Sunday, February 1, 2015

"გამოცდა ხელბორკილით"- რეალობა, რომელიც ყოველთვის უნდა გახსოვდეს...

   
სანამ ამ წიგნს ჩავუჯდებოდი, გამოვტყდები, მეგონა რომ ერჯერადად წასაკითხი ნაწარმოები იქნებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ პირველ რიგში დოკუმენტური პროზაა და მეორეც-ავტობიოგრაფიულია. იმასაც ვფიქრობდი, რომ აქ მაინცდამაინც საინტერესო მხატვრულ სახეებს ვერ ვიპოვნიდი,რადგანაც რეალურ ადამიანებზეა დაწერილი, თუმცა საბედნიეროდ ძალიან, ძალიან შევცდი.
 
   “ეს ერთი პატიმრის ისტორიაა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს სიმართლეს, თუ როგორ საზრდოობენ ე.წ. რეჟიმები უდანაშაულო მსხვერპლით...” – ვკითხულობთ წიგნის ყდაზე. მე კი მინდა დავუმატო- ალექსანდრე ახალკაცი ნამდვილად საინტერესო მწერალია, რადგანაც ყოველგვარი ზედმეტი გაზვიადების და პათოსის გარეშე, ბუნებრივად გადმოგვცემს იმ “კოშმარებს”, რომლებმაც გადაიარეს ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის(რეალურად-ავტორის) თავზე. პირდაპირობით, ბავშვური გულწრფელობით გვიხატავს იმ მტანჯველ განცდებს, რომლებიც მკითხველს მაშინვე თვალიწინ უცოცხლებს ციხის კედლებს მიღმა არსებულ სურათებს.
 
   “ მაისის ერთ დაწყევლილ რამეს, როცა 36 კაციან კამერაში ყველას ეძინა, ხველება ამივარდა და პირიდან სისხლი წამსკდა... ბიჭებმა თქვეს-უეჭველი ტუბერკულიოზიაო... მთელი ღამე თეთრად გავათენე, პირქვე ჩავემხე “ლოგინში”, თავი ბალიშში ჩავრგე და ავქვითინდი. დავტიროდი საკუთარ თავს. ვტიროდი, რადგან მეგონა, რომ ვეღარასოდეს მოვეფერებოდი საყვარელ ადამიანებს, ვტიროდი იმიტომ, რომ 20 წლის ბიჭს მალე მიწა შემჭამდა. ვფიქრობდი, გავა წლები და აღარავის ვემახსოვრები-მეთქი”.
   თუმცა იქვე მხატვრულად და მსუბუქი იუმორითაც აღწერს ტუბერკულიოზის სამკურნალო, აუტანელი ტკივილების გამომწვევ წამლებს:
   “ალიგიერს რომ სცოდნოდა ამ წამლების არსებობა, თავის ნაწარმოებში უეჭველად შეიტანდა ჯოჯოხეთის აღწერისას”.
   კითხულობ ნატურალისტურად აღწერილ, გონებისთვის ძნელად წარმოსადგენ საშინელ მოგონებებს და გიჭირს დაჯერება, რომ ამას წერდა აბიტურიენტი, რომელიც პარალელურად ეროვნული გამოცდებისთვისაც უნდა მომზადებულიყო. გაშტერებს ის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მას კიდევ აქვს იმის უნარი, ხელში კალამი აიღოს და ღამით, მთვარის შუქზე ჩუმად წეროს. თუმცა, იმასაც ხვდები, რომ ალბათ სწორედ ეს აძლებინებდა იმ ჯოჯოხეთში-ფიქრი იმაზე, რომ მისი ტანჯვა ტყუილად არ დაიკარგებოდა და ოდესმე ხმამაღლა მოყვებოდა ყველაფერს. ამის ასე შემოქმედებითად გადმოცემის უნარი მხოლოდ ხელოვან ადამიანებს აქვთ, ნამდვილ ხელოვანებს.
  “ხელისუფლებისთვის ყველაზე საშიში ხელოვანია, გაუყიდავი და ზნეობრივად შეურყვნელი ხელოვანი”.


    თავები- “ციხის თანამშრომლები”, “ფიქრები გისოსებს მიღმა-თავი მესამე”( ამ უკანასკნელში საუბარია გლდანის ციხეზე, მომელსაც ავტორი “გლდანი 07-12”-ად მოიხსენიებს და ოსვენციმს ადარებს იქ გამეფებული სისასტიკის გამო) დაუფარავად მოგვითხრობს სასჯელაღსრულების დაწესებულებების კედლებს მიღმა არსებულ უმოწყალო რეჟიმზე და ციხის ჯალათებზე, რომლებსაც “სურთ ფეხი შენს ტვინში ჩაყონ, მერე ეს ფეხი ყველას უჩვენონ და “იბლატაონ”, რომ ადამიანი, რომელიც აჯანყდა, რომლის გატეხაც ძნელი იყო და მთელი რეპრესიული მანქანა დაუპირისპირდა, ახლა მათ ფეხებთან დაფოფხავს”.
   კითხულობ და თავადაც სასოწარკვეთით გახსენდება, როგორი შიში და განუკითხაობა იყო ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ... რომ მისი ნარჩენები ჯერ კიდევ არ გამქრალა და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანები დღესაც შეიძლება უბრალოდ “გაქრნენ”, ან შვილის საფლავზე ყვავილებიანი ლარნაკი აუფეთქდეთ.
 
   თუმცა, ავტორის სასოწარკვეთას იქვე ენაცვლება იმედიც( და საერთოდ ეს მთლიანი ფონივით გასდევს ნაწარმოებს-იმედი და ბრძოლისუნარიანობა) , რომ რწმენით და მონდომებით ადამიანს ნებისმიერი განსაცდელის გადალახვა შეუძლია. ჩემთვის ამ ჩანაწერების ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ აქ ვერ იპოვნი ბოღმით დაწერილ ერთ სტრიქონსაც კი და ამის საპირისპიროდ ავტორი მტკიცედ აფიქსირებს:
   “ უნდა გიყვარდეს! ეს არის ჭეშმარიტების გასაღები! უნდა გიყვარდეს ადამიანები თავისი მანკიერებებით. უნდა გიყვარდეს შენი მტრებიც, იმიტომ რომ შესაძლოა ისინი მტრად შენ აქციე, ან თუნდაც იმიტომ, რომ ისინი გაფხიზლებენ და გაძლიერებენ. არასოდეს უყურო ადამიანებს იმ მხრიდან, რომლიდანაც მათი ჭუჭყიანი სამოსი ჩანს, თორემ შეგზიზღდება ყველა და სამუდამოდ დასამარდები!”
 
    შესაძლოა აქ ეჭვიც დაგებადოს, რომ ეს ფრაზები უკვე დალაგებულ გონებაზე, უკვე როცა შორიდან უყურებს წარსულს, მაშინ დაწერა და ჩვეულებრივი ზნეობრივი ქადაგებაა,მაგრამ მე აქ ნამდვილ განცდას ვხედავ, თუნდაც იმიტომ რომ ერთერთ, თითქოს ლოზუნგისმაგვარ ფრაზას: “მე მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას ძალმომრეობის წინააღმდეგ, თუნდაც ამისთვის სიცოცხლის გაწირვა დამჭირდეს!”- იქვე მოსდევს ფრჩხილებში ჩაწერილი ფრაზა “ისე, საინტერესოა რა დარჩება ამ ჩემი შემართებიდან წლების შემდეგ? “
 
    ესაა სინამდვილე, სიმართლე, ადამიანის გაშიშვლებული სული... არ ვიცი კიდევ რომელი თავი აღვნიშნო, რომელიც მაოცებს, როგორ დარჩა ამ ყველაფრის მნახველი ადამიანი საღ გონებაზე. “ქალბატონი ვეზირები” თუ “ნოაჰ”?
 
   “ თქვენი, ჩემი, ყველას სიცოცხლის წამმზომი ჩართულია. ჩვენ ან ჩამოკიდებულებს გვიპოვნიან, ან ვენებგადახსნილებს, ან გული დაგვარტყამს, ან მადუღარა აგვიფეთქდება სასწაულებრივად”...
   “არ გასულა ბევრი დრო და იქ მსხდომი 11 პატიმრიდან ერთს მადუღარა აუფეთქდა და გარდაიცვალა, ორი ჩამომხრჩვალი იპოვეს, ოთხი ტუბერკულიოზით გარდაიცვალა, მე სასწაულებრივად დავუსხლტი სიკვდილს...”

 
 

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მთავარი გმირის  ზოგადად პოლიტიკით გატაცება, მით უფრო, რომ ეს ხდება უკვე 6-7წლის ასაკიდან. სკოლის მოსწავლეს უკვე ჰყავს თავისი ფავორიტი, რომლის პლაკატსაც ღობიდან ხსნის და ოთახში აკრავს. უხარია მისი შემდგომი არჩევნებში გამარჯვება, რადგანაც ეს მისი შეუმცდარი პოლიტიკური ალღოს გამართლებად მიაჩნია.
   “წლები გავიდა და მეცინება ამ ბავშვურ მიამიტობაზე. არადა თურმე სხვებს გამარჯვების თეორიული შანსიც არ გააჩნდათ. ყოველი საპრეზიდენტო არჩევნები კონკრეტული პიროვნებისთვის ტარდებოდა, გადიოდა წლები, ჩვენი რჩეული ძველებურად გვაბრუებდა და მერე ხელში გაცრუებული იმედები გვრჩებოდა”
 
    ასეც მოხდა. სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა ის რამდენიმე წელიწადში იმავე რეჟიმს, რომლის შემქმნელებიც ქვეყნის გადამრჩენლებად მიაჩნდა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უნივერსიტეტის მაშინდელ თვითმმართველობასთან, ე.წ. “ზონდერ ბრიგადასთან” (როგორც უწოდებს) დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც აღწერილია თავში “უნივერსიტეტელი “კაი ბიჭები” ”.
 
     ერთხელ წაკითხვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის წიგნის ერთერთი მინუსია ის, რომ ავტორი ზედმეტად ბევრ დროს უთმობს საპატიმროში დასაქმებულ ქალთა სხეულის ფორმების ვულგარულად აღწერა-ანალიზს, რაც საკმაოდ არასასიამოვნო საკითხავია მდ.სქესის  მკითხველისთვის და ერთგვარი სექსიზმის გამოვლინებას ჰგავს-ქალის, მხოლოდ და მხოლოდ სექსუალურ ობიექტად აღქმას. გასაგებია, რომ ავტორი ოთხ კედელს შუა გამომწყვდეული კაცის პოზიციიდან ლაპარაკობს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ასეთი მონაკვეთები ნაწარმოებს აკნინებს.

    მამისმკვლელის აღსარება, “ვირთხების თეორია”... ეს არაადამიანური ამბები, ყურისთვის ძნელად მოსასმენი, მაგრამ მაინც ხშირად, ძალიან ხშირად წასაკითხი ფურცლებია, იმიტომ რომ არასოდეს დაგავიწყდეს როგორ მონსტრად შეიძლება აქციო ადამიანმა ხელისუფლება და პირიქით-როგორ ზომბირებულ მკვლელად შეუძლია გაქციოს ამ უკანასკნელმა.
 
    “ადამიანთა უმრავლესობა ჩვენსავით აზროვნებს და ჩვენს იდეოლოგიას იზიარებს, ხოლო დანარჩენი ხალხი “ვირის აბანოში” ჩავაყუდეთ, რათა ჩვენსავით აზროვნება ვასწავლოთ”- ნაწყვეტი “ნაც-მაცუნას” პარტიული მოხსენებიდან”
 
    “რა იწვევს ადამიანის დაცემასა და გაუბედურებას?-, კითხულობს ავტორი :”_ ამ საკითხზე საუბრით არაერთ ფილოსოფოსს და მოაზროვნეს აუჭრელებია ფურცლები, მაგრამ ვფიქრობ თითოეულს სხვადასხვა ათასი მიზეზის ჩამოთვლისას გამორჩებოდა ხოლმე უმთავრესი: თ ვ ი თ დ ე გ რ ა დ ა ც ი ა. ისე ვერავინ მოსპობს პიროვნებას, როგორც საკუთარი თავი. სწორედ თავად ექაჩება თავს ჭაობში და მერე ერთხელ თუ გაისვრება, ყველაფერზე წამსვლელია, ყველაფერს იკადრებს”.





    აი, ვხურავ წიგნს, რომელსაც ვიცი, კიდევ ბევრჯერ გადავშლი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ადამიანური და მოქალაქეობრივი ზნეობა და სიფხიზლე არ მოდუნდეს. მეამაყება, რომ მისი ავტორი დღეს ჩემი მეგობარია და მაქვს იმის ბედნიერებაც, რომ მისი თაობის და ეპოქის წარმომადგენელი ვიყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, რა მტკიცება უნდა იმას, რომ მთელი გულით ვისურვებდი, არც მას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მიეძღვნა “გამოცდა ხელბორკილებით”, ეს საშინელი გამოცდილება არ მიეღოთ და სისხლიანი რეჟიმი საკუთარ მხრებზე არ გადაეტანათ.

    და მაინც, უზომოდ მიხარია, რომ გასარეცხ ტანსაცმელში ჩაკერებულმა ნაწერებმა, “ერთ-ერთი კრუჩნიკისთვის დღეში ორ-ორი “მარლბოროს” ფასად” მაინც გამოაღწია ციხიდან და წიგნის სახით იხილა სინათლე. ის არათუ უფრო დიდი ტირაჟითაც უნდა გამოიცეს, არამედ უნდა ითარგმნოს კიდეც, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისწვდეს თავისი სათქმელით. როგორც პრეზენტაციაზე გაჟღერდა, ურიგო არ იქნებოდა მისი მხატვრული ფილმის სახით წარდგენაც საზოგადოების წინაშე, რომელსაც ისევე, როგორც წიგნს წამძღვარებული ექნებოდა სიტყვები:
   “ყველაზე ლამაზს-საქართველოს, ყველაზე ტკბილს-დედას და ოთხ კედელს შუა გამომწყვდეულ ნიჭს გაუმარჯოს...”--წარწერა კარცერის კედელზე."

პრეზენტაციის ვიდეო

/ნინო ჭინჭარაული/ 

No comments:

Post a Comment