Thursday, January 26, 2017

დამასტე


(მოთხრობა შესულია კრებულში "ინსომნია2015")

ცხელი, ცხელი ზაფხულის გავარვარებული ღამე იყო, როცა პირველად ვუღალატე ჩემს ჩვევას და დილის მაგიერ, შუაღამით, მაშინ, როცა ირგვლივ ყველა სულიერი სიზმრის ბურუსში იყო გახვეული, სამყაროს საცქერლად სახლიდან გავედი.

იმ დღეს ჭრიჭინობელებმაც კი უღალატეს საკუთარ ჩვევას და დილიდანვე ამღერდნენ.


კარის ზღურბლის გადაბიჯებისთანავე მოვიხსენი თვალებზე აკრული მამიდასეული ხილაბანდი, რომელსაც სამი დღის მანძილზე ვატარებდი. პირველი, რაც შევიგრძენი, სრული სიჩუმე იყო. ისეთი სიჩუმე, პირველი თოვლის მოსვლისას რომ იცის. ისეთი სიჩუმე, როგორიც მხოლოდ მთამ იცის. ისეთი სიჩუმე, როგორიც მხოლოდ ადამიანის ფეხდაუდგმელმა, საკრალურმა ბილიკებმა და სალოცავებმა იციან.

არც ღობის მიღმა მოთქრიალე მდინარის ხმა, არც ჭრიჭინობელების სიმღერა, არსაიდან არავითარი ჩქამი არ ისმოდა. სამყარო განაბული და დამუნჯებული იყო, რომ ბოლომდე მოეცა ჩემთვის ამ წუთების შეგრძნება.

და ყველაფერი ცისფერი იყო … სიბნელეში ჩაძირული ხეებიც, ცაც, ჰაერიც კი.

“სამყაროს აღსასრულიც დამდგარა-თქო“-, გავიფიქრე და გული დამწყდა, რომ ამას მოვესწარი.

. . .


- მორჩი! მეტი აღარ შემიძლია, ეს რა ქაჯობის ხასიათზე ხარ!
- ჩაცეცხლე, ჩაცეცხლე … და ენა დაიმოკლე. გრძელი გზა გვაქვს წინ და საწვავი გჭირდება"-, პირში ძალით მასხამს მამიდა ცეცხლივით არაყს და მეორე ხელით მხრებზე თბილ ქურთუკს იცმევს.
- რა გრძელი გზა... ერთი საათია რაც ჩამოვედი. თქვენთან სტუმრებს ასე მალე აპანღურებენ კარში?

ცალი წარბი ამიწია, ზუსტად ისეთი ღიმილით, როგორიც მხოლოდ მან იცოდა. ერთდროულად “როგორ მომენატრე მამაძაღლო“-სა და “ყოფას გიტირებ”-საც რომ ნიშნავდა. ამდენი წლის შემდეგ მამიდასთან მშობლიურ სოფელში ჩასულმა ვერც კი გავიგე ასე უცებ როგორ ჩამაყარა ხახაში ცხელ-ცხელი, სახელდახელოდ მოდურებული ხაჭოერბო, ჩამასხა ღმერთმა უწყის რამდენი ჭიქა არაყი და ახლა ასე საშვილიშვილოდ გამოპრუტუნებულს სად და რატომ მიმათრევდა.

- მამიდა, ღამეა, - კიდევ ერთხელ ვცადე წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ქეჩოში წამავლო თავისი გაჩხიკული, თეთრი, ძვლებამოჩრილი ხელი და კარისაკენ მიბიძგა. წავბარბაცდი და ბეტონის კედელს მივეხუტე. საგნები ერთმანეთში იზილებოდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ერთ საგანზე ვცადე მხედველობის ფოკუსირება და სარკმლის რაფაზე საკმაოდ დიდხანს ვუცქირე ვარსკვლავისებრი ობობისა და ტარაკნის ორთაბრძოლას. არ ვიცი, რომელი მათგანის გამარჯვებით დამთავრდა, რადგან ისევ მწვდა კისერთან საყელოში წვრილი თითები და პირდაპირ ტერასაზე ამომაყოფინა თავი. სუფთა ჰაერის ნაცვლად მაშინვე თამბაქოს კვამლმა დამიწვა სუნთქვა.
- ჩქარა, ჩქარა, მთვარის ამოსვლამდე უნდა მოვასწროთ!-, ყურთან წამისისინა ისეთი მტკიცე ხმით, რომელსაც ბავშვობიდან ვიცოდი, რომ არ უნდა შევწინააღმდეგებოდი. ჰოდა, მეც უკანასკნელი ძალა დავატანე მუხლებს და მთვარეულივით ჩავუყევი კიბეებს. მალე ფეხქვეშ ღორღი შევიგრძენი და მივხვდი, რომ უკვე ეზოს გავცდით და ნაკვეთებისკენ, შარაგზაზე მივაბიჯებდით.
- სად მივდივართ, იმას მაინც არ მეტყვი ქალო-, ამოვილუღლუღე. პასუხად მარტო ჭრიჭინების ზუზუნი და უკან დარჩენილი რომელიღაც სახლის ეზოდან ძაღლის ყეფა მოისმა. თვალები ფართოდ რომ გავახილე წინ მხოლოდ მამიდას შავი სილუეტი და მის ხელში ანთებული ციცინათელა დავინახე. დროდადრო ციცინათელას წოვდა, რომ უფრო აგიზგიზებულიყო და კარგად გაენათებინა ჩვენთვის გზა. მაჯაზე კვლავ მის ჩონჩხისებურ თითებს შევიგრძნობდი.

მგონი მთელი ღამე ვიარეთ.

როცა მთვარე და მისი სილუეტი ერთმანეთს გაუსწორდნენ, მხოლოდ მაშინ შევჩერდით.

სულს ძლივს ვითქვამდი, გულის ბაგაბუგს ყელში ვგრძნობდი ამოფრქვეულ არყის გემოსთან ერთად. გულიც მერეოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ბალახზე ჩამოჯდომა ვცადე, უკანასკნელმა საღმა აზრმა მითხრა, რომ სიგრილე ცოტა გონს მომიყვანდა, მაგრამ უცებ გველნაკბენივით უკან დავიხიე და თავიც ვეღარ შევიმაგრე. წვივებით დავეცი მიწაზე და თვალი ვეღარ მოვწყვიტე მამიდას ჩრდილს, რომელიც ჩემგან მოშორებით, გორის თავზე შემდგარიყო და მთლიანად ღრუბლებში გახვეულიყო. მის ზურგსუკან ცა ჭექდა, ჩემს თავზე კი სილურჯეში ჩაჭედილი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ. მამიდას ციცინათელები…
-დედაშენს შევპირდი, რომ არ დაგიგვიანებდი… ახვარი ბავშვი ხარ, პირობა გამატეხინე, ამდენ ხანს არ ამოხვედი!-, გადმომძახა სასხვათაშორისოდ, ჩემკენ მოისროლა ჩამქრალი ციცინათელა და გრძელი საჩვენებელი თითით მანიშნა მასთან მივსულიყავი.

დამბურძგლა, მაგრამ ურჩობა არც მიფიქრია. ძლივს ავფორთხდი, მუხლიც როგორც იქნა გავმართე. ახლოს რომ მივედი, სიბნელეში გავარჩიე მისი თვალები, ციცინათელებზე უფო მანათობელი, ცისფერ შუქიანი თვალები, რომლებიც არ ვიცი მთვრალს მომეჩვენა თუ არა, მაგრამ აშკარა სიბრალულით მიცქერდნენ.

თავშალი მოიძრო და მიწაზე გამიფინა, მერე პატარა ბავშვივით დამსვა, თავისი ქურთუკი გაიძრო, მომახურა და უცერემონიოდ დაეშვა გორიდან.

- აქ მტოვებ ქალო, სულ გააფრინე?-, ენა დამება აღშფოთებისგან, მაგრამ თვალების ბრიალით მანიშნა "მანდ დარჩიო" და მეც გამოვუტყდი თავს, რომ პროტესტის კი არა, განძრევის თავიც აღარ მქონდა. გულგახეთქილი ვუცქერდი, როგორ უჩინარდებოდა სიბნელეში მისი გამხდარი სილუეტი და უკვე შორიდან მისწვდა ჩემს სმენას მისი მტკიცე ხმა:
"დედაშენს შევპირდი!"

მოწყვეტით ჩავემხე ბალახებში და მკვდარივით ჩამეძინა. ჩემგან რამდენიმე ნაბიჯზე კოკისპირულად წვიმდა.

. . .

დედა არ მახსოვდა. არ ვიცი როგორ და რატომ გარდაიცვალა, მამას მასზე არასოდეს უსაუბრია. მისი სახელის ხსენება თითქოს აკრძალული იყო, ტაბუ ედო. სიმართლე ვთქვა, მუდმივ მივლინებებში ჩაკარგულ მამას ისე იშვიათად ვხედავდი, მშობლის აღქმასაც ვერ ვასწრებდი. ბავშვობა მამიდასთან გავატარე, სოფელში.არავის ვგონებივართ დედა-შვილი, მე ნახშირივით შავი, შავთვალა ვიყავი, ი ს კი დედაჩემივით თეთრი და ცისთვალა. ხასიათითაც არაფერი გვიგავდა ერთმანეთს და მაინც, ამქვეყნად ყველაზე უკეთ მას ესმოდა ჩემი. ყოველთვის ესმოდა ჩემი. ბავშვობაში ზოგჯერ მეგონა რომ ჩემი აზრების კითხვაც კი შეეძლო და როცა რაღაც დანაშაულს ჩავიდენდი, ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა. ის მაინც ხვდებოდა

როგორი მახსოვს მამიდა... არანორმალური, ე.წ “მამალი ქალი” იყო. ასეთს სხვას არავის შევხვედრივრ. სოფლელებს უყვარდათ, მაგრამ ერიდებოდნენ და ეშინოდათ მისი. ზედმეტად პირდაპირი, უკმეხი და თავისი სიტყვის უკიდურესად გამტანი იყო. ზუსტად იცოდა, ვისთვის რა უნდა ეთქვა, რომ გაეჩუმებინა. ოჯახი არ შეუქმნია. ზოგჯერ მგონია რომ არც უფიქრია ამაზე. ის და დედაჩემი საუკეთესო მეგობრები იყვენენ, ერთად ატრიალებდნენ თეფშებს, ერთად იხედებოდნენ ყავის ნალექში და ათასგვარ მკითხავებთან თუ მჩხიბავებთან დადიოდნენ. დედა საშინლად ცნობისმოყვარე ყოფილა, უნდოდა წინასწარ სცოდნოდა თავისი მომავალი, ეყოლებოდა თუ არა ბიჭი. ამბობდნენ, რომ მამიდაჩემი ჩემს მშობლებს მას შემდეგ დაემდურა, რაც გაიგო, რომ დედამ რამდენიმე აბორტი გაიკეთა, ისე არ უნდოდათ მათ გოგოს გაჩენა. ბედმა მაინც ისე ისურვა, რომ არა და არ ეყოლათ ბიჭი და ასე გამაჩინა ბოლოს ისევ გოგო-მე, ჩემს მშობიარობას კი თან გადაჰყვა.

მამიდამ მაშინვე ყველაფერი მიატოვა და სოფელში გადასახლდა. ჩემი აღზრდაც მან ითავა და როცა სკოლის ასაკი მომივიდა და მამაჩემმა ჩემი თბილისში წაყვანა გადაწყვიტა, სწორედ მაშინ მოსვლიათ საბოლოო კონფლიქტი. ისეთი საშინელი კონფლიქტი, რის შედეგადაც მამიდას საერთოდ შეუწყვეტია მასთან კონტაქტი.

არ უნდოდა მამიდას ჩემი გაშვება.

აღარც მე ჩამოვსულვარ წლების განმავლობაში.

იმ ღამეს კი, ჯგუფელებთან ერთად ექსკურსიიდან დაბრუნებისას გზად ჩემს სოფელზე გავიარეთ. ნაცნობი ადგილების დანახვისას უცებ შემომიღიტინა სულში ბავშვობამ, უცებვე გავაჩერებინე ავტობუსი და მამიდასაც მოჩვენებასავით გამოვეცხადე.

კინაღამ ჭკუიდან შეიშალა სიხარულით...

უცნაური სიხარული და სიყვარული იცოდა...

უცნაურადაც გამოხატავდა...

და ასევე უცნაურად აღმოვჩნდით იმ ღამით სოფლის განაპირა გორაკზე.

არ გამკვირვებია... მხოლოდ ახსნას ველოდი.

. . .

იმ ღამით ციცინათელები მესიზმრა. მერე მახსოვს, სიზმარში ავდექი და ბოლომდე ავუყევი აღმართს. იქ სიპებისგან გაკეთებული ნიში დამხვდა.

. . .

პირველი, რაც გამოღვიძებულმა შევიგრძენი, ტუჩებზე შერჩენილი სველი ბალახის გემო იყო. რა გასაკვირია, მთელი ღამე პირქვეჩამხობილი ვეგდე.

იდაყვებზე წამოვიწიე თუ არა, დამაცემინა.

- ფუ რა ასფალტის ბავშვი ხარ -, მომესმა ზურგსუკან.

მივბრუნდი გაბრაზებული და მის გულგრილ მზერას წავაწყდი. სახეზე ეწერა, რომ ჩემი საშველი არაფერი იყო.

- აღარ არის დრო ამიხსნა? -, ახლადამოწვერილ მზეს შევხედე და სველი ქურთუკი გავიძრე.
- მე დედაშენს შევპირდი -, იყო უცვლელი პასუხი და მეტი აღაც მიკითხავს, პირდაპირ წამოვჯექი და გორის აღმართს ავუყევი.

კისრისტეხით გამომეკიდა და შეშლილი სახით გამაჩერა.

თვალებში ჩავხედე და შევანიშნე ჩემს უკან არსებული ნიშის ანარეკლი.

მაშინვე ყველფერს მივხვდი.

მამიდაც მიხვდა, რომ მივხვდი და ისევ ცისფერი სიბრალულით დამიწყო ცქერა.

მამიდა ბავშვობაში ხშირად მიყვებოდა ერთ ზღაპარს, თუ ლეგენდას ჩვენს სოფელზე, სოფლის სალოცავზე და სალოცავთან დაკავშირებულ საიდუმლო ტრადიციაზე.

ჩვენს ქალებს ფარული ჩვეულება ჰქონიათ. ყოველი გოგონა, რომელიც 15წლის გახდებოდა, ღამიტ, სოფლის ბოლოში, გორაკზე მდებარე სალოცავთან აჰყავდათ და ღამით სულ მარტოს ტოვებდნენ. ამბობდნენ, რომ იმ გორაკის მეორე ბოლოს, კლდეებში პარალელური სამყარო არსებობდა,თუ გოგონა დაიცავდა პირობას, რომ ნიშს იქით არ გადავიდოდა, მას სალოცავი ფარულ ნიჭს გაუხსნიდა, ან თავის ბედს აჩვენებდა. სალოცავი აგებული იყო ცა - ღრუბელთ გამრიგე ღვთაების "დამასტეს" სახელზე და იქ ქალს ფეხის დადგმა ეკრძალებოდა. სოფლის დედაკაცები მკაცრად ინახავდნენ ამ საიდუმლო ტრადიციას კაცებიგან დაფარულად. იყო შემთხვევებიც,როცა ცნობისმოყვარე გოგონებს სალოცავი გადაულახავთ მაგრამ ზოგი მათგანი გაგიჟებულა, ზოგიც გარდაცვლილა, ზოგიც კი უკვალოდ დაკარგულა. ერთი მათგანი კი ერთი დღე-რამე არ გამოჩენილა, შემდეგ კი დაბრუნებულა სულ მთლად გაჭარარავებული და დამუნჯებული. არავინ იცოდა, რა იხილა მან კლდეებში. სიცოცხლის ბოლომდე სიტყვა არ უთქვამს და ბოლოს ვერაფრით რომ ვერ დაუტევია ნანახი, თავი მოუკლავს.

ეს არცთუ ისე მხიარული ისტორია ზღაპარივით ჩამრჩენოდა გონებაში. არ ვიცი მამიდა რატომ მიყვებოდა მას ყოველი დაძინების წინ, რატომ სურდა მე ის კარგად დამემახსოვრებინა.

ნიშის დანახვისთანავე ყველაფერს მივხვდი.

დამასტეზე ვიყავით.

ის ქალი კი დედაჩემი იყო.

მე იმასაც მივხვდი დედაჩემმა კლდეებს იქით რა... კი არა,და... ვინ ნახა?.. რამდენი ნახა?.. როგორები ნახა?.. და რატომ ვერ დაიტია?

მამიდა დიდხანს იჯდა ბალახზე სიგარეტით, დიდხანს მიცქერდა ცისფერი სიბრალულით და ბოლოს თავი გააქნია.

"დაგიგვიანდა მოსვლა. მთელი ღამე გეძინა".

მე თავი დავუქნიე და ჩუმად წამოვდექი. ბილიკიც უხმოდ ჩავათავეთ და უხმოდვე მივედით სახლამდეც. ბარგიც ისე შევკარი, არაფერი მითქვამს და მხოლოდ მაშინ, როცა ორღობეებს შევუყევი, მისი შეკივლება გავიგონე. იმ წამსვე მივხვდი, რომ მამიდასაც ჰქონდა დამასტეზე ღამე გათენებული, მოთმინების გამოცდაც წარმატებით ჩაებარებინა და სასურველი ნიჭიც მიეღო.

მამიდა მართლა კითხულობდა აზრებს.

არც მე მძინებია იმ ღამით.

და რა წამსაც ორღობეებშის ეს გავაანალიზე, მამიდამაც უკვე იცოდა

. . .

ახლა კი ვცხოვრობ ჩემი უჩვეულო ნიჭით და აღარ ვიცი რა სჯობდა-ცნობისმოყვარეობამოთოკილი საკუთარ ჯილდოს დავესაჯე, თუ დედაჩემივით სიგიჟის სასჯელს გავეთავისუფლებინე. ალბათ მეც მისი სასჯელი ვარ, ალბათ დამასტეზე თავისი ხელით მოკლულ ჩემს დებთან ერთად ჩემი მომავალიც ნახა. პირველად ამაზე მაშინ დავფიქრდი, როცა მივლინებიდან დაბრუნებულ მამას შევამჩნიე ცისფერი ნათება და ის სამ დღეში მოკვდა. შემდეგ ამას მოჰყვა მეზობლის ბიჭის ცისფერი ნათება და მანაც სამ დღეში ავარიით დაასრულა სიცოცხლე. ასე გაგრძელდა ჩემს კლასელებზე, ნათესავებზე, უბრალო ნაცნობებზე და უცნობ ადამიანებზეც კი, ვისაც სიკვდილი ელოდა. მე წინასწარ ვხედავდი, ვინ უნდა წასულიყო, ვხედავდი და ვიტანჯებოდი.

მაშინ კი, ცხელი, ცხელი ზაფხულის გავარვარებული ღამეს, როცა პირველად ვუღალატე ჩემს ჩვევას და დილის მაგიერ, შუაღამით, მაშინ,როცა ირგვლივ ყველა სულიერი სიზმრის ბურუსში იყო გახვეული, სამყაროს საცქერლად სახლიდან გავედი.

იმ დღეს, როცა ჭრიჭინობელებმაც კი უღალატეს ჩვევას და დილიდანვე ამღერდნენ, კარის ზღურბლის გადაბიჯებისთანავე მოვიხსენი თვალებზე აკრული მამიდასეული ხილაბანდი, რომელსაც სამი დღის მანძილზე ვატარებდი და პირველი, რაც შევიგრძენი, სრული სიჩუმე იყო. ისეთი სიჩუმე,პირველი თოვლის მოსვლისას რომ იცის. ისეთი სიჩუმე, როგორიც მხოლოდ მთამ იცის. ისეთი სიჩუმე,როგორიც მხოლოდ ადამიანთა ფეხდაუდგმელმა, საკრალურმა ბილიკებმა და სალოცავებმა იციან.

და ყველაფერი ცისფერი იყო… სიბნელეში ჩაძირული ხეებიც, ცაც, ჰაერიც კი.

"სამყაროს აღსსასრულიც დამდგარა-თქო", - გავიფიქრე და გული დამწყდა, რომ ამასაც მოვესწარი. თუ სამ დღეში ქვეყნიერების აღსასრული უნდა მოვიდეს, ყველაფერს ის სჯობს, წავიდე და მამიდა ვნახო, - დავასკვენი და იმ დღესვე ჩავაკითხე სოფელში.

მამიდა დიდხანს,ძალიან დიდხნს იდგა უხმოდ და გაოცებული მიყურებდა თვალებში. პირველად ვნახე ის დამუნჯებული…

. . .

სოფელში დიდხანს დადიოდა ჭორად, მამიდამ მიცვალებულ ძმიშვილს სახეზე სუდარა არ გადახადა, მაგრამ ჭირისუფლებმა მაინც შეამჩნიეს, შავტუხა გოგოს, შავი თვალებით რომ დაიბადა, კუბოში მწოლიარეს როგორი არამიწიერი, ცისფერი თვალები ჰქონდაო...

/ნინო ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment