ეს ჩემი აზრია, არავინაა ვალდებული გაიზიაროს და მაინც- ა ბ ო რ ტ ი  მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ა !

   ეს რომ არა, ჩავთვლიდი, რომ ჩემი სულიერი მეგობარი ვიპოვე, რომელიც  1979 წლიდან ევოლენის პატარა სასაფლაოზე განისვენებს. თუმცა, ვერ დავივიწყებ მთელ იმ სითბოს და სიხარულის განცდას, რასაც მისი ამოუწურავად საინტერესო საუბრების მანძილზე ვიღებდი. ჩემი უზომო პატივისცემა-ქალს, რომელიც გონებადაბინძურებულ საზოგადოებას ფეხქვეშ არ გაეგო.

/ნინო ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment