Friday, September 18, 2015

აქ იყო მუსიკა


“ბანალური ამბავია, 
ომისდროინდელი ბანალური ამბავი...
თუ შეიძლება, ბანალური ეთქვას დანაშაულს.
/ელზა ტრიოლე/ 

 
     როცა პირველად შევამჩნიე, ორივენი 10წლისანი ვიყავით, მაგრამ ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ის ჩემზე ბევრად დიდი იყო. მარტო მე კი არა, კაცებიც კი გაოცებით და პატივისცემით ეკიდებოდნენ ბავშვს, რომელსაც სრული სერიოზულობით შეეძლო ემსჯელა სხვადასხვა ცხოვრებისეულ თუ საზოგადოებრივ საკითხზე.
   მუდამ ასეთი მაგონდება- მაღალი, მხრებში ოდნავ მოხრილი, თმაგაჩეჩილი, რამდენიმე ზომით დიდი ქურთუკით, რომლის ზურგზეც განუყრელად ეკიდა თითქმის თავისი სიმაღლის გიტარა. დილაობით, როცა სკოლაში მივდიოდი, სადაც მთავარი გამზირი უნდა გამევლო, ალექსი მეგობრებთან ერთად ყოველთვის ჩემი სახლის მოსახვევში, კედელთან იჯდა, ძირს ორიოდე წიგნი ედო, ფეხებთან- გაცვეთილი კეპი და უკრავდა. ისე გატაცებით უკრავდა, რომ ირგვლივ ვერავის ამჩნევდა. მაშინ უჩვეულო სანახაობა იყო ქუჩის მუსიკოსი და მით უფრო, ასე პატარა ასაკის, მაგრამ ალექსის უბანში ყველა იცნობდა. ახსოვდათ მისი მშობლებიც, რომლებიც წლების წინ ავტოავარიაში დაიღუპნენ და იცნობდნენ მის დებოშიორ, ლოთ ბიძასაც, რომელთანაც ბიჭი მშობლების სიკვდილის შემდეგ იზრდებოდა და რომლის მორიგი დათრობისას მოწყობილი “კონცერტების” შემდეგ, დედები შვილებს ალექსისთან თამაშს უკრძალავდნენ.
   და მაინც, მაშინ ყველა უბანში იყო თითო ეგრეთწოდებული-კოლორიტი, უბნის სახე. ის შეიძლებოდა ყოფილიყო ქურთი მზესუმზირის გამყიდველი, რომელიც თაობებს ახსოვდათ, ან –გიჟი, ანდაც უბრალოდ განსხვავებული ადამიანი, რომელიც იმ უბნის აუცილებელ “ატრიბუტად” ითვლებოდა.
   ჩვენს უბანს ალექსი ჰყავდა.
   განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ერთმანეთი შემოდგომის ერთ გრილ დღეს “გავიცანით”. ზუსტად არ მახსოვს წელი, უკვე უფროსკლასელი ვიყავი. დილაადრიან, ნახევრად მძინარე, სკოლისკენ მიმავალი ტრამვაის გაჩერებაზე გავჩერდი. რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ მექანიკურად მივადე თავი ელექტრო ბოძს და თვალიც მივლულე. საოცრად ყვითელი, გაქუცული, დაძველებული და ძილისმომგვრელი ჩანდა ირგვლივ ყველაფერი...ქუჩა, ხეები, უსუსური მზის სხივები... მიუხედავად სუსხისა, ძილი საშინლად მერეოდა და უცებ, ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი წერტილივით “იავნანა”ს მელოდიაც ჩამესმა. გაოცებულმა ვჭყიტე თვალები, თავი წამოვწიე და მუსიკაც მაშინვე შეწყდა.
    მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ გარშემო არავინ იყო. ვიფიქრე, რომ ალბათ მომეჩვენა, ისევ მივადე ბოძს თავი და მელოდიაც ჩემს ზურგსუკან მაშინვე აჟღერდა. მაშინ უკვე გაოცებული შემოვბრუნდი და პირველად შევხედეთ ერთმანეთს თვალებში.
   რა თაფლისფერი ჰქონდა... მზის სხივებზე უფრო მოოქროსფრო... და რა ცეცხლი უელავდა... მთელი შემოდგომა თითქოს მის თვალებში იყო ჩასახლებული, მაგრამ ის არ იყო ამ ნოემბერივით ცივი და ძილისმომგვრელი. იწვოდა, შიგნიდან იწვოდა და ეს კოცონი იმდენად ვერ ეტეოდა მის სულში, რომ თვალებიდან გიზგიზებდა. არ ვიცი, წამებში შევამჩნიე ეს თუ დიდხანს ვუცქერდი, მაგრამ დროის შეგრძნება სრულებით აღარ მქონდა.
   უცებ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მაშინვე გული შემიფრთხიალდა და რატომღაც შემრცხვა. სასწრაფოდ მივტრიალდი და დაბარებულივით, იმწამსვე მოვიდა ჩემი ტრამვაიც. ავედი თუ არა, ღრმად ჩავისუნთქე და დახურული კარიდან შეფარვით გამოვხედე.
   ისევ მიღიმოდა.
   მაშინ გულში რაღაცნაირმა სითბომ და სიხარულმა დამიარა. რა მიხაროდა? თითქოს აღარც მციოდა. თითქოს მისმა ცეცხლმა მარტო გული კი არა, გათოშილი სხეულიც გამითბო და უცებ ვიგრძენი, რომ მეც ვუღიმოდი.
   ეს იყო და ეს... მას შემდეგ ერთმანეთს აღარ დავლაპარაკებივართ და აღარც მარტონი შევხვედრივართ სადმე. განა ადვილი იყო მისი დამარტოება? მუდამ ძმაკაცების მთელი ჯგრო დაჰყვებოდა და იმ დღესაც მხოლოდ იმიტომ წავაწყდი მარტოს, რომ თურმე “პახმელიაზე” მყოფს მძინარე ძმაკაცები ბიძამისის დანგრეულ ბინაში მიეტოვებინა და თვითონ დილის სუფთა ჰაერზე გამოსულიყო. გიტარაც თან გამოეყოლებინა, ის ხომ ლამის მასთან ერთად იყო დაბადებული. იმ დღის მერე ჩემს ცხოვრებაში ისე შემოიჭრა მუსიკა, რომ მშობლებთან დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, მამაჩემის ერთ-ერთ მეგობარ გიტარისტთან დაკვრაზე სიარული დავიწყე და ნელ-ნელა შევიგრძენი მისი იდუმალი ძალაც. ძალა, რომელიც ყველაფერს დაგაძლევინებს, ძალა რომელმაც ალექსის ობლობა გადაატანინა...მაგრამ მე მაინც ვერ მომცა საჭირო გამბედაობა...რისთვის? ამასაც გეტყვით.
 ვერც მას და ვერც მის ამფსონებს ვერ იტანდა ჩვენი სამეზობლო და უფროსი ქალები გოგონებს ყოველთვის ჭკუას გვარიგებდნენ, ახლოს არ გავკარებოდით ამ “მაწანწალებს და ნარკომანებს”. კიდეც რომ გამჩენოდა გრძნობა მის მიმართ (რასაც ამ მუსიკალური ინსტრუმენტის ყოველი ხელში აღებისას ვგრძნობდი) შიშით და სირცხვილით, როგორ გამოვხატავდი.
   თუმცა, ჩემი სახლის აივნიდან გადმომდგარს, ღამითაც კი ყოველთვის შემეძლო გამეგონა მისი გიტარის ხმა, რომელსაც საღამოს 9საათის შემდეგ აუცილებლად მოჰყვებოდა რომელიმე მეზობლის წყევლა:
   _ შენ ჩაგდე კუბოში, დაგვაძინე!
  კუბოში ჩადების რა გითხრათ, მაგრამ ვიღაცის წყევლა კი ნამდვილად ეწია ალექსის. სამოქალაქო ომი ორი თვის დაწყებული იქნებოდა, რომ ბიჭი სადღაც გაქრა. არავინ იცოდა მოკლეს, თუ გაიქცა (თუმცა, სად ჰქონდა გასაქცევი). ან ვინ მოიკითხავდა თავის დროზე, ბიძამისიც კარგა ხნის მერე იპოვეს დანგრეული პროსპექტის ერთერთ ჩიხში, სხვა დახოცილებთან ერთად. მის მეგობრებს კი ისე აურია ომმა გზა-კვალი, რომ ზოგი სად იყო დაფანტული, ზოგი სად. ალექსი არავისთან ერთად არ აღმოჩნდა. არც ცოცხლებში, არც მკვდრებში. თუმცა ამაში გასაოცარი რა იყო? ომი-ომია და ის არასოდეს არჩევს ვინ შეიწიროს-დამნაშავე თუ უდანაშაულო... ზრდასრული ადამიანი, თუ ბავშვი... გამარჯვებული აქ არ არსებობს. რჩება მხოლოდ სიცოცხლის წინაშე ჩადენილი დანაშაული...
   მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, როცა მიწასთან გასწორებული თბილისის ქუჩებში ხალხმა იწყო მოძრაობა და ყველაფრის დასუფთავება, ჩვენს უბანში, ეკლესიასთან მისი სიმებაწყვეტილი გიტარა იპოვნეს, რომელიც ტყვიებით იყო დაცხრილული. არსად  სისხლის კვალი არ ემჩნეოდა, არც ახლომახლო ჩანდა მისი პატრონის რაიმე ნიშან-წყალი.
   -ბეჩავი..-, სინანულით ქოთქოთებდნენ ზუსტად ის მეზობლები, რომლებიც ხშირად წყევლიდნენ ხოლმე.
   მაშინ ვერ გავბედე მეკითხა, რა უყვეს მის გიტარას. უფრო გამბედავი რომ ვყოფილიყავი, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ იგი ჩემს ხელში აღმოჩენილიყო, როგორც სახსოვარი, რომლის ფასიც სხვამ არავინ იცოდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ამის გამგონემ განადგურებულმა შევაღე ჩემი ოთახის კარი და ღია ფანჯარაში შუაღამემდე გაუჩერებლად ვუკრავდი “იავნანას”. ვუკრავდი, სანამ თითის წვერები არ ამეწვა და ზედ “მაზოლები” არ გამიჩნდა. არავის კრინტი, ხმა, წყევლა არ გამიგია, თუმცა ზუსტად ვიცოდი, იმ ღამით უბანში არავის არ ეძინა. სიჩუმე იყო და თითქოს ყველანი ამ სიჩუმით ცდილობდნენ მთელი იმ ლანძღვა-გინების გამოსყიდვას, რომლითაც ალექსის სიცოცხლეში “ამკობდნენ”.
   მერე ყველაფერი შეიცვალა. ცხოვრება ახალი სიძნელეებით დაიწყო-უშუქობა, შიმშილობა, მომავლისთვის სასიცოცხლო ძალების კბილებით ძიება... არ მახსოვს, უფრო სწორად კი სიზმარივით მახსოვს ის რამდენიმე წელი. მახსოვს ყრუ, დადუმებული უბანი, რომლის გაცოცხლებასაც ღამით ისევ მე ვცდილობდი გიტარით. შემდეგ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავსახლდით, სხვენის მაგვარ ოთახში. მახსოვს მაშინდელი გაჭირვებაც, სოფლიდან ბებოს გამოგზავნილი პომიდვრის წვნიანით სავსე ქილები, რომელიც ერთადერთი საკვები იყო ჩვენთვის. ბევრი სიბნელე და პატარა სიხარული-ეზო, სადაც ახალი მეგობრები შევიძინე. ალექსიც ცოტახნით თითქმის მიმავიწყდა. თურმე ასეც ხდება... ჩემი ბავშვობის მეგობარ მარკ ტვენს დავესესხები-“ახალგაზრდული გული ძალიან ელასტიურია და დიდხანს არ რჩება შეკუმშული”. ჰოდა, ჩემი გულიც მალევე გაიხსნა და ჩაება ახალ ცხოვრებაში.
   მაგრამ ყოველგვარი მუსიკის გარეშე... ჩემს ცხოვრებაში საბოლოოდ გაქრა ის, რაც მაშინ მაბედნიერებდა. ზოგჯერ, ძველი სიზმარივით თუ გამახსენდებოდა, რომ ჩემი გიტარა სხვენში, ძველმანებთან ერთად ეგდო და ეს ჩემში უკვე აღარც ტკივილს და არც სიხარულს აღარ იწვევდა.
   მხოლოდ წლების შემდეგ, ერთ დღესაც, როცა ჩემს ძველ უბანში, ძველი მეგობრის სანახავად მომიხდა წასვლა, ზუსტად იმავე გაჩერებაზე დაველოდე სამარშუტო ტაქსს. ის ელექტრო ბოძიც იქვე დამხვდა. მივადე თუ არა თავი, რაღაც უცნაურ განწყობაზე დავდექი.  თითქოს ისევ ჩამესმა იავნანას მელოდია და თითქმის შევიგრძენი, რომ ალექსი ჩემს უკან იდგა.
   მივტრიალდი და რათქმაუნდა, იმედგაცრუებული დავრჩი.
   კედელი, რომელთანაც ის იჯდა ხოლმე, ტყვიებით იყო დახვრეტილი და გაშავებული. ზედ ვიღაცას წაეწერა ცარცით “აქ იყო ბრძოლები”. მთელი ბავშვობა, ჩვენი პირისპირ შეხვედრიდან-ომის ნარჩენებამდე თვალწინ დამიდგა და ისევ ცხადად ჩამესმა ყურში მისი გიტარის ხმა. ხმა, რომელიც დამიბრუნდა... მუსიკა, რომელიც წლების განმავლობაში დავიწყებული მქონდა.
   და ისევ ვიგრძენი სიმხურვალე, ისეთი სიმხურვალე, რომელსაც სიცოცხლეში ალბათ მხოლოდ ერთხელ გრძნობს ადამიანი. სითბო, რომელიც სუნთქვისშეკვრით იწყება და ბოლოს გულთან, მუცელში დატრიალებული პეპლებით ბოლოვდება... ყველა მიხვდება, ვისაც ოდესმე ჰყვარებია.
   ჩემი ტრანსპორტიც მოვიდა, მაგრამ აღარ გავყოლივარ. გაშეშებული ვიდექი. მერე მახსოვს, ადგილს მოვწყდი, კედელთან მივირბინე, შიშველი ხელით წავშალე “ბრძოლები” და იქვე დაგდებული ცარციანი ქვით მივაწერე “მუსიკა”.
   დიახ, აქ იყო მუსიკა...

/ ნინო ჭინჭარაული/
/2014/

No comments:

Post a Comment